დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვინ არის ბუკნარში საგანგებოდ ჩასული ფირუზ წულუკიძე, რომლის ციხიდან დახსნას აჰმედ ჩატაევი ცდილობდა 16.01.2021 00:18

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის უკვე ამოწურული იყო, თუმცა მოულოდნელად ერთმა ჯგუფმა ამ შეთანხმებას უნდობლობა გამოუცხადა და  თქვა, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა. „თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომაშტაბიან აქციას ვაანონსებთ“,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. თუმცა თავად ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი ამბობდა, რომ შეთანხმება შედგა და დაპირისპირება ამოწურულია. ზოგი არც იმას მალავს, რომ ადგილზე ვითარების არევას სხვა რაიონიდან ჩამოსული პირები ცდილობენ, ერთ-ერთ ასეთად კი ბათუმელი მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე სახელდება – რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვია. რა ვიცით ფირუზ წულუკიძის შესახებ, რომელიც ბუკნარში საგანგებოდ ჩავიდა და თითქმის დამშვიდებული ვითარების, ხელახლა გამწვევებას შეუწყო ხელი.

 

რამდენიმე წლის წინ ფირუზ წულუკიძე ოფიციალურად გასამართლდა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თუმცა მუსლიმურ თემში ცნობილია მისი რადიკალური შეხედულებები და კავშირი ტეროტირზმში მხილებულ პირებთან, მათ შორის 2017 წელს ლიკვიდრებულ აჰმედ ჩატაევთან. 2015 წელს საქართველოს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობას საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა ჩატაევმა აუდიო მუქარა გამოუგზავნა და ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენს ქვეყანაში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ჩატაევი ითხოვდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის და აჭარელი მოჭიდავეების გათავისუფლებას – საუბარია თემურ ბახუნტარიძეზე და ფირუზ წულუკიძეზე, რომლებიც სამართალდამცველებმა ერთად დააპატიმრეს, 2013 წლის 13 სექტემბერს.

 

მაშინ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იუსუფ ლაკაევს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. ოფიციუალური ინფორმაციით, მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას უწევდა, ასევე, ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარიძე. დაკავების დროს ლაკაევმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარიძეც.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, იუსუფ ლაკაევი 2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ბათუმში დაკავებული ლაკაევი სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველი პირების სიაში გახლდათ. ამის შესახებ ნათქვამია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ოპერატიული შტაბის მონაცემებში. ლაკაევი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით არის გასამართლებული (უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება). მას რუსი სამართალდამცველები ეძებენ. ცნობილია, რომ ის საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და თურქეთის გავლით სირიაში აპირებდა გადასვლას.

 

როგორც ჩანს, 30 წლის ლაკაევთან ერთად, საეჭვო პირთა წრეში მოხვდნენ თემურ ბახუნტარიძეც და ფირუზ წულუკიძეც. თავის დროზე მათ ამ მიზეზით ქვეყნიდან გასვლის უფლებაც კი არ მისცეს. „საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება“ – ასეთი შინაარსის აუდიომუქარა გამოგზავნა 2015 წელს აჰმედ ჩატაევმა, სადაც ის აიუფ ბორჩაშვილის და ბახუნტარიძე-წულუკიძის განთავისუფლებას მოითხოვდა. ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, ეს ჩანაწერი გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ. და აი, რას ამბობს ბორჩაშვილის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე:

 

„ჩანაწერში ჩატაევი ამბობს, რომ, თუ არ მოხდებოდა მათი განთავისუფლება, საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეექმნებოდათ. ამ ჩანაწერის კონტრტერორისტული ცენტრისთვის გადასაცემად ჩატაევმა მის მეგობარს, ალექსანდრე თალაკვაძეს ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა და უთხრა, კიდევ დაუკავშირდებოდა. ერთი კვირის თავზე მართლაც დაუკავშირდა თალაკვაძეს და პასუხი მოსთხოვა მის მიერ გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით, რაზეც თალაკვაძემ ასევე ტელეფონით მისწერა, რომ ეს საკითხი ასე მალე არ წყდება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. გასაგებიაო, – უპასუხა ჩატაევმა და მას შემდეგ ამ პიროვნებასთან კავშირზე აღარ გამოსულა“, – ამბობს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

 

 

 

წყარო: პრაიმ ტაიმი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ