14:57 14.01.2021
უცხოური პრესა - ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირი ინგლისური ენისგან უნდა გათავისუფლდეს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian»), უცხოურ პრესაში დაბეჭდილი მასალების მიმოხილვისას, ყურადღებას აქცევს აშშ-ის გაზეთის «Politico»-ს ევროპულ ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საფრანგეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის კლემან ბონის განცხადებას ეხება. „ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირი ინგლისური ენისგან უნდა გათავისუფლდეს“ - ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას.


საქმე შემდეგში გახლავთ: კლემან ბონის აზრით, ევროკავშირმა უარი უნდა განაცხადოს ინგლისური ენის ყველა სფეროში გამოყენებაზე და მეტი ყურადღება მიაქციოს თავის ოფიციალურ ინსტიტუტებში ევროპული ენების მრავალფეროვნებას.


„ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის (ბრექსიტის) შემდეგ ჩვენი მოსახლეობა ძნელად აღიქვამს იმას, თუ რატომ უნდა დარჩეს ინგლისური ენა ევროკავშირის ენად... მოდით, ისევ ჩვენს ენებზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ფრანგულ ენაზე (იგი თვითონ კარგად ფლობს ინგლისურ ენას). მისი თქმით, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას სამუშაო ენად და დისკუსიებისათვის მხოლოდ ინგლისური ენა აქვს. ეს იმიტომ ხდება,  რომ თავის დროზე ზოგიერთი [ინგლისელი] ჩინოვნიკი კულისებში ინგლისური ენის დომინირებას ცდილობდა და პრიორიტეტს მხოლოდ ინგლისურენოვან ფორმატს აძლევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უბრალო თათბირებიც კი, რომელიც მხოლოდ ფრანგულ ენაზე ტარდებოდა, ინგლისურზე გადავიდა. იმდენად, რამდენადაც დიდი ბრიტანეთი უკვე აღარ არის ევროკავშირის წევრი და ამ ორგანიზაციაში ინგლისურენოვანი მხოლოდ ორი წევრი რჩება - მალტა და ირლანდია, შესაბამისად, დანარჩენებისათვის ინგლისური ენა ოფიციალური აღარ უნდა იყოს.


„უნდა ითქვას, რომ ფრანგი ჩინოვნიკები ყოველთვის ცდილობდნენ ფრანგული ენის დაცვას ევროკავშირში“, - წერს გაზეთი, - კლემან ბონი, რასაკვირველია, იმას არ აცხადებს, რომ ბრექსიტის შემდეგ ინგლისური ენა ფრანგულმა უნდა შეცვალოსო, „მაგრამ ევროკავშირში დღეს უკვე ერთ ენაზე საუბარი შეცდომა იქნება“.


გაისად საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. „პარიზი კონკრეტულ ინიციატივას წამოაყენებს ევროკავშირის სტრუქტურებში ევროპული ენების პოპულარიზების მიზნით. ჩვენ სიფხიზლე გვმართებს ენების მრავალფეროვნების დაცვის საქმეში... მე რასაც ვამბობ, არ ნიშნავს ერთი ქვეყნის არიერგარდულ ბრძოლას საკუთარი ენის დასაცავად. ეს არის ბრძოლა ევროპული ენების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“, - ხაზგასმულია სტატიაში.


წყარო:

https://www.politico.eu/article/brexit-eu-official-language-english-should-stop-speaking-broken-clement-beaune/

https://www.bbc.com/russian/news-55643022

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი