დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რამ შეუყენა წყალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობას და რატომ ვარაუდობენ, რომ იგი რამდენიმე პარტიად დაიშლება! 24.01.2021 22:38

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობას წყალი შეუდგა - სულ მალე ენმ რამდენიმე პარტიად დაიშლება! სააკაშვილი კიევში სულ დორბლებს ყრის თურმე - ეს რა ქენით? ლევან ვარშალომიძეს ნიკა მელია როგორ ამჯობინეთ? მელიამ რა იცის პოლიტიკის? ვარშალომიძეს რომ უარი უთხარით, ამით მე დამარტყით დანა ზურგში, ხომ? თბილისში თავს იმართლებენ: როგორც თქვენ გვითხარით, ისე გავაკეთეთ, უფროსო. ელექტრონული კენჭისყრით კიდევ ეს შედეგი დაჯდა და რა გვექნაო? ასეა თუ ისეა, ნიკანორი ენმ-ის თავმჯდომარე გახდა და მომხდარს ახლა უკვე ვერაფერი უშველის. - ელექტრონული წესით კენჭისყრა იმიტომაც გვინდოდა, რომ მოგეხსენებათ, „ნაცმოძრაობას“ 500 000-მდე მხარდამჭერი ჰყავს. თუ არა ელექტრონული წესით კენჭისყრა, ყველა მათგანის ხმის დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა. ახლა კი ყველას მიეცემა საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს, - თქვა ნიკანორმა კენჭისყრის დაწყების წინ, მაგრამ, ჰოი, იმედგაცრუებავ - 500 000 მხარდამჭერიდან კენჭისყრაში მხოლოდ 20 000-მა მიიღო მონაწილეობა, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა, სინამდილეში, დიდად არ აღემატება 20 000 კაცს.


თავმჯდომარის არჩევნებზე 20 000 ხმაზე მეტს ვერ აგროვებენ, მიტინგებზე და აქციებზე ხალხი ვერ გამოჰყავთ და ეს ნახევარი მილიონი ბიულეტენი საიდან იყრება მათ ყულაბაში - ერთი ეს გამაგებინა და სხვა არაფერი მინდა.
„ნაცმოძრაობის“ რიგებში უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა: რამდენად არის მელიას თავმჯდომარედ არჩევა ლეგიტიმური, როცა მის კანდიდატურას ენმ-ის 500 000 მხარდამჭერიდან მხოლოდ 14 000-მდე ადამიანმა დაუჭირა მხარი, რაც ენმ-ის ელექტორატის 3%-იც კი არ არის. სად არის დანარჩენი 480 000 ადამიანი და ვინმემ იცის, ვის უჭერენ ისინი მხარს?


საინტერესოდ დასმული ისეთი კითხვაა, რომელიც, ალბათ, ძალიან დიდხანს არ მოიხსნება დღის წესრიგიდან. როგორც გამოცდილი და ბევრის მნახველი ექსპერტები ვარაუდობენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობას წყალი აქვს შემდგარი და ის აუცილებლად დაიშლება რამდენიმე პარტიად, ამ პროცესების მაპროვოცირებელი კი შეიძლება ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის ფაქტი გახდეს. ნიკა მელია საკმაოდ ხისტი და იმპულსური, ფეთქებადი ხასიათის ადამიანია, რომელიც არ ერიდება თავისი მოსაზრებების ჯიქურ და მოურიდებლად გამოხატვას. იყო დრო, როცა მას გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა თვით სააკაშვილთანაც. მართალია, მოგვიანებით, ყველაფერი მოგვარდა, თუმცა ბოღმიანი სააკაშვილი მსგავს რაღაცებს არ ივიწყებს და არავინ იცის, სად და როდის გადაუხდის სამაგიეროს ურჩ „ქვეშევრდომს“. საყურადღებო და საგულისხმო ამბად უნდა მივიჩნიოთ მელიას ბოლოდროინდელი ღია დაპირისპირება გუბაზ სანიკიძესთან, რომელიც ამ ინციდენტამდე თემურ ალასანიას და სააკაშვილის განდობილ პირად ითვლებოდა, თუმცა მელია არც ამას მორიდებია და ჯერ ღია ეთერში „მიაჩმორა“, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, კულისებში ცომივით აგუნდავა „ნაცმოძრაობის“ ახლადგამოჩეკილი „გებელსი“ გუბაზი.


არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით უკვე გაჩნდა რამდენიმე „სეპარატისტული“ დაჯგუფება, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ პარტიის სამოქმედო გეგმებთან, მის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ამ შიდა პარტიული დაპირისპირებების შედეგი იყო პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ვერ მოერია პარტიაში მომძლავრებული ოდიოზური ფიგურების ამბიციებს. არის კი ნიკანორ მელია ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დაპირისპირებული ჯგუფების გაერთიანებას და ერთი იდეით შეკვრას შეძლებს?
ვფიქრობთ, რომ არა! გაერთიანება კი არა, მელიამ, თავისი პიროვნული თვისებების გამო, შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს და გააღრმავოს პარტიაში დაწყებული რღვევის პროცესები.


„ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ხვდებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა, „ნაცმოძრაობის“ მთავარი თავის ტკივილი, პარტიის წარმატების მთავარი დამამუხრუჭებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი არა, მიხეილ სააკაშვილია. მათ იციან, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება ვერ ეღირსება, სანამ სააკაშვილს არ მოიკვეთს და მთლიანად არ გათავისუფლდება იმ ძალებისგან, რომლებსაც სააკაშვილთან ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. სააკაშვილიც შესანიშნავად ხვდება, რომ მისსავე პარტიაში მის წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფები არსებობენ, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, თვალის დაუხამხამებლად გასწირავენ მას და თუ მყიდველი გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით მიჰყიდიან. მყიდველი კი სააკაშვილს აუცილებლად გამოუჩნდება. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მყიდველში ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. არა, არა, ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის ყიდვა არაფერში არ სჭირდება, რადგან სააკაშვილი ყიდვის გარეშეც, უფასოდ და უჰონორაროდ, რვა წელია, ბიძინა ივანიშვილს „ემსახურება“, ოღონდ ამის შესახებ თავად სააკაშვილმა არაფერი იცის.

 


ახლაც, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილმა ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი, როცა „ნაცმოძრაობის“ სიით გასული 36 დეპუტატი და მათთან ერთად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 24 წარმომადგენელი აიძულა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ და პარლამენტში არ შესულიყვნენ.
საინტერესოა, ან „ნაცმოძრაობაში“ ან ამ შვიდ ბარიერგადალახულ პარტიაში ერთი ადამიანი როგორ არ აღმოჩნდა, რომ სწორად გაეანალიზებინა და გაეშიფრა, რატომ გააკეთა ეს სააკაშვილმა და რა მოჰყვებოდა მის „ბრძნულ“ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. რას მოიმოქმედებს ნიკანორ მელია - ძველებურად მოუსულელებს თავს აწ უკვე ენმ-ის თავმჯდომარის რანგში და სააკაშვილის რიტორიკას გაჰყვება, თუ გამბედაობას მოიკრეფს და მისთვის ჩვეული პირდაპირობით იტყვის სიმართლეს, თუ რა უბედურება ტრიალებს „ნაცმოძრაობის“ თავს და ვინ არის ამ უბედურების მთავარი ავტორი და შემოქმედი. როგორც იცით, ნიკას მამამ, ბატონმა ანზორმა ბრძანა, ნიკა არ არის ნაცი, ნიკა ქართველიაო. ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობს მამა ანზორი შვილს და რას იზამს ქართველი ნიკა - ისიც „მსოფლიოს მოქალაქე“ სააკაშვილივით გააგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას თუ აქეთ, საქართველოს მხარეს, დადგება.

 

 

 

წყარო: "საერთო გაზეთი"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ