დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გურამ სანადირაძე - ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და გამოიწვია ომი, ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციამ 25.01.2021 00:25

 

გურამ სანადირაძის ბლოგი „უმარტივესი განმარტებები“:

 

 

 

 

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ჩვენთან ზეაღმატებული აღფრთოვანება გამოიწვია. ამასთან, ტელეჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა იმდენად დიდი მოცულობის ინტელექტი და ერუდიცია დაგვაბერტყეს თავზე, რომ აუცილებელი გახდა უმარტივესი განმარტებების გაკეთება.

 

1. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის N 1633 რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და გამოიწვია ომი, დაადასტურა და ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციამ (შემადგენლობა: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილიჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი; იხ. ორიგინალი: http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17681&lang=en&fbclid=IwAR1dwYeIIPGvcwNZXkU39pf_M8sFS2M2rMee6MOzeqUFp-_gZX5v7WBcCHE).

 

ამ ხელმოწერით ტალიავინის კომისიის წყალწყალა დასკვნა ქვის გამხეთქ დოკუმენტად იქცა. და თუ დღეს საქართველოში ვინმე არ იზიარებს ქართული მხარის ბრალს 2008 წლის სისხლიან მოვლენებში, მათ მთელი რისხვა უნდა მიმართონ სწორედ დელეგაციის ზემოთ ჩამოთვლილ  წევრებზე, და არა მათზე, ვინც უბრალოდ ციტირებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ N 1633 რეზოლუციას.

 

2.  ცეცხლის გახსნა და აგრესია ყოველთვის არ არის ერთი და იგივე სუბიექტის მიერ განხორციელებული. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს იმ მიზეზით, რომ პოლონურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა მას (გლაივიცის პროვოკაცია). ანალოგიურად, 1939 წლის ნოემბერში ფინელებმა ცეცხლი გაუხსნეს საბჭოთა ჯარებს (მაინილას პროვოკაცია), რასაც მოჰყვა წითელი არმიის აგრესია. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა:  ცხინვალის ინციდენტი რუსეთს სჭირდებოდა, რათა განეხორციელებინა წინასწარ მომზადებული აგრესია. ცხინვალის ინციდენტი ისეთივე პროვოკაციაა, როგორიც გლაივიცის და მაინილას პროვოკაციები. ასე, რომ დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: აგრესორი არის რუსეთი, ხოლო პროვოკატორი - ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება. როგორც წესი, პროვოკატორი ან აგრესორის მიერ მოსყიდული პირია ან სასარგებლო იდიოტი. ჩვენს შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე მკითხველმა განსაჯოს.

 

3. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს ადამიანის უფლებების დაცვის დიდმა პალატამ დაადგინა: (i) 2008 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში (საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა) რუსული მხარე არ არის დადანაშაულებული კონვენციის დარღვევაში; (ii) 2008 წლის 12-27 აგვისტოს პერიოდში (ცეცხლის შეწყვეტის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ) რუსული მხარე დადანაშაულებულია ქმედებებში, რაც განსაზღვრულია კონვენციის I მუხლით (ადამიანის უფლებების დაცვა), II მუხლით (სიცოცხლის უფლება),  II მუხლის 1 ოქმით (განათლების უფლება), II მუხლის 4 ოქმით (გადაადგილების თავისუფლება), III მუხლით (წამებისა და სხვა ღირსების შემლახავი ქნედებების აკრძალვა),  V მუხლით (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), აგრეთვე წაყენებულია ბრალი, რომ ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა უფლება დაბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე.

 

4. როგორც ვხედავთ, სტრასბურგის სასამართლო არ შეხებია კონფლიქტის არც გამომწვევ მიზეზს, არც საბრძოლო მოქმედებების აქტიურ მხარეს. ამ მხრივ ჩვენთვის რაიმეს ხეირის მომტანს ვერა ვხედავ. სამაგიეროდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებისაა  12- 27 აგვისტოს პერიოდის რუსული მხარის მოქმედებების სამართლებრივი შეფასება. დარწმუნებული ვარ რუსეთი  სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებას არ შეასრულებს. ამას ნუ ველოდებით. სამაგიეროდ, როცა რუსეთი დატოვებს კავკასიას (დატოვებს, აუცილებლად დატოვებს!) და ჩვენ მოგვიწევს განდგომილ ტერიტორიებთან ურთიერთობები (თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ თეთრი ცხენით შევალთ, ძალიან ცდება), აქ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება ძალიან დაგვეხმრება.

 

5. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად დავკარგეთ 1992-94 წლებში (1992 წლის დაგომისის ხელშეკრულება, 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულება). ამ თარიღის შემდეგ ამ ტერიტორიებზე (კოდორის ხეობისა და ახალგორის გამოკლებით) ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ასე, რომ ყველაფერს ნუ ავკიდებთ ნაციონალების ხელისუფლებას. 2008 წელს de facto მდგომარეობამ de jure სახე მიიღო (მართალია, მხოლოდ რამოდენიმე სახელმწიფომ იცნო, მაგრამ მაინც).

 

6. მარტოდ დარჩენილ ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციას აუცილებლად გაუჩნდება ბზარები. მისი ფრაგმენტაცია გარდუვალია. მაგრამ გაუგებარია რატომ მიაჩნიათ იგი პარლამენტის დათხოვნის აუცილებელ პირობად? კი, შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ მისი ალბათობა უაღრესად მცირეა. უფრო მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნება დაიშალოს ფრაქცია-პარტიებად და პარლამენტი ფაქტიურად მრავალპარტიული გახდეს (გავიხსენოთ იტალიის პარლამენტი, სადაც ომის დამთავრებიდან 80-იანი წლების შუაგულამდე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია იყო მმართველი და მის ფრაქციებს შორის იყო გაჩაღებული ბრძოლები, ან ამჟამინდელი იაპონიის პარლამენტი სადაც დღემდე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ზეობს და პოლიტიკური ბრძოლები ამ პარტიის შიგნით მიმდინარეობს). ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარლამენტი იქცევა პოლიტიკური ბრძოლის ველად (პირველად 1995 წლის შემდეგ), რაც არის კიდეც მისი ფუნქცია. ვიმეორებ პოლიტიკური ბრძოლის არენა იქნება პარლამენტი და არა ქუჩა.

 

ისტორიულად, ევროპა-ამერიკაში პარტიები შეიქმნენ სწორედაც საპარლამენტო ფრაქცია-დაჯგუფებებისაგან (მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიების გზა იყო განსხვავებული - ჯერ პარლამენტს გარეთ შეიქმნენ და მერე შევიდნენ პარლამენტში). ეტყობა ჩვენც ამ ბუნებრივ გზას გავივლით დაჩქარებულად და მივიღებთ ჭეშმარიტ პარტიებს. აქამდე არსებული პარტიები ხომ "პატრონ-კლიენტის" ურთიერთობით განისაზღვრებოდა მხოლოდ

 

7. საქართველოში სოციალური აფეთქების (რევოლუციის, ჯანყის) დაანონსება ერთობ უპერსპექტივო წამოწყებაა. სოციალური ჯანყის პრეცედენტი საქართველოს ისტორიამ არ იცის (თუ არსებობდა სოციალური მოტივი, იგი ძირითადად ეროვნულ მოტივებში იფარებოდა). საბჭოთა პერიოდში სახალხო პროტესტის აგორებას ეროვნული შეურაცხყოფა იწვევდა ხოლმე (1924, 1956, 1978, 1989 წლების გამოსვლები). დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ კი ჩვენს ერში საოცარი ინვერსია მოხდა - ეროვნულ მოტივით საპროტესტო გამოსვლები ზეიმით (?!) შეიცვალა. 1993 წლის ოქტომბერში სოხუმიდან გამოქცეულ ქვეყნის ლიდერს პარლამენტმა ოვაცია გაუმართა (თვითმხილველი გახლავართ), ხოლო 2008 წლის მარცხს დიდი ზარზეიმით შევხვდით. დამოუკიდებელ საქართველოში პროტესტი და ხელისუფლების დამხობა მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობით ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რევოლუციის მოსურნე პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ გარიგება უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, რათა დაარწმუნონ იგი ამ წამოწყების სარფიანობაში. ვნახოთ რას იზამენ. გამოცდილება დიდი გვაქვს.

 

8. პარლამენტსგარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები დიდ იმედს ამყარებენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე, აქაოდა წესით არჩევანი ჩვენნაირ ერთგულებზე უნდა გააკეთონო. გასაოცარია, რატომ მიაჩნიათ, რომ ჯეროვან ლაქიობას მხოლოდ ისინი გასწევენ? რა საპარლამენტო ძალები ნაკლები ლაქიები არიან? და საერთოდ საქართველოში პოლიტიკოსობა განა ლაქიობას არ უდრის? წარმატებული ლაქია ხომ იგივე წარმატებული პოლიტიკოსია. ღირსების მქონე პოლიტიკოსია სანთლით საძებნი, თორემ ლაქიებით გატენილი არ არის ჩვენი პოლიტელიტა?  

*      *      *

ამრიგად პარლამენტსგარეთ დარჩენილების პოლიტიკური შანსი უტოლდება ნულს. ჩვენს პარლამენტარებზე დიდი წარმოდგენის არ გახლავართ. მაგრამ პარლამენტსგარეთ დარჩენილებმა სიბრიყვის ყველა შესაძლო რეკორდი მოხსნეს. მათ რომ ოდნავ ტვინი ჰქონდეთ ერთმანეთს უნდა ასწრებდნენ პარლამენტში შესვლაზე. მაგრამ, ეტყობა ღმერთმა გადაწყვიტა მათი დასჯა და ჭკუა-გონება წაართვა. 

 

P.S. ვიტოვებ მცირეოდენ იმედს, რომ ეს განმარტებები მცირეოდენ გავლენას მაინც მოახდენენ ჩვენი ტელეჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ქცევაზე.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ