00:39 16.02.2021
პირველი თებერვლიდან ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა განახლდა

პირველი თებერვლიდან ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა განახლდა. პროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც 0,25-დან 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშია დარეგისტრირებული, დიზელის საწვავის შეძენას საშეღავათო ფასებით შეძლებენ. საწვავზე საშეღავათო ტალონები იმ მფლობელებს გადაეცემათ, ვისაც სასოფლო-სამეურნეო მიწები (საძოვრების გარდა) აქვთ დარეგისტრირებული. პროგრამაში მონაწილეობისთვის მიწის მესაკუთრე უნდა დარეგისტრირდეს გვერდზე –  my.mepa.gov.ge და ვერიფიკაცია გაიაროს. მნიშვნელოვანია რეგისტრაციის დროს ყველა ველი სწორად შეივსოს.

 

თანამესაკუთრეების შემთხვევაში, ტალონების მიღება შესაძლებელია ახალქალაქის მერიის შენობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში. 1ჰა რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი საშეღავათო ტალონს 150 ლიტრ საწვავზე მიიღებს, 10ჰა მიწის შემთხვევაში- 1500 ლიტრზე, თუკი ფერმერს 100ჰა-ზე მეტი მიწა აქვს – მაქსიმუმ 15000 ლიტრზე. მაშასადამე, ისინი, ვისაც 100ჰა-ზე მეტი მიწა აქვთ ისარგებლებენ შეღავათით არაუმეტეს 15000 ლიტრისა. ტალონის დახმარებით, ფერმერს საწვავის ყიდვა შეუძლია 20 თეთრად, თუკი SOCAR Georgia Petroleum კომპანიის საბითუმო ბაზებიდან იყიდის და 16 თეთრიანი შეღავათით SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურებიდან.

 

აღნიშნულ კომპანიას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არ აქვს საკუთარი სერვისცენტრები, ფერმერები  ახალციხეში უნდა ჩავიდნენ, იმისთვის, რომ ტალონებით ისარგებლონ. თუკი ფერმერის მიწა ამჟამად საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, მას შეუძლია დარეგისტრირება და ამის შემდეგ, ტალონის მისაღებად მიმართვა. პროგრამა 2021 წლის ბოლომდე მოქმედებს.

აგროსაწვავით ფერმერის მხარდაჭერის პროგრამა შარშან, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დაიწყო.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge