დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქართული ეკონომიკა ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის მძევალია - ლევან ქისტაური 15.02.2021 16:29

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი - 16.4 პროცენტით შემცირდა.

 

საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, რომელიც „საქსტატმა“ დღეს გამოაქვეყნა, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. უფრო დეტალურად, აქედან, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ. აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

 

ამის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ეკონომიკური ზრდის განახლებაზე. "2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს; თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს"- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

 

როგორია პანდემიის ფონზე  საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და რაზე მიანიშნებს საქსტატის  მონაცემები? „ჯორჯიან თაიმსს“ ამ საკითხებზე ეკონომისიტი ლევან  ქისტაური ესაუბრა.

 

-   როგორ შეაფასებდით ქართული ეკონომიკის  დღევანდელ მდგომარეობას?

 

-   ეკონომიკაში პრობლემები ნამდვილად არის, როგორც საქართველოში, ასევე, მთელს მსოფლიოში. ეს გამოწვეულია კორონა ვირუსის პანდემიით. ამ შემთხვევაში, ეკონომიკა პანდემიის და ზოგადად, ჯანდაცვის  სფეროში არსებული მდგომარეობის  მძევალია. აქამდე თუ ეკონომიკური პრობლემები, კრიზისების საფუძველი ყოველთვის იყო ეკონომიკური საკითხები: მაკროეკონომიკური, მონეტარული,ფისკალური და ა.შ, დღეს ის შემთხვევაა, როდესაც, ეკონომიკური პრობლემები ეკონომიკაში კი არ არის, არამედ ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, ეს საკითხი ჯერ იქ უნდა მოგვარდეს.

 

ჯანდაცვის სფეროში პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს.

 

1. ვაქცინა, რომელმაც საზოგადოება უნდა დაიცვას.

2. შეზღუდვები.

 

შეზღუდვები, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უნდა გაჩერდეს. ბიზნესი კი ის არის, რაც ეკონომიკას ამოძრავებს. ეს არის პრობლემების საფუძველი.

 

-   „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.4 პროცენტით შემცირდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართული ეკონომიკა კრიზისულ სიტუაციას ვერ უმკლავდება?

 

-     ბოლო 6-7 წელი ექსპორტის ზრდა ყოველთვის უსწრებდა იმპორტის ზრდას. დაახლოებით, 16 %-ით იზრდებოდა ექსპორტი, იმპორტი კი 10-12 %-ით. პანდემიის პერიოდში, ორივე შემცირებულია,მაგრამ, წინა თვეები რომ ვნახოთ,იმპორტი უფრო მნიშვნელოვნად შემცირდა, ვიდრე ექსპორტი. თავისთავად, არც ერთის შემცირება არ არის კარგი, მაგრამ ის ტენდენცია, რომ ექსპორტი უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი (წინა თვეები, რომ ვნახოთ. ამას ხაზს ვუსვამ), მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ეს ნორმალურია.

 

ჩვენთან მთავარი გამოწვევა მაინც  არის ეკონომიკური ზრდის ტემპები, ლარის კურსი და ინფლაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამთავრობო ვალის დონე ძალიან გაიზარდა და 60 %-ს გადასცდა, რაც მაკრო ეკონომიურ რისკებს ზრდის  და არ მგონია, რომ ეს პრობლემები წელს დარეგულირდეს.

 

-   პანდემიამ  დიდი გავლენა იქონია ეკონომიკაზე.  როგორ ფიქრობთ, მდგომარეობის გამოსასწორებლად, სად არის გამოსავალი?

 

-   გამოსავალი  არის შეზღუდვების მოხსნაში. ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის რისკები იზრდება. რომ მოიხსნას შეზღუდვები, შეიძლება დადგეს საკითხი მათი 2, 3 ან 5 თვეში ისევ დაწესების. ამისი პროგნოზირება ჩემთვის ძალიან ძნელია.

 

პანდემია გრძელდება  და გაურკვეველია,  როდის დასრულდება. მიუხედავად ხელისუფლების აქტიური მცდლეობისა, რომ მდგომარეობა შეამსუბუქოს, ჯერ კიდევ გაურკვევლია საქართველოს ეკონომიკის მომავალი. რა იქნება ხვალ, ამის პროგნიზის გაკეთება, ფაქტია, ეკონომისტებსაც უჭირთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ