20:55 22.01.2021
«Le Figaro» - ოთხი სტრატეგიული გამოწვევა ჯოზეფ ბაიდენისათვის - თანხმობა უკრაინისა და საქართველოს ფინეთიზაციაზე
„აშშ-ის პრეზიდენტისთვის ყველაზე მთავარ ამოცანებს ამ ეტაპზე შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარება წარმოადგენს - პანდემიის ნეგატიური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროებში, მაგრამ სულ მალე წინა პლანზე წამოიწევენ საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხებიც და ამიტომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ფიგარო“-ში («Le Figaro») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ოთხი სტრატეგიული გამოწვევა ჯოზეფ ბაიდენისათვის“ (ავტორი - რენო ჟირარი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
აშშ-ის პრეზიდენტი ოთხ სტრატეგიული გამოწვევის წინაშე დადგება: ირანის მიერ ბირთვული იარაღის სავარაუდო შექმნა, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება ახალი ბალისტიკური რაკეტებით, ტაივანის დაცვა კომუნისტური ჩინეთისაგან და რუსეთის ოცნება დაკარგული იმპერიის აღსადგენად. ამ გამოწვევებზე რომ რეაგირება მოახდინოს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს დაჭირდება დიდი ჭკუა, უნარი, სერიოზული მიდგომა დეტალების მიმართ და მოთმინება, ანუ ის თვისებები, რომლებიც მის წინამორბედს აკლდა. ირანის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომ ქვეყანამ ყოველწლიურად 120 კილოგრამი ურანი უნდა აწარმოოს და მოიმარაგოს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირანი ატომური ბომბის შექმნას უბრუნდება? ალბათ, ნიშნავს. ირანის რეაქციული ისლამური რეჟიმი ქვეყნის ზომიერ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ადანაშაულებს, რომ მან 2015 წელს ხელი სულელურ გარიგებას მოაწერა, რომელიც ბომბის შექმნის მუშაობაზე შეწყვეტის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ახლა დასავლეთის მოძულე თეოკრატები რევანშის აღებას ცდილობენ. ჰასან რუჰანის პრეზიდენტობის ვადა 2021 წლის ივლისში უმთავრდება. ვინ იქნება ირანის მომავალი პრეზიდენტი, ეს ამერიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. არაა გამორიცხული ქვეყნის ახალი ზომიერი პრეზიდენტი ჯავად ზარიფი იყოს, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგენს.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის პრობლემას, დონალდ ტრამპმა თავდაპირველად თითქოსდა წარმატებას მიაღწია, ისტორიული შეხვედრა ჰქონდა დიქტატორ კიმ ჩენინთან, მაგრამ შემდეგ პროცესი ჩიხში შევიდა. დღეს ფხენიანის რეჟიმი წყალქვეშა ნავებისათვის ახალ ბალისტიკურ რაკეტას ამზადებს, რითაც საფრთხეს უქმნის ამერიკის უსაფრთხოებას.
ჩინეთთან მიმარტებით ჯოზეფ ბაიდენი არანაკლებ ეჭვიანი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპი იყო. ვაშინგტონისა და პეკინის კლინტონის დროინდელი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა და ახლა აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ყველა სფეროში უპირისპირდებიან. უბედურება იმაშია, რომ დრეს ამერიკის მდგომარეობა არასახარბიელოა, ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება თანდათან სუსტდება და სულ მალე მსოფლიო ლიდერობას ხელში ჩინეთის კომუნისტური დიქტატურა ჩაიგდებს. ვაშინგტონმა დროულად ვერ შენიშნა, რომ პეკინმა ორი საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია - პირველი ის, რომ მან 1997 წელს პირობა დადო არ შეეზღუდა ჰონკონგის ლიბერალური სისტემა, დღეს კი პირიქით აკეთებს, დემოკრატიას ზღუდავს და თავის ნაბიჯს იმით ამართლებს, რომ ჰონკონგი ჩინეთის ტერიტორიას წარმოადგენსო. მეორე - პეკინმა ასევე ივალდებულა არ განეხორციელებინა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე დაუსახლებელი რიფული კუნძულების მილიტარიზაცია, მაგრამ პირობა დაარღვია. ვინ არის იმის გარანტი, რომ ჩინელი კომუნისტები ერთ მშვენიერ დღეს ტაივანის ძალით ხელში ჩაგდებას არ მოისურვებენ - იმ ტაივანისა, რომელიც დასავლური დემოკრატიის ნიმუშია აზიაში? ტაივანი, რასაკვირველია, ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვას შეეცდება, მაგრამ რას იზამს აშშ? ეს ჯო ბაიდენმა უნდა გაითვალისწინოს.
რუსეთთან მიმართებით ამერიკის პოლიტიკას გარკვეულობა და რეალიზმი აკლდა. ჯო ბაიდენს მოუწევს გამოაცხადოს, რომ იგი მტკიცედ ერთგულია ნატოს წესდების მეხუთე მუხლისა, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, ანუ აშშ-ის დახმარებას ნატოს წევრ იმ ქვეყნისადმი, რომელსაც თავს დაესხმებიან. ვაშინგტონს მოუწევს იმის აღიარებაც, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიზანს არ ამართლებს. სიბრიყვე იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ხვალ რუსეთში ოპოზიცია გაიმარჯვებს და იქ ლიბერალური პროდასავლური რეჟიმი დამყარდება. დასავლეთი ტყუილად ხარჯავს დროს რუსეთისათვის „ლექციების ჩატარებაზე“ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში: რუსეთი რომ ოდნავ მაინც გადახაროს თავისკენ, დასავლეთს ვაჭრობის გაფართოება და დიპლომატიური კომპრომისები მოუწევს (მაგალითად, თანხმობა უკრაინისა და საქართველოს ფინეთიზაციაზე, განიარაღების გაგრძელებაზე, ერთობლივი ბრძოლაზე [რადიკალური] ისლამიზმის წინააღმდეგ).
გარკვეულობა და რეალიზმი - ეს თვისებები არ ჰქონდა არც დონალდ ტრამპს და არც ბარაკ ობამას, მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეს ჯოზეფ ბაიდენს?
მოამზადა სიმონ კილაძე



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge