თუკი პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება ფრაქციებს აქვს, დაგეგმილი ცვლილებებით, ამის შესაძლებლობა პარლამენტის წევრთა ჯგუფსაც ექნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება ექნება არამხოლოდ ფრაქციას ან დეპუტატთა 7-კაციან ჯგუფს, როგორც ეს მოქმედი რეგლამენტით არის დადგენილი, არამედ უბრალოდ, ჯგუფს.
“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარლამენტში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ოპოზიციონერი წევრების კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეებად და სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 25 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე წარედგინება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge