21:07 05.02.2021
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის, ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმეში შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსის ბრალეულობაზე ადვოკატი საუბრობს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის ფრედ ვუდროფის ოჯახის ადვოკატმა საქმის ახალ დეტალებზე ექსკლუზიურად ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკასთან“ ილაპარაკა.

 

მაიკლ პულარა, „ქრონიკასთან“ ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსისა და „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის ელდარ გოგოლაძის ბრალეულობაზე საუბრობს. „ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ამ საქმის გამოძიების სურვილი გამიჩინა, იყო ელდარის განცხადება, რომ მკვლელობის დღეს სიბნელე იყო. მე ვნახე აშშ-ის საზღვაო აკადემიის ასტროლოგიის გრაფიკი მკვლელობის ადგილისა და დროის, 8 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათზე სიბნელე ვერ იქნებოდა, მზე არ იყო ჩასული. თუკი სიბნელე არ იყო, მაშინ ელდარის ჩვენება გამოგონილია, იგივე ეხება მარინა კაპანაძის ჩვენებას. თუკი ანზორს არ მოუკლავს ფრედი, მაშინ ელდარი დასაწყისშივე ტყუის. შეკითხვა იმაზე არაა, რამდენად ბრალეულია ელდარი, არამედ რამდენად ბრალეულია ის ამ საქმეში. თუ ვინმეს მოკვლა მინდა, მაშინ მსხვერპლი, მსროლელი და იარაღი ერთ ადგილას, ერთ დროში უნდა დავაყენო. რა იყო ამ საქმეში მიტანის სერვისი - ეს ელდარ გოგოლაძე იყო. ელდარს მიცემული აქვს ჩვენებები იმ დროს, როცა ანზორის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ის 11 წლის განმავლობაში ჩუმად იყო“, - აცხადებს მაიკლ პულარა.

 

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი და „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ელდარ გოგოლაძე დაიბარეს. თბილისის შესასვლელთან მომხდარი მკვლელობის დროს ელდარ გოგოლაძე ავტომობილში ვუდროფთან ერთად იმყოფებოდა. 1993 წელს „სი-აი-ეის“ წარმომადგენლის მკვლელობის საქმეზე 15-წლიანი სასჯელი ანზორ შარმაიძემ მოიხადა, რომელიც გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და ხელახალ გამოძიებას ითხოვდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge