დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

უცხოური პრესა - ბიძინა ივანიშვილი, ძლიერი ქართველი, პოლიტიკიდან მიდის 15.01.2021 16:39

 

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდ“-ში («Le Monde») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბიძინა ივანიშვილი, ძლიერი ქართველი, პოლიტიკიდან მიდის“ (ავტორი - ფაუსტინა ვინსენტი).


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ყველაზე ძლიერი გავლენის მქონეს და იმავდროულად ყველაზე იდუმალ ადამიანს წარმოადგენს.


ფრანგული გაზეთი მკითხველს ატყობინებს, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა ფრანგული ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო.


„ყველაზე მდიდარი ქართველი, რომლის ცოლი საფრანგეთის მოქალაქეა (თვითონ მასაც ფრანგული პასპორტი ჰქონდა), საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში საქმიანობის გამო იქნა დაჯილდოებული“.


გაზეთი დაუკავშირდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტროს, რათა გაეგო, კონკრეტულად რა სამსახურისთვის იქნა ბიძინა ივანიშვილი დაჯილდოებული, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო - „მის მიერ შეტანილი წვლილისათვის ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, განსაკუთრებით კულტურისა და მეცნიერების სფეროებში“.


აღსანიშნავია, რომ „საპატიო ლეგიონის ორდენი“ მიღებული აქვს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის პოსტი აქვს დაკავებული და მჭიდროდ არის დაკავშირებული მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

 

„ამ ჯილდომ ქართული ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია“, - წერს „ლე მონდი“ და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ციტირებას ახდენს, რომელმაც სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს „ევროპის დემოკრატიულ მმართველთა წრეში გაერთიანება მიულოცა“.


პუბლიკაციაში საუბარია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც, რომელშიც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ოპოზიცია კი თვლის, რომ შედეგები გაყალბდა, ამიტომ ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს დემოკრატიის პრინციპები ძირითადად არ დარღვეულა, თუმცა იდეალური მაინც არ იყო. ოპოზიციურმა დეპუტატებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ პრორუსული „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, რომლებმაც ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.


„მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან 8 წლის წინათ გამოვიდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მან თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობაზე დახარჯა“, - წერს ავტორი. სტატიაში ჩამოთვლილია მისი მეცენატობის აღმნიშვნელი ფაქტები.


„მილიარდერმა მსგავსი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ადრეც გააკეთა, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაბრუნდა. იგი ძალიან ხშირად კულისებიდან მოქმედებდა. მისი გავლენა გამოიხატება მთავრობის წევრებთან ახლო ურთიერთობებით: შინაგან საქმეთა მინისტრი მისი პირადი დაცვის უფროსი იყო, თავდაცვის მინისტრი - მისი შვილის ახლობელი, ჯანდაცვის მინისტრი - მისი ცოლის სტომატოლოგი, მთავარი პროკურორი კი მისი პერსონალური ადვოკატი“, - წერს გაზეთი.


„ის, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და რასაც ქართველები თვალნათლივ ხედავენ - ეს მისი 40 მილიონ ევროდ ღირებული დიდებული სასახლეა, თბილისს რომ ზემოდან გადმოჰყურებს. ასეთი სიმდიდრე და ფუფუნება იმ ქართველებისათვის გამაღიზიანებელია, რომელთა საშუალო ხელფასი 324 ევროს შეადგენს. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ბრალდებას უყენებს, რომ იგი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. მოსახლეობა იმედგაცრუებულია დაპირებების შეუსრულებლობით“.


პუბლიკაციის ავტორი სარგებლობს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყოფილი მინისტრის თორნიკე გორდაძის გამონათქვამებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურებიან.


წყაროები:

https://www.lemonde.fr/international/article/2021/01/12/bidzina-ivanichvili-l-homme-fort-de-la-georgie-se-retire-de-la-vie-politique_6065979_3210.html

https://www.apsny.ge/2021/pol/1610696701.php

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ