დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ფრენების აღდგენა ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო - ტურისტული სექტორის გამოწვევები და მოლოდინები 05.02.2021 17:16

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან, ჩვენს ქვეყანაში, რეგულარული ფრენები, ყველა მიმართულებით აღდგა. როგორ იმოქმედა ახალმა რეგულაციამ და რა მოლოდინები აქვთ ამდენი ხნით დაპაუზებულ ტურიზმის სექტორში? ამის გასარკვევად ჯორჯიან თაიმსი“  ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

"ვიზარდ ჯორჯია თრეველისდირექტრი,  რამაზ ბერიტაშვილი:

 

ჩემი აზრით,  ეს გადაწყვეტილება დროული იყო, თუმცა, ზოგადად, სექტორის კეთილდღეობისთვის,  საკმარისი ნამდვილად არ არის.

 

ჩვენი კომპანია ძირითადად ევროპულ ბაზარზე მუშაობს, როგორიცაა, - გერმანია, ავსტრია, შვეიცარია. პირველ ჯგუფს, 20-დან 25-მდე ადამიანს, საქართველოში ჩამოსვლა უნდა, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან, როდესაც საქართველოდან უკან დაბრუნდებიან,  ავსტრიისა და ევროპის სხვა ქვეყნების რეგულაციებით, მათ საკუთარ ქვეყანაში იზოლაცია უწევთ.  


აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ეს ჯგუფები რამდენად შემოვლენ. ვფიქრობ, ევროპაც თუ არ გაამარტივებს შეზღუდვებს, საქმე  ძალიან გართულდება.   ჩემი აზრით, ეს წელი ძალიან რთული იქნება.

 

"იუნიქ ჯორჯიას" წარმომადგენელი -  ბესიკ ჩალიძე:

 

ვფიქრობ, რეგულაციები კიდევ უნდა გამარტივდეს. უნდა გადაიწიოს რესტორნების მუშაობის დრომ. პირადად მე, მაისის თვეში მაქვს ჯავშანი და ვიმედოვნებ, რომ მანამდე ეს რეგულაცია გამარტივდება.

ჩემი აზრით, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციამ.  ხალხი შეშინებულია საქართველოშიც და უცხოეთშიც, აქედან გამომდინარე, 3 წლის წინ რაც იყო, ის სურათი ნამდვილად აღარ იქნება.

 

"გალერი თრეველ თბილისის" წარმომადგენელი  თამარ ქათამაძე:

 

ფრენების აღდგენა, ჩვენს სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის განსაკუთრებით სანუგეშო ინფორმაციაა. სისტემაში უკვე ძალიან ბევრი რეისია  ჩატვირთული. მაგალითად, არაბეთის, პოლონეთის, ათენის, კიევის, ბელარუსიის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინებიც, შესაბამისად იზრდება.


ჩვენი პარტნიორებიც  ძალიან აქტიურობენ. მაგალითად, საამიროებიდან ვებინარები ჩაგვიტარეს, აგვიხსნეს თავიანთი რეგულაციები. რასაც ითხოვენ, ეს არის ტესტი ან აცრა. ვინც მოგზაურობისთვის არის განწყობილი, ამაზე ინფორმირებულია.

 

ფრენების აღდგენის საკითხზე ჯორჯიან თაიმსი“ ტურიზმის ექსპერტ ნატალია ბახტაძესაც ესაუბრა:

 

-   როგორ შეაფასებდით რეგულარული ფრენების განახლების გადაწყვეტილებას?

 

-  ჩვენ გავხსენით ინსტრუმენტი. მეორე საკითხია, ამ ინსტრუმენტის გამოყენება. ქვეყანა ტურისტულად უნდა გაიხსნას და მზად იყოს, რომ ადგილზე ვიზიტორებს შესაბამისი მომსახურებები შეთავაზოს. ფრენების აღდგენა ეს არის დასაწყისი. ცალკე საკითხია, ჩვენ  მოვდივართ თუ არა თანხვედრაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოგზაურობის რეკომენდაციას იძლევიან.

 

-   თქვენი აზრით, არის თუ არა დროული აღნიშნული  გადაწყვეტილება?

 

-  ფრენების აღდგენა ბევრად უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, იმისთვის, რომ ამ სექტორის  გახსნა უფრო ეფექტური ყოფილიყო.

 

ტუროპერატორმა შეიძლება თქვას, რომ დროულია, იმიტომ, რომ ახლა იწყებს ამისთვის მომზადებას, მაგრამ იმისთვის, რომ ფონი შეიცვალოს და ტურისტული მოძრაობა აღდგეს, მათ მინიმუმ წინა წლის დეკემბერში უნდა სცოდნოდათ, როდის გაიხსნებოდა ჩაკეტილი ქვეყანა.

 

-  ტურიზმის სექტორი კრიზისულ მდგომარეობაშია. როგორია პროგნოზი, შეიცვლება თუ არა ვითარება?

 

ახლა ფაქტობრივად  ნულზე ვართ. ნულიდან,  ყველა ვარიანტში ეს მაჩვენებელი მოიმატებს. მთავარია,   ვინ ჩამოვა და როგორი ტიპის მომსახურებაზე იქნება ის ორიენტირებული. ამ ეტაპზე, უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი ვისაც სურვილი აქვთ, რომ ჩამოვიდნენ.

 

-  საქართველოდან უცხო ქვეყანაში ჩასულ მოქალქეებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილზე ხვდებათ უფრო მკაცრი რეგულაციები. ეს ხომ არ შეაფერხებს ტურისტების ნაკადს?

 

- ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირველ რიგში, რა  სურვილიც გვაქვს, არის ის, რომ დიდი ხნის ჩაკეტილობის შემდეგ საზღვრებს გარეთ გავიდეთ. ვფიქრობ, მიუხედავად ყველანაირი შეზღუდვებისა, ქვეყნებს შორის მიმოსვლა მაინც იქნება და ამ პროცესს ვერაფერი ვეღარ დააკავებს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ