დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ვინჩესტერი, შაშხანა და „დუბინკა“ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე და მესიჯები, რამაც მოსახლეობა შეაშფოთა 07.02.2021 14:48

წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

 

აქციის პარალელურად ვრცელდება მესიჯები, თითქოს ადგილი, სადაც „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს დაკავშირებულია წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებთან. ამაზე კმენტარს აკეთებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი:

 

„გარკვეული სუბიექტები არ არიან ჩახედული დეტალური კვლევების არსში, მათ მიერ კარგად არ არის შეფასებული და შესაბამისად, არასწორ მესიჯებს გზავნიან მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე, მღელვარებაც არსებობს. ძირითადი ასპექტები, რაზეც აპელირებენ ჩვენი ოპონენტები არის, თითქოსდა წყალსაცავის ტერიტორიაზე არის მეწყრული სხეულები, რომლებიც მოწყდება, ჩაწვება წყალსაცავში და გამოიწვევს 20-30 მეტრიან ტალღას; თითქოს, კურორტ წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს დააზიანებს ეს ჰესი. არავითარ კავშირში არ არის, კურორტ წყალტუბოს ზონა, თავისი მორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობებით, აბსოლუტურად სხვა ზონაში იმყოფება, ვიდრე ეს ნამახვანი და ჟონეთი, სადაც ეს ჰესი უნდა აშენდეს.

არავინ ამბობს, ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლის გარდა, გარემოს დაცვის კუთხით, რა სარგებელი შეიძლება, მოუტანოს ქვეყანას ჰესმა – როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ამ ტიპის ხეობებში, როდესაც მდინარის წყლის ნაკადებზეა დამოკიდებული მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიული პროცესები, როდესაც ხდება წლის ნაკადების დარეგულირება წყლის ნაკადების წყალსაცავების მეშვეობით, ბუნებრივი საფრთხეები 30-50 პროცენტით მცირდება.

დღეს ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტს განვიცდით. ძალიან არ ეწყინებათ იმ მეზობელ ქვეყნებს, საიდანაც ჩვენ დეფიციტური ენერგია შემოგვაქვს, თუ უარს ვიტყვით ჰესების მშენებლობაზე. პირიქით, გაუხარდებათ, რადგან ამ ყველაფრის შეძენა ვალუტაზე ხდება და თუ გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადი განვითარება, ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ამას ჩვენ ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ ჰესის მშენებლობა.

ჰესის მშენებლობა, ოპერირების პროცესი უნდა განხორციელდეს მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული სტანდარტების შესაბამისად. ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება, ძალიან სერიოზული ზედამხედველობითი კომპანიებია ჩართული ამ მშენებლობის პროცესში“, – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ