დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა აკავშირებდა ედუარდ შევარდნაძესთან აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს 10.02.2021 13:53

როგორც ცნობილია, ამა წლის 6 თებერვალს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯორჯ შულცი - ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი 1982-1989 წლებში, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New York Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯორჯ შულცის გარდაცვალების გამო: მან თავისი სიკეთით დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასრულებაში“.


გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომლის ავტორი გახლავთ ფილიპ ტაუბმანი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ ბუშის ბიოგრაფი.


„ჯორჯ შულცი რომ არ ჰყოლოდა სახელმწიფო მდივნად, რონალდ რეიგანი ვერ ისარგებლებდა იმ შემთხვევით, როცა 1985 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გახდა: „რეიგანის გარეშე ცივი ომი არ დამთავრდებოდა, მაგრამ ჯორჯ შულცის გარეშე რეიგანი ცივ ომს ვერ დაამთავრებდა“, - იტყვის მოგვიანებით თვითონ მიხეილ გორბაჩოვი.


იმ გარემოებამ, თუ როგორ აღწევდა ჯორჯ შულცი წარმატებას, მისი განსაკუთრებულობა განაპირობა. მას შეეძლო ყოფილიყო „ცივსისხლიანი“, ჯიუტი და მიუწვდომელი, მაგრამ ყოველთვის, როცა კი ვინმესთან დალაპარაკება შეიძლებოდა, იგი ამ შემთხვევას ხელიუდან არ უშვებდა. ყველაფერს, რასაც მისტერ შულცი აკეთებდა, საფუძვლად ადამიანური დამოკიდებულება ჰქონდა. მისი კეთილი ჟესტები და პატივისცემა დღეს თითქმის წარმოუდგენელი და უცნაურიც კი გვეჩვენება, რომლებიც გვაბრუნებს იმ უფრო რბილ დროში, როცა საწამლავი საჯარო დისკურსის ელიქსირს არ წარმოადგენდა.


გავიხსენოთ  ჯორჯ შულცის პირველი შეხვედრა  ედუარდ შევარდნაძესთან 1985 წელს. ცოტა ხნის წინ საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნული ედუარდ შევარდნაძის დებიუტი ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო კონფერენციაზე შედგა. „ჩვენ მასთან ბევრი საკამათო საკითხი გვექნება, მაგრამ იგი კარგი ბიჭი ჩანს“, - უთხრა ერთ დღეს ჯორჯ შულცმა თავის ცოლს, - „მაგრამ იმედი მაქვს დავმეგობრდებით. ჩვენ პირადი მტრობა არ გვჭირდება. უნდა შევეცადოთ მის გამოსწორებას, რომ ეს პრობლემა აღარ იყოს“.


ჰელსინკის ცნობილ დარბაზ „ფინეთში“ 30-მდე ქვეყნის დელეგაცია იყო შეკრებილი. [მოულოდნელად] ჯორჯ შულცმა დოკუმენტები ამფითეატრის ქვედა ნაწილში მდებარე აშშ-ის დელეგაციის მაგიდასთან დატოვა და თვითონ კიბეზე ნელი ნაბიჯით, დინჯად, ბოლო რიგში მსხდომ საბჭოთა დელეგაციასთან ავიდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს პირადად მისალმებოდა. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა, როცა იგი საბჭოთა მინისტრთან მივიდა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა... ყველას ახსოვდა ამერიკისადმი ანდრეი გრომიკოს - ედუარდ შევარდნაძის წინამორბედის  - მრავალწლიანი ცივი დამოკიდებულება და ამ ფონზე ჯორჯ შულცის შეხვედრა ახალ მინისტრთან საკმაოდ ემოციური ხასიათი ჰქონდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა საოცარ კონსტრუქციულ სამუშაო ურთიერთობას მათ შორის.


ათწლეულების შემდეგ, როცა მე მისტერ ედუარდ შევარდნაძესგან ინტერვიუს ვიღებდი მის მშობლიურ თბილისში, საქართველოში, იგი პარკინსონის დაავადების „ტყვეობაში“ იმყოფებოდა და წამოდგომა უჭირდა. ამიტომ თანაშემწეს სთხოვა რაღაც ქაღალდები მოეტანა ჩემთვის. ეს იყო საშობაო ღია ბარათები, რომლებსაც მას ყოველწლიურად უგზავნიდნენ ჯორჯ შულცი და მისი ცოლი შარლოტა! ყოფილი ქართველი მინისტრი ამ ღია ბარათებს ძალიან უფრთხილდებოდა.


ჯორჯ შულცი იყო უკანასკნელთაგანი იმ სახელმწიფო მოღვაწეებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ და პოლიტიკურ ასპარეზზე ომის შემდეგ გამოვიდნენ. რასაკვირველია, იგი არ ყოფილა უშეცდომო და იდეალური ადამიანი, მაგრამ მისი სიკეთე და საღი აზრი, პრაგმატული მიდგომა პრობლემების გადაწყვეტისადმი ჩვენი წინააღმდეგობრივი ეპოქისათვის სამაგალითო უნდა იყოს“.


წყარო: https://www.nytimes.com/2021/02/08/opinion/george-shultz-dead.html?searchResultPosition=1


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ