დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მიწასთან ვართ გასწორებულები - ფიტნეს-ცენტრების წარმომადგენლები 06.02.2021 12:10

ფიტნეს-ცენტრების გახსნის თარიღი კვლავ უცნობია.

 

სწორედ ამიტომ ხვალ სხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად აქციას „გაიხსნას ქვეყანა“ ფიტნეს-ცენტრებიც უერთდებიან. როგორც რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სამოქალაქო აქტივისტმა, ,,ურბან გარდენის“ დირექტორმა განაცხადა, ამით ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმა ხელისუფლებას მივაწვდინოთ.

 

,,გუშინ არაერთ ეთერში იყო საუბარი, რომ მწვრთნელები დადიან მომხმარებლებთან და ისე ავარჯიშებენ და ეს არის შავი ბაზარი, რომელიც შეიქმნა. რას ნიშნავს შავი ბაზარი? ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანი, თუ ამით მინიმალურ შემოსავალს იღებს, ამის წინააღმდეგი როგორ შეიძლება ვიყოთ? იქნებ შვილი ჰყავს ვიღაცას მშიერი და ის მწვრთნელი კლიენტმა არ მიატოვა და მიზერული შემოსავალი მაინც შესდის ამით. ძალიან ბევრია ასეთი. მესმის, რომ ვიღაც შეხვედრებზე იცავს საკუთარ ბიზნესს, მე ვიცავ იმ ხალხს რომელიც ჩვენთანაა დასაქმებული. გადარჩება თუ არა ბიზნესი, ამაზე აღარ არის საუბარი, არც მოგებაზე, მიწასთან ვართ გასწორებულები, ელემენტარული პურის ფული რომ მიიტანოს ადამიანმა სახლში, ამაზე ვსაუბრობთ.

 

ჩვენ ვუერთდებით ხვალინდელ აქციას - გაიხსნას ქვეყანა. ჩვენ, ყველანი ვცდილობთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას.

 

რაც შეეხება კერძოდ ჩვენს ინდუსტრიას, არ არის ცნობილი, როდის გეგმავენ ჩვენს გახსნას. ძალიან კარგი პროტოკოლი იყო წინა წელს, რითიც არანაირი კლასტერი არ შექმნილა. თუმცა, მხოლოდ ორი თვე გაგვხსნეს. ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ მაშინ ძალიან თავდაჯერებით თქვა, რომ ჩვენთან რისკი იყო მინიმალური და მართალიც აღმოჩნდა. ეს გვაოცებს, როცა არავითარი რეალური პრობლემა არ არის და მაინც არ გვაძლევენ გახსნის უფლებას“, - აცხადებს ვახტანგ ბარნოვი.

 

მისივე თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც გახსნის საშუალებას არ აძლევენ.

 

,,მაღალი რისკის ადამიანები ისედაც არ დადიან დარბაზში. კვლევებით ჩანს, რომ კოვიდ გადატანილი ადამიანებისათვის ფიზიკური აქტივობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია რეაბილიტაციისთვის. კახა კალაძეს მინდა მივმართო, ასევე პრემიერს და სხვა სპორტსმენებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ერთ დღეს მობრძანდით და თქვენი თვალით ნახეთ, ივარჯიშეთ ჩვენს ფიტნეს ცენტრებში და დარწმუნდით, რომ არავითარი საფრთხე ეპიდ გავრცელების კუთხით იქ არ არის.

 

ჩვენ ხომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ? ერთი ფეისბუქ პოსტი ხომ შეეძლოთ დაეწერათ ჩვენს მხარდასაჭერად. სამ მუშკეტერად წოდებულ ექიმებთან მქონდა პირადი კომუნიკაცია და მათ თქვეს, რომ ვერ ხედავენ განსაკუთრებულ რისკს გახსნაში, თუმცა მაინც არ იხსნება დარბაზები, ეს არის უცნაური. ხვალ უკვე ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი იქნება აქციაზე“, - განაცხადა ბარნოვმა.

ავტორ(ებ)ი : bpn.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ