14:01 22.01.2021
რუსთაველის  თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

 

„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრის „ფეისბუქ"–გვერდზე.

 

ცნობისთვის: ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. პირველი სეზონი 1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, დავით ერისთავისა და ივანე მაჩაბლის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“.

 

თეატრის ამჟამინდელ შენობას საძირკველი 1898 წელს ჩაეყარა და საზეიმოდ 1901 წელს გაიხსნა.

 

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი (1922-1926 წლები), ალექსანდრე ახმეტელი (1926-1935), მიხეილ თუმანიშვილი (1968-1969), თემურ ჩხეიძე. 1979 წლიდან დღემდე დასის ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი რობერტ სტურუა. 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge