დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნინო ლომჯარია - საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს 20.01.2021 13:50

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ის რაზეც საუბრობს, ცნობილია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც.

 

„მათი მართვის და გავლენის ქვეშ მყოფ კრიმინალებს უპირისპირებს პენიტენციური სამსახური ადამიანის უფლებების დამცველებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და ეს არის აღმაშფოთებელი. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ადამიანებმა სამართლებრივად აგონ პასუხი.

 

ის, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, ყველასთვის ცნობილია, ცნობილია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც, მე მქონია მათთან არაერთი საუბარი პირადად, მაღალი თანამდებობის პირებთან, მათთანაც ვინც ამაზე არიან უშუალოდ პასუხისმგებლები, ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს აღიარებს და დღეს ჩვენ მოვედით იქამდე, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს წაქეზებით, კრიმინალებს უპირისპირებენ სახალხო დამცველს. რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, იქ იყო შექმნილი საკმაოდ დაძაბული ვითარება, ფიზიკურ შეხებას ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, თუმცა, რეალური განცდა საფრთხის ჩემს წარმომადგენლებს და თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, გვაქვს. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, როცა ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ სხვა პატიმრებთან კომუნიკაციაში შესვლას, იქ მყისვე ჩნდებიან ისინი და იძულებულნი ხდებიან მათ შეწყვიტონ ჩვენთან კომუნიკაცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

 

კითხვაზე, აქეზებს თუ არა ამ ყველაფერს ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ომბუდსმენი პასუხობს, რომ კი.

 

„დიახ რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიწყო შარშან ამ დროს, როცა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ამ ძალიან მავნე პრაქტიკაზე ვსაუბრობდით, იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები ამ ბრალდებებზე, ჩაიდინა კანონდარღვევები და მას შემდეგ საჯაროდ არაერთგზის დასხმია თავს სახალხო დამცველს და ამ ინსტიტუტს როგორც ქალბატონი ყოფილი მინისტრი, ასევე პენიტენციური სამსახური თავისი ოფიციალური განცხადებებით. მე არ ვამბობ, რომ მან შექმნა ეს სისტემა, მას დახვდა ნამდვილად ეს სისტემა, მაგრამ პირველად იყო, რომ საჯარო განცხადებებით მან ნაცვლად იმისა, რომ უარყოფა გაეკეთებინა ან დაეგმო მსგავსი პრაქტიკა, მან დაადანაშაულა სახალხო დამცველი და პრაქტიკულად გამოაცხადა ბრძოლა სახალხო დამცველის წინააღმდეგ და ამის გაგრძელებაა ის, რომ ციხის ადმინისტრაციები თავადაც აქეზებენ ამ პატიმრებს, რომ ხელი შეგვიძალონ, გადმოვიდნენ მუქარებზე,"- განაცხადა ლომჯარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ