დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის "ნიშნობა" - დანაშაული, რომელზეც გამოძიება დაიწყო 08.02.2021 20:42

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ არის საუბარი, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

 

„მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გიუნელ მოვლუდმა გაავრცელა. ის წერს, რომ ფოტოზე ასახულია აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის "ნიშნობა". ამასთან, ფოტოზე ჩანს ტორტი, რომელსაც აწერია "ხელის თხოვნისთვის" დამახასიათებელი სტანდარტული სიტყვები. სტატუსის ავტორის თქმით, ისინი ფონიჭალაში ცხოვრობენ. 

 

„ძვირფასო კოლეგებო საქართველოდან, ეს რა არის? ფოტო 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის ნიშნობის ცერემონიიდან. ანუ საქართველოში რაღაცები წესრიგში არ არის. აზერბაიჯანში ნაადრევი ქორწინებები ისეთივე დანაშაულია, როგორც საქართველოში. იმედი მაქვს საქართველოს შესაბამისი ორგანოები ამ (და სხვა მსგავს) საქმეს კონტროლის ქვეშ აიყვანენ.“, წერს გიუნელ მოვლუდი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ