დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

შრომას თუ შეეცდებით თქვენსავე მიწაზე, ასეთ უყურადღებო ქვეყანაშიც კი საკმარის შედეგს მიიღებთ -არჩილ გამზარდია 17.02.2021 11:29

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სეზონურ სამუშაოებზე წასვლა სრულიად ნორმალური პროცესი იქნებოდა, რომ არა თავად მოტივი, ერთი ტოტალური უმუშევრობის და მეორე გაქცევის პერსპექტივის.

 

ისე, სოფლის მეურნეობას რაც შეეხება და იმას, რამდენად მომგებიანია ის ჩვენთვის. სოფელში მცირე ფართს, დაახლოებით 850 კვადრატულ მეტრ მიწას ვამუშავებ. აქედან 450-ს ვბარავ, დარჩენილ ნაწილს ვახვნევინებ. ვამუშავებ ბიოპროდუქტის პრინციპით, აქა-იქ ვცდილობ პერმაკულტურის პრინციპების გამოყენებასაც.

 

ამ ფართობზე შრომის შედეგად, მაგალითად, ბოლო წელს, ივლისის შემდეგ (ანუ კარტოფილის ყვავილობის შემდეგ) კარტოფილი არ მიყიდია, დარჩენილი ნაწილი სავარაუდოდ მარტამდე მეყოფა ანუ 7 თვის სარჩო მივიღე.

 

წლებია არ მიყიდია ე.წ. ხმელი ლობიო, მითუმეტეს რომ თიანეთური ლობიო საერთოდაც სახელგანთქმულია, დაახლოებით 4 სახეობის ლობიო მომყავს, ჭყინტობისას ვკრიფავ, ვხარშავ და ვყინავ, ასევე ვიქცევი ბაზი ლობიოს შემთხვევაშიც. ერთიც და მეორეც მთელი ამ თვეების მანძილზე გვიხალასებს ხოლმე სუფრას.

 

პომიდორს დაახლოებით 50-60 ძირამდე ვრგავ, გარდა ცოცხლად გამოყენებისა, მთელი ზამთრის და ცოტა მეტის მარაგს ვხრაკავთ, ასევე ვაკეთებთ კეტჩუპს და მაღაზიის პროდუქტისგან განსხვავებით, რომელშიც უამრავი მავნე მინარევია, ეს პროდუქტი სრულიად უქიმიოა.

 

ზაფხულის მერე არ მიყიდია ნიორიც, რომელიც ხახვთან ერთად მოვიყვანე, თუმცა, ხახვი ამდენ ხანს არ მეყო.

 

ეზოს კაკლების წყალობით, არ დამჭირვებია ნიგვზის ყიდვაც, რომელიც არც ისე იაფი სიამოვნებაა.

 

ამას მივაყოლოთ კიდევ ბევრი პროდუქტი, მაგალითად, ბულგარული წიწაკა, რომელიც ასევე გავყინეთ კიდეც და დღემდე მოგვყვა, ცუკინი, რომელიც ასევე შევინახეთ ნაწილი, გოგრა, რომელიც დღემდე მოგვყვა, იმდენი ოდენობის იყო.

 

ჩვეულებრივი საბოსტნე კულტურები, მწვანილეულობა, კიტრი და ა.შ.

 

უხეში ანგარიშით დავიანგარიშე დაახლოებით რა დამიჯდება და ხარჯის შეფარდებით, რამდენად მომგებიანი იყო მოსავალი. შემიძლია ვთქვა, რომ შეფარდება დაახლოებით 1/3 -ზე გამოვიდა, ანუ რაც დაჯდა, მინიმუმ სამჯერ მეტი მოვიგე ფინანსურადაც, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პროდუქტი ნატურალური, ზოგიერთი კი, შეიძლება ითქვას, ბიოპროდუქტის დონესაც აკმაყოფილებს.

 

კიდევ არაერთი სხვა პროდუქტია, რომელზე საუბრითაც შორს არ წავალ.

 

ჩემი მინიმეურნეობით, ცხადია, მეც ვსარგებლობ და რამდენადმე ჩემი ახლობლებიც.

 

ბევრად მეტსაც შევძლებდი, მათ შორის, მიწის ათვისებასაც, გავიჭირვებდი და ვიყიდიდი მინიტრაქტორსაც, რაც ბევრად გამიმარტივებდა შრომასაც და უფრო ეფექტურსაც გახდიდა, რომ არა საშინელი კრიმინალი სოფლებში, რის გამოც ამდენს ვერ ვრისკავ. ამას გარდა, ისიც რომ არ არის ხელშეწყობა, არაა საკმარისად წყლის ინფრასტრუქტურა (რესურსები არის, ინფრასტრუქტურა - არა) და ა.შ. თუმცა, პრობლემების მიუხედავად, შედეგები მაინც საკმაოდ კარგია.

 

ამ ყველაფერს ვაკეთებ ერთი ადამიანი, იშვიათად, მოხალისეობროვად თუ წამეხმარება ვინმე. სოფლად კი ოჯახები და შესაბამისად, საოჯახო მენეჯმენტის ეფექტი კიდევ უფრო მეტია.

 

რატომ დავწერე ეს? - დავწერე იმიტომ, რომ რატომღაც მუდმივად ცდილობენ სოფლის მეუნეობის წარუმატებლობაზე აპელირებას, რომ აზრი არ აქვს, რომ ის არაეფექტური ბიზნესია, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ზარმაცობს ხალხიც, რომლებსაც სოფლები აქვთ და ბევრი გამხმარ ტოტსაც კი არ შეაჭრის ხოლმე თავის ეზოში ხეხილს, რომ უფრო ასიამოვნოს ბუნებამ.

 

კი კარგია მზაობა სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელად, მაგრამ ვინც ვერ მოახერხებთ, არც ის დაგავიწყდეთ, რომ სადაც მიდიხართ, იმდენივე მოწადინებას, შრომას თუ შეეცდებით თქვენსავე მიწაზე, ასეთ უყურადღებო ქვეყანაშიც კი მაინც საკმარის შედეგს მიიღებთ. ხოლო ვინც მოახერხებთ ამ სამუშაოს მიღებას, გახსოვდეთ, რომ იქ სოფლის მეურნეობით ბიზნესი კეთდება, ის ფული კი თქვენი შრომით მიიღება.

 

და ბოლოს... ხელისუფლება, რომელიც მავნებლად იქცევა და ტრანსპორტს დღემდე არ ხსნის რეგიონსა და დედაქალაქს შორის, უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს ახლა და კიდევ ერთხელ ვუმეორებ უტყვ, ყრუ და ბრმა ხელისუფლებას, რომ დროულად გაგვიხსნას ტრანსპორტი რეგიონებში, რომ წავიდეთ და საგაზაფხულო სამუშაოებს მივხედოთ, "- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ