დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

10 000-მდე კვების ობიექტიდან, დღეისათვის 700-მდე ერთეული მუშაობს - შოთა ბურჯანაძე 11.02.2021 14:39

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სარესტორნო ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა.ობიექტების ნაწილი საერთოდ დაიხურა და ყოველგვარი რესურსის გარეშე აღმოჩნდა. უმუშევრად დარჩა დასაქმებულთა დიდი ნაწილი. მთავრობამ ბიზნესსექტორის მხარდასაჭერად, თანადაფინანსების მექანიზმი აამოქმედა. შეცვლის თუ არა ეს ვითარებას და რა მდგომარეობაშია ზოგადად,  სარესტორნო ინდუსტრია, - ამ  საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსი“  რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, შოთა ბურჯანაძეს ესაუბრა.

 

-    როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში, სარესტორნო ინდუსტრიის მდგომარეობას?

 

-   პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია არამარტო  სარესტორნო, არამედ, ტურისტულ ინდუსტრიაზეც. ქვეყანას, რომელშიც 9 მილიონი ტურისტი შემოდიოდა, 3 მილიარდ ნახევარი დოლარის ბრუნვა ჰქონდა და ეკონომიკის  წილი 8% იყო, ეს ციფრები უბრალოდ, განულდა. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულად სარესტორნო სფეროსთვისაც მნიშვნელოვანი დარტყმა იყო.  ჩვენს სფეროში, დაახლოებით, 10 000-მდე კვების ობიექტია ოფიციალურად დარეგისტრირებული და დღეს-დღეობით, მხოლოდ700-მდე ობიექტი მუშაობს. ამ სფეროში დასაქმებული იყო  250 000 ადამიანი და დღეს მათი 95 % უმრავლესობა უმუშევარია.

 

სამწუხაროდ, რესტორნების დიდი ნაწილი ვეღარასდროს გაიხსნება. ეს არის ის ნაწილი, რომელმაც იჯარით აღებული ფართები დაკარგა, გაკოტრდა ან  უბრალოდ, რესურსი აღარ აქვთ იმისა, რომ თუნდაც გახსნის შემთხვევაში გააგრძელონ ოპერირება.

 

უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ ამ სფეროში დასაქმებული ბევრი პროფესიონალი სხვა სფეროში გადავიდა.


-   რამდენად შეცვლის არსებული ვითარებას მთავრობის მიერ დამტკიცებული თანადაფინანსების პაკეტი ?

 

-    იმ რესტორნებისთვის, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხოთ, გარკვეულწილად, აღნიშნული პაკეტის არსებობა მნიშვნელოვანია. მთავრობამ გარკვეული შეღავათები გააკეთა  როგორც საშემოსავლო გადასახადებთან, ასევე, ქონების გადასახადთან დაკავშირებით. მაგრამ, ესეც, რიგ შემთხვევაში, ბევრი  ობიექტისთვის  დაგვიანებული და არაფრის მომტანია, იქედან გამომდინარე, რომ ისინი უბრალოდ აღარ არსებობენ.

 

რიგ რესტორნებს სუბსიდირება საერთოდ არ შეეხო. ჯერჯერობით, ამ პროგრამით 420 რესტორანი სარგებლობს.

 

ეს  ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სფერომ გადარჩენა შეძლოს.  რესტორნების 95 % იჯარის ქვეშ იმყოფება და თუ დროულად არ შეიქმნება  ოპერირების შესაძლებლობა, მეიჯარეს მეტი შეღავათის გაკეთება აღარ შეეძლება.

 

ასევე, არა პერსპექტიულად გამოიყურება ეს სფერო ფართის გამქირავებლისთვისაც. ის, ვიც იჯარას იხდის, ოპერირების გარეშე ვერც ის შეძლებს შემდეგში გადახდას, აქედან გამომდინარე, ეს  სუბსიდირება სფეროს დახმარებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი ვეღარ იქნება.

 

-    15 თებერვლიდან, როგორც ვიცით, ღია რესტორნები იხსნება. რა არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც ადგილზე მისულ მომხმარებელს დახვდება?

 

-   კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ  პრობლემები არ იქნება. ალბათ, მაქსიმუმ ორ კვირაში შიდა სივრცეებიც გაიხსნება. ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხია, რომ რესტორნებში  მაღალი მობილობა არ  იყოს, რათა კოვიდის გავრცელების პრობლემა არ შეიქმნას. თუ ჩვენ  მობილობას შევზღუდავთ და აღარ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ მინიმალურ  შემოსავალზე იმუშავებს რესტორანი, ამ შემთხვევაში, არც თეორიული და არც პრაქტიკული პრობლემა არ შეიქმნება.

 

-    რა არის საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? როგორია სამომავლო პერსპექტივა?

 

-    სიტუაციის გაუმჯობესებისთვის ერადერთი  გამოსავალია ქვეყნის გახსნა.  იმ შესაძლებლობის გამოყენება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტები, რომლებიც აღრიცხულები არიან, ტურისტები, რომლებსაც აცრა  ჩატარებული  აქვთ,  ქვეყანაში უნდა შემოვუშვათ. არსებობს  ქვეყანაში შემოსვლის სურვილის მქონე ჯგუფები.  ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს  სახელმწიფომ  და კერძო სტრუქტურებმა, რომ შესაძლებელი იყოს ტურისტის შემოყვანა, რომელიც არამარტო სარესტორნო, არამედ ტურიზმის სფეროს გააცოცხლებს და ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას მისცემს.

 

რამდენად დაეხმარება სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული სუბსიდირების პროგრამა მის საქმიანობას? , - ამ საკითხზე, „ჯორჯიან თაიმსის“ კითხვას, აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რესტორან „ზაზანოვას“ დირექტორმა, მარინა სალუქვაძემ ესაუბრა:

 

„რესტორნების 95% გაკოტრებულია. სუბსიდირების პროგრამა არის ბანკში აღებული პროცენტის პროცენტის დაფინანსება. ეს მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერანაირად ვერ დამეხმარება, ვინაიდან, ძირის თანხა ჩვენი გადასახდელია და ბანკი არცერთ თეთრს არ გვპატიობს.

 

გამოსავალს ვხედავ ქვეყნის გახსნასა და ეკონომიკის ამუშავებაში. ფაქტობრივად , ახლიდან უნდა დაიწყო ბიზნესი და ამისთვის არანაირი რესურსი არ არსებობს, თუ არ იქნება იაფი სესხი და იაფი კრედიტები, რა გამოასწორებს ამ მდგომარეობას მე არ ვიცი“, - განაცხადა მარინა სალუქვაძემ.

 

 ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების ფონზე,  მალე, რესტორნებიც განაახლებენ ფუნქციონირებას. მოქალაქეები უკვე ელიან, როდის მიეცემათ ღია და დახურულ სივრცეებში სტუმრობის შესაძლებლობა. რესტორნების მეპატრონეებისთვის კი,  კრიზისულ პირობებში ოპერირება, მთავრობის სუბსიდიის მიუხედავად, კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ