11:52 20.02.2021
გახარია რეიტინგული და ქარიზმატული პიროვნებაა - ამას მხარდამჭერი აქტივობაც აჩვენებს - გიორგი ცუცქირიძე

ბოლო ორი დღის მთავარი თემაც და მოვლენაც უდაოდ პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომას უკავშირდება. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული თემაც, თუ მანამდე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გარიდებას არ მივიღებთ მხედველობაში, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

 

"დღეს იმის დეტალური განხილვა შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ ველზე, რამდენად სწორად მოიქცა, რამდენად დრო იყო ოპტიმალურად შერჩეული ან რა ფაქტორებმა განსაზღვრა ეს გადაწყვეტილება, არ მიმაჩნია გამართლებულად. ბუნებრივია, მომავალში ამის დროც დადგება. ყოველ შემთხვევაში თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და რა კონფიგურაცია შეიქმნება, იქნება კიდეც ამ წასვლის ფაქტიური პასუხებიც.
რასაც დღეს ვხედავთ, სოციალური ქსელის ნამდვილი აფეთქება მოყვა, მის პირად ფბ კედელზე დადებულ სელფს, რომელმაც ქართული ქსელების რეკორდი მოხსნა და სულ რაღაც ხუთიოდე საათში 125 ათას ნახვას და 20 ათასამდე მხარდამჭერ კომენტარს მიაღწია!

გიორგი გახარიას უმძიმეს პერიოდში მოუწია პრემიე-მინისტრობა, კოვიდ პანდემია იყო ყველაზე ექსტრემალური სიტუაცია არა თუ ქართული, არამედ გლობალური შოკის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის თვალსაზრისითაც, რაც ზოგჯერ არაპოპულარულ და ასევე ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა.

შეძლებს თუ არა ის პოლიტიკაში დამოუკიდებელ თამაშს გარდა მისი სამომავლო გადაწყვეტილებისა, მარტო ლაიქების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. მას მოუწევს მაღალი კონკურენცია თავად ოცნებასთან და მერე ოპოზიციასთან, მესამე პოლიტიკური ფლანგის დასაკავებლად. შექმნილ სიტუაციაში დრო მას ამისათვის არც თუ ბევრი აქვს. ფაქტია, ისიც, რომ დღემდე ამის სურვილი კი ბევრს ჰქონდა, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო.
ის, რომ რეიტინგული და ქარიზმატული პიროვნებაა, ამას მხარდამჭერი აქტივობაც აჩვენებს და ამასთან ადასტურებს, რომ მის მხარდამჭერებს სურთ დარჩეს აქტიურ პოლიტიკაში. ეს თავისებური ფბ რეიტინგი ასევე აჩვენებს, რომ მიუხედავად კოვიდეკონომიკის განოწვევებისა, და მისი თანმდევი ეკონომიკის კრიზისული ფონისა, თუ დაკარგული სამუშაო ადგილებისა მის მიერ წარმოებული ანტიკრიზისული პოლიტიკა, მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს. სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებიც ამ მოსაზრებას აძლიერებს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფინანსებზე, მის გუნდზე, პროგრამაზე. მის გუნდში ვინ იქნება არა მხოლოდ პოპულარული ფეისები, არამედ გადაწყვეტილების მიმღები პირებიც. მას ბევრი საქმის გამფუჭებელიც აეკიდება და არც თუ მცირე მედროვეც. ახლა ისიც გამოჩნდება თავად ოცნების შიგნით რა რესურსები აქვს, პარლამენტშიც და აღმასრულებელ სტრუქტურებში, მის სუსტ წერტილად სწორედ საკუთარი გუნდის არქონას უთვლიდენ. ამასთან, მას მოუწევს იმაზე საუბარიც თუ რის გაკეთება უნდოდა და ვერ გააკეთა შიდა წინააღმდეგობების გამო.

ბუნებრივია, მას აქვს ამ მისიის შესრულების კარგი შანსი, რაც დრომოჭმულ ქართულ ორპოლუსიან და კრიზისში შესულ პოლიტიკურ ველს ნამდვილად ახალ დინამიკას შესძენს, ექსტრემისტულ და დესტრუქციაზე ორიენტირებულ ოპოზიციას კი გვერდზე გასწევს.

დრო, მის სასარგებლოდ უფრო მუშაობს, ვიდრე საწინააღმდეგოდ, თუმცა სასტარტო პირობა მაინც ერთია და გასავლელი გზა მეორე. თანამედროვე პოლიტიკური კონკურენცია თვისობრივად განსხვავდება ბიზნეს კონკურენციისაგან, თავისი მედია პლათფორმით, შავი პიარით თუ ფეიკებით. სიყვარულიდან იმედგაცრუებამდეც ხშირად ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.
გახარია საკმაოდ ჭკვიანია, ცარიელ ემოციებს არ აჰყვეს და არ ესმოდეს ამ გზის მთელი სიმძიმეც", - წერს ცუცქირიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge