დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობას წყვეტს? 12.02.2021 16:00

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


დიმიტრი პესკოვმა სერგეი ლავროვის ნათქვამს კომენტარი გაუკეთა.


რუსულ მასმედიაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერვიუმ, რომელიც მას ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა ჩამოართვა. მათი საუბარი ევროკავშირისა და რუსეთის დამოკიდებულებას ეხებოდა, რომელიც ისედაც დაძაბული იყო, ბოლო დღეებში კი უფრო გამწვავდა. ეს მოხდა ახლახანს - მოსკოვში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საქმეთა უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დასრულების შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ „რუსეთმა მოლოდინი არ გაამართლა და თანამედროვე დემოკრატიული ქვეყანა არ გახდა“.


რუსეთ-ევროკავშირის დაძაბულობის ძველი მიზეზები ცნობილია - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას კონფლიქტებში ჩარევა, ბელარუსზე გავლენა, ახლა კი ამ მიზეზებს ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის დაპატიმრება დაემატა.


„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ ევროკავშირი რომელიღაც სფეროში რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადებას აპირებს და ამით რისკებს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიერ დარგებს, მაშინ... მოკლედ, ჩვენ არ გვსურს იზოლირებული ვიყოთ მსოფლიოსაგან, მაგრამ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ - „თუ მშვიდობა გსურს, ომისათვის უნდა ემზადო“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ვლადიმერ სოლოვიოვის იუთუბ-არხის «Соловьев Live»-ს ეთერში.


რადგანაც მინისტრის გამონათქვამს რუსულ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა შეფასებები მიეცა - დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობას წყვეტსო - მასზე კომენტარის გაკეთება მოუხდა პრეზიდენტის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს:


„სერგეი ლავროვის მიერ წარმოთქმული სიტყვების აზრი დამახინჯებულია. რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი არ იქნება. მინისტრის ნათქვამის აზრი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ცვენ გაწყვეტა არ გვსურს, პირიქით - გვინდა ურთიერთობის განვითარება... მაგრამ თუ ევროკავშირი [დაპირისპირების] გზით წავა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მზადყოფნით შევხვდებით. იმიტომ, რომ უარესობისათვის მზად უნდა ვიყოთ“, - განმარტა დიმიტრი პესკოვმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ