დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ყოველ დილით უზმოზე უნდა მიირთვათ ნაკურთხი წყალი, უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თვითონაც დაიპკუროთ და სახლსაც და კარმიდამოსაც ასხუროთ 19.01.2021 01:15


„საპატრიარქოს უწყებანი“ საზოგადოებას ულოცავს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს და ავრცელებს ამონარიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 2005 წლის ქადაგებიდან:


„დღევანდელ დღეს ეწოდება განცხადება უფლისა, რადგან ამ დღეს წმინდა სამება გამოეცხადა კაცობრიობას; ზეციდან გაისმა ხმა მამისა, ძე ღვთისა შევიდა იორდანეში და სულიწმინდა, სახითა მტრედისა, გარდამოვიდა მას ზედა.
ეს არის უდიდესი საკვირველება – ღმერთი, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, მონისაგან, იოანესაგან იღებს ნათლისღებას. ამიტომაც იყო, რომ იოანე ნათლისმცემელი აყენებდა მაცხოვარს და ეუბნებოდა: „ეს მე უნდა მივიღო შენგან ნათლისღებაო“, მაგრამ აქ გამოჩნდა, მორჩილება ღვთისა, მაგალითი მისი თავმდაბლობისა – უფალმა ნათელ იღო თავისი ქმნილებისაგან.
დღეს ჩვენ ვაკურთხებთ წყალს. წყალკურთხევას ეწოდება დიდი აიაზმა. „აიაზმა“ ბერძნული სიტყვაა და „სიწმინდეს“ ნიშნავს. სწორედ ამ სიტყვისაგან – „აგიოს“ – წარმოსდგება აიაზმა და ეს არის, მართლაც, უდიდესი სიწმინდე.
საერთოდ, აიაზმის სასწაულს ვერასდროს მისწვდება და ახსნის ადამიანის გონება. კომუნისტური რეჟიმის დროს ავრცელებდნენ ხმას, რომ სამღვდელოება ვერცხლის ჯვრით აკურთხებს წყალს, ვერცხლს კი აქვს ზემოქმედება წყალზე და ამიტომ არ ფუჭდება იგი. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
ძველ დროში, უმრავლეს შემთხვევაში, წყალი იკურთხებოდა მდინარეებზე (მაშინ სუფთა მდინარეები იყო. ახლა ყველაფერი დაბინძურებულია და მდინარეებში იშვიათად მოიპოვება სუფთა წყალი, რომ იკურთხოს). მდინარეში წყალი ხომ მიდის და მოძრაობს, როგორ შეიძლება მასზე ვერცხლით ზემოქმედება?
თან, წყალკურთხევის დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვერცხლის ჯვრით იკურთხება იგი, ოქროს, თუ ხის ჯვრით. მთავარია, ნაკურთხი ჯვარი იყოს და სწორედ მას აქვს უდიდესი სასწაულებრივი ძალა!
დღეს თქვენ უნდა წაიღოთ ეს წყალი და მთელი წლის განმავლობაში უნდა იმყოფინოთ. გახსოვდეთ, ყოველ დილით უზმოზე უნდა მიირთვათ იგი; ასევე აიაზმით უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენ თვითონაც დაიპკუროთ და თქვენ სახლსაც და კარმიდამოსაც ასხუროთ.
ყოველ საღამოს მამაჩემი ლოცვას რომ წაიკითხავდა, დასასრულ აუცილებლად გვასხურებდა ყველას აიაზმას და მერე მივდიოდით დასაძინებლად. ეს წესი უნდა იყოს ყოველ მართლმადიდებლურ ოჯახში, იგი დიდად შეუწყობს ხელს სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის კურთხევა. ხშირად უნდა აკურთხოთ სახლი. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირის და წმინდა ბასილი დიდის დროს, ყოველთვე აკურთხებდნენ ხოლმე მორწმუნეები თავიანთ საცხოვრისს. თქვენც შესაძლებლობისამებრ უნდა გააკეთოთ ეს.
იორდანეს მადლმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო, რათა ვიყოთ ჩვენ ყველანი ერთსულოვანნი!
ერთსულოვნება აკლია ჩვენს ერს და ღმერთმა მოგვმადლოს იგი, რათა ვიყოთ ერთი სამწყსო უფლის და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი! ამინ!“
 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ