ფანჩატურჩამოშლილები, - ასე უწოდებს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ქართულ ოპოზიციას.
როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, "დაპირისპირება ქართულ ოპოზიციაში და კერძოდ, ბარიერგადალახულებში, თებერვლის მოახლოებასთან ერთად, პიკს აღწევს. აგენტების, ჩამშვებების, გადამგდებების და სულაც ბოზობის და განგრენის ეპითეტებით ერთმანეთის შემკობაც ამის ცხადი ილუსტრირებაა.
ბარიერგადალახული მცირე პარტიების ნაწილის სურვილი პარლამენტში შესვლაზე და თავის თავის დამკვიდრებისათვის პოლიტიკურ ველზე გასაგებია, რადგან, რაც დრო გადის, ისინი ვერ ხედავენ ოპოზიციაში რაიმე რეალისტურ და რაციონალურ სამოქმედო გეგმას, გარდა ბოიკოტის გაგრძელებისა, სანამ ხელისუფლება არ დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს. მაგრამ, თუ ხელისუფლება არ დათანხმდება და ხომ ფაქტია, რომ ვადამდელს მმართველ გუნდში არც კი განიხილავენ, ან საინტერესოა რატომ უნდა განიხილავდნენ, როცა ყველა საერთაშორისო, მათ შორის ევროპის საპარლამენტო ანსამბლეის მონიტორინგის ჯგუფის საბოლოო შეფასებითაც, არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა?!
ამის მერე რა ხდება, პასუხი არა თუ ბუნდოვანია, არამედ, პრაქტიკულად ოპოზიციას არ აქვს, გარდა დაანონსებული საგაზაფხულო აქციებისა და რომლის მსგავსი უპერსპექტივო სცენარიც მათივე მონაწილეობით არაერთი გვინახავს, ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით.
უკომპრომისობა და სიჯიუტე პოლიტიკაში განსაკუთრებით დამაზიანებელია, მით უმეტეს, როდესაც ის უკვე აკვიატების განზომილებაშია გადასული, რასაც თან სდევს კონსპიროლოგიური წიაღსვლებით უხვი გატაცება, განსაკუთრებით ეს ნაცოპოფლანგის იდეოლოგიურ ფლაგმანზე გლავ კანალზე ითქმის.
ჯერ კიდევ ნოემბერში ვპროგნოზირებდი, რომ განსხვავებული წარსულის თუ ინტერესების შედეგად, ამათი მოჩვენებითი იდილია პირველივე შიდა კრიზისზე ხუხულასავით-ჩამოინგრეოდა, რაც მოხდა კიდეც! რა აქამდე ერთმანეთის ცოდვები არ იცოდენ თუ არ ულანძღიად ერთმანეთი?
ხაზარაძე - ელისაშვილის გუშინდელი დებატი რუსთავი 2-ზე, ამ რღვევის კიდევ ერთი დადასტურებაა, ისე დებატის გარდა ყველაფერი იყო და ანტიდებატის ქრესტომატიაშია შესაყვანი.
როდესაც თავიდანვე ისეთ თამაშში შედიხარ, როდესაც ბოლომდე არა გაქვს გააზრებული მისი შედეგები, პოლიტიკური უმწიფრობის და სიბეცის გამოატულებაა. ეს თანაბრად ეხება ყველა იმ პარტიას შემოგდებული ბოიკოტის თემას რომ აწვება ისევ ჯიუტად!
ლუთერისეულ -აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, რწმენის ამ პოსტულატში, მათი ლიდერების დიდი ნაწილი, კიდევ, რომ ჯდებოდეს ცხოვრებისეული კრედოთი, ასეთი ურყევი პოზიცია, რაღაცნაირად კიდევ გასაგები იქნებოდა", - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი