როგორც რუსული მასმედია წერს, დღეს აფხაზეთის მოსახლეობაში უპირველეს სალაპარაკო თემას მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბის ავადმყოფობის ამბავი წარმოადგენს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან ოპონენტებიც კი, - აღნიშნავენ სოხუმელი ჟურნალისტები ანტონ კრივენიუკი, ნიზფა არშბა და ინალ ხაშიგი გამოცემა „კავკაზსკი უზელ“-თან («Кавказский узел») საუბარში.
გთავაზობთ სტატიას სათაურით „ანქვაბის ავადმყოფობამ აფხაზურ საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია“ (მცირე შემოკლებით).
ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი ახალი წლის წინა დღეს - 30 დეკემბერს დაუდგინეს. ექიმებმა მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმედ შეაფასეს და პაციენტი მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა გაურთულდა და იგი18 იანვარს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმში გადაიყვანეს.
აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი დარწმუნებულია: თუ ალექსანდრე ანქვაბის ავადმყოფობა გაჭიანურდება, მაშინ ასეთი სიტუაცია შიდაელიტურ არასტაბილურობას გამოიწვევს იმდენად, რამდენადაც დაიწყება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა, რომელიც, ალბათ საკმაო ხანს გაგრძელდება, მას მოჰყვება ემოციები და ა.შ. მოკლედ, შესაძლოა შიდაპოლიტიკური ვითარება გაუარესდეს. „გაუგებარია, რას აკეთებს თვითონ პრეზიდენტი ასლან ბჟანია და საერთოდ, მუშაობს თუ არა იგი? გამოდის, რომ დღეს აფხაზეთის მთავრობას „გამწევი მუშა ცხენი“ აღარ ჰყავს“, - ამბობს ანტონ კრივენიუკი. იგი თვლის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაგებით ეკიდება იმას, რომ ალექსანდრე ანქვაბი რუსეთში მკურნალობს, სოხუმში რომ დარჩენილიყო, მისი მდგომარეობა უფრო უარესად იქნებოდა. „18 იანვარს აფხაზეთში ხმები გავრცელდა, თითქოს ანქვაბი გარდაიცვალაო, მეც მეკითხებოდნენ, რამდენად ნამდვილი იყო ეს ამბავი. ალექსანდრე ანქვაბს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ პიროვნული და ცხოვრებისეული მიზეზითაც. სწორედ ისინი გახდნენ ამ ჭორების კატალიზატორები. ჯერჯერობით ხმები არ დადასტურებულა, ვიცით მხოლოდ ის, რომ პრემიერის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა... იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ალექსანდრე ანნქვაბია აფხაზეთის მმართველი. მე არ მესმის ასლან ბჟანიას პოლიტიკა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იგი საერთოდ არ არსებობს. გამოდის, რომ მან თავისი ამბიციები დაიკმაყოფილა და ახლა ნეტარებაშია, „კაიფობს“. სხვათა შორის, მისი მოქმედება სრულიად შეესაბამება დღევანდელ აფხაზური ცხოვრების წესს - ელოდება, როცა რუსეთი ფულს გამოუყოფს და როცა მიიღებს, მაშინ გამოცოცხლდება“.
ანტონ კრივენიუკი აფხაზეთში არსებულ სიტუაციას „ჩიხში შესულად“ მიიჩნევს, საიდანაც გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია: „შესაძლოა ასლან ბჟანიას ესმის ეს ყველაფერი, ამიტომ მან პროცესები მიუშვა. მან მართვის ბერკეტები ალექსანდრე ანქვაბს და ფინანსთა მინისტრს ქრისტინა ოზგანს გადასცა. არიან მაინც ისეთი ადამიანები, რომლებიც არანორმალურ პირობებში რაღაცას აკეთებენ“, - ამბობს ანტონ კრივენიუკი.
ჟურნალისტ ნიზფა არშბას თქმით, ალექსანდრე ანქვაბის ავადმყოფობის ამბავმა აფხაზურ საზოგადოებაში ყველაფერი გადაფარა - ხალხმა დაივიწყა ელექტროდენის გამორთვები, თოვლი, ხანძარი, კორონავირუსი და ყველა პრემიერ-მინისტრზე ლაპარაკობს. ადამიანები მასზე საუბრობენ სახლში, ქუცაში, ტაქსში... მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, მართალია თუ არა მისი სიკვდილიო, პირდაპირ ქვითინებდნენ. ისინიც კი, ვინც მისი ოპონენეტები არიან... ალექსანდრე ანქვაბი აფხაზებისთვის, ყველა მისი შესაძლო ნაკლის მიუხედავად, მაინც ისეთ ძველ, გამოცდილ პოლიტიკოსს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მთას, დიდ ლოდს შევადაროთ... მოსახლეობა ეკლესიებში მისი სიცოცხლის გადასარჩენად სანთლებსაც ანთებს“.
„მე პირადად ალექსანდრე ანქვაბის საქმიანობას ბევრს საკითხში არ ვიზიარებ და ვაკრიტიკებ. დიდი ხანია მას ვიცნობ და ერთი წელია უთანხმოების გამო აღარ ველაპარაკები. მაგრამ ცრემლები წამომცვივდა, როცა მისი ვითომდა გარდაცვალების ინფორმაცია გავიგე. საბედნიეროდ, ის ფეიკი აღმოჩნდა. ალექსანდრე ანქვაბთან შეიძლება სხვადასხვანაირი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი უკანასკნელი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, ვისთანაც ნორმალური ლაპარაკი შეიძლება. როცა იგი აღარ იქნება, აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულება გაუარესდება“, - თვლის ნიზფა არშბა.
აფხაზური გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგიც ადასტურებს, რომ ალექსანდრე ანქვაბი მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს:
„18 იანვარს ყველა წუხილით ლაპარაკობდა მის მდგომარეობაზე, სანამ ტელევიზიით განცხადება არ გაკეთდა. ამ ფაქტმა აჩვენა, თუ რაოდენ დიდი სახელით სარგებლობს ანქვაბი აფხაზურ საზოგადოებაში. მას პატივს სცემენ როგორც მომხრეები, ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.
გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ კორონავირუსმა აჩვენა, თუ რაოდენ ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ხალხი სამკურნალოდ რუსეთში და საქართველოში დადის. ბოლო დროს მათ, ვინც საქართველოში მკურნალობს, იმდენად აღარ გმობენ და არ აკრიტიკებენ, როგორც ადრე. ორი-სამი წლის წინათ კი ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დადიოდნენ, მალავდნენ იქ ყოფნის ფაქტს, რომ არავის საყვედური არ ეთქვა“, - ამბობს ინალ ხაშიგი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/358835/
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი