21:33 11.02.2021
"ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

"ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე. ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 2 პირი შეუძლოდ გახდა.

 

"ოცნების" ოფისთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: "სისტემა კლავს!", "ჩვენ არ ვართ კრიმინალები! შეჩერდი ბიძინა!". მდუმარე აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს. "მკაცრად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებას", - აცხადებენ აქტივისტები. მათ სამართალდამცავებს მოუწოდეს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არა შერჩევითი სამართლით. სამოქალაქო აქტივისტებმა ტროტუარზე ასევე დაწერეს:"ქოცების სისტემა კლავს“, „რუსული 9 წელი“, „კობახიძე-გავრილოვი“, „ არჩევნები მოპარულია“, არ შეგარჩენთ!".

 

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge