18:51 14.01.2021
გია ვოლსკი - ნაციონალებს ტალახის სროლა სამეცნიერო დონეზე აქვს აყვანილი

ნაციონალებს ტალახის სროლა სამეცნიერო დონეზე აქვს აყვანილი - ამის შესახებ  დღეს რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, მალხაზ გულაშვილის „რეალურ პოლიტიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, არის თუ არა დაპირისპირება  მმართველ პარტიაში. 

 

როგორც გია ვოლსკი ამბობს, დისკრედიტაცია, ცალკეული პიროვნებებისათვის ტალახის სროლა ნაციონალური მოძრაობის  მეთოდია. მისი თქმით, შეუძლია, როგორც მორწმუნე ადამიანმა,  დაიფიცოს, რომ  არ არსებობს არანაირი დაპირისპირება  კალაძესა და გახარიას შორის. "კახა კალაძეს აქვს  ამბიციები გახდეს პრემიერი, იქ გახარიას  არ უყვარს  თურმე კობახიძე, მე თურმე ჩამაჩოჩეს. ყველაზე, ვინც სადღაც მონაწილეობს, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რაც არასწორია",  -  განაცხადა მან და დასძინა, რომ  საზოგადოება ამაში გაერკვევა. 

 

„ეფექტი  აქვს ამ გაშავებას.  ხუთი, თუ მეტი ტელევიზია სადაც უტევენ ერთ ადამიანს და ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას. რეალურად, არის სხვა მიზანი და სხვა ნაღმი ჩადებული - აჩვენონ საზოგადოებას, რომ  დავიდარაბა სკამებზე მიდის.  ეს არის ძალიან ბინძური მეთოდი და ვინც ამ მეთოდებით დადის  პასუხისმგებელი იქნება ისტორიის წინაშე და არ მგონია, ისტორია შემბრალებელი იყოს“, -  განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge ნანა კირცხალია