დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უცხოური პრესა - ნატოსთან მიმართებით ვაშინგტონი თბილისს მხოლოდ დაპირებებით გამოკვებავს 21.01.2021 16:52

სანკტ-პეტერბურგის გამოცემა „ფონტანკა“ («Фонтанка») აქვეყნებს მასალას სათაურით „სერგეი ლავროვს შეიძლება ვუთანაგრძნოთ: აშშ-რუსეთის ურთიერთობა გაუარესდება“, რომელშიც მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივაა განხილული ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.


გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:


„ჯოზეფ ბაიდენი უკვე შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებას. სახელმწიფო დეპარტამენტს მაიკ პომპეოს ნაცვლად ენტონი ბლინკენი უხელმძღვანელებს, პენტაგონში კი ლოიდ ოსტინი იქნება ყველაფრის გამგებელი. მათ უკვე მოახსენეს კაპიტოლიუმს (აშშ-ის კონგრესს), თუ როგორ უყურებენ ისისნი რუსეთს და მის როლს მსოფლიოში.


„ფონტანკის“ კორესპონდენტი ნიკოლაი ნელიუბინი  ესაუბრება ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ამერიკანისტ დიმიტრი სუსლოვს. იგი ამბობს, რომ უახლოესი ოთხი წელი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში ძალიან რთული იქნება, წინა წლებზე უარესი: „ამ მხრივ შეიძლება ჩვენს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს სერგეი ლავროვს და სერგეი შოუგუს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ“, - ამბობს ექსპერტი.


- ენტონი ბლინკენს კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას უკრაინის შესახებ არაფერი უთქვამს, საქართველოზე კი თქვა, რომ „თუ საქართველოს მსგავს ქვეყანას შეუძლია წევრობის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და თუ მას წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში, მაშინ მისთვის ნატოს კარი ღია უნდა იყოსო“. გამოდის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში კავკასია ისევ „ცხელი“ იქნება, რადგან აქტიური მოთამაშეების რაოდენობა მატულობს...


- ვფიქრობ, რომ საქართველოს მისამართით ბლინკენმა რაც თქვა, ეს მხოლოდ „ლამაზი სიტყვისთვის“ განაცხადა. საქართველო, პრინციპში, ამერიკისთვის უფრო ნაკლებ პრობლემური ქვეყანაა, ვიდრე უკრაინა, მათ შორის ნატოში გაწევრიანების საკითხშიც - ყირიმისა და დონბასის გამო. კაცმა რომ თქვას, დღეს საქართველოში „ცხელი ომი“ აღარ მიმდინარეობს, უკრაინის ტერიტორიაზე კი კონფლიქტი არ ჩამქრალა. რუსეთის უკრაინასთან დაპირისპირება უფრო ინტენსიურია, ვიდრე საქართველოსთან. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის ამისთვის მზად იქნება. ეს ტრადიციული ამერიკული მიდგომაა ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროიდან. რუსულად რომ „ვთარგმნოთ“, ამერიკული მიდგომა ნიშნავს „არასოდეს“. ვაშინგტონი თბილისს მხოლოდ დაპირებებით გამოკვებავს. ამერიკელები დაიწყებენ ლაპარაკს „პრივილეგირებულ პარტნიორობაზე“, „ყველაზე პრივილეგირებულ პარტნიორობაზე“, „უპრივილეგირებულეს პარტნიორობაზე“... იქნება ბევრი ლაპარაკი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე, მის გაღრმავებაზე, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით საქართველოს მიმართ ვალდებულებას თავის თავზე არავინ არ აიღებს...


- გააქტიურდება თუ არა აშშ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით? მაგალითად, მოლდოვასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან?


- ჯო ბაიდენი ყველასთან უფრო აქტიურ რიტორიკას, დიპლომატიას და პოლიტიკას განახორციელებს, ვიდრე ამას დონალდ ტრამპი აკეთებდა, მაგრამ ეს მოქმედება გამოხატული იქნება უმეტესად რიტორიკულ-დიპლომატიური სახით. პრაქტიკული რეალური ინსტრუმენტები ამერიკას შეზღუდული აქვს.


- სავარაუდოდ, სერგეი ლავროვს თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ? მას წინ მძიმე წლები ელოდება?


- ნამდვილად ასეა. ჩემი აზრით, უახლოესი ოთხი წელი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ძალიან ცუდი წლები იქნება. ვაშინგტონის გამო რუსეთს ევროპაშიც მანევრების შესაძლებლობა შეუმცირდება. ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში არავითარი „მაკრონის ინიციატივები“ აღარ იქნება.


წყარო: https://www.fontanka.ru/2021/01/20/69712516/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ