საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან - საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ჯორჯიან თაიმსს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რაც მათ შორის გამოიხატა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ახლანდელი ვიზიტით მადრიდში.
მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი პარტნიორებისა და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და მზადყოფნა გამოთქვეს ამ მიმართულებით მჭიდრო კოორდინაცია გააგრძელონ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.
„ესპანეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. დ.ზალკანიანმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადების თაობაზე, ასევე საქართველოს მიზნები ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და საქართველოს ხედვებს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. დავით ზალკალიანმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge