“ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება. გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ პოლიტსაბჭო შეიკრიბებოდა და მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე იმსჯელებდნენ. თუმცა მოვლენები მალევე შეიცვალა, მოულოდნელად პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და სხდომა რამდენიმე საათში დანიშნა. მისი დასრულების შემდეგ კი საზოგადოებას აცნობეს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა - რას უნდა ელოდოს ქვეყანა და ოპოზიცია / “ნაციონალები” ძალიან გაოცდნენ და გამწარდნენ, ესე იგი მმართველმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა”.
“ნიშნავს თუ არა მოვლენების ამგვარი განვითარება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და პარტიას ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა მან შესთავაზა. ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ ის გუნდის შიგნით არავის ენდობა და მთავრობის მეთაურად ის ადამიანი გადაწყვიტა, რომელმაც ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცა. რას უნდა ელოდოს ქვეყანა და ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილისგან. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუციის ფონზე, მდგომარეობა კიდევ უფრო რადიკალური გახდება. ისინი ელიან, რომ სიხისტით გამორჩეული ღარიბაშვილი არათუ სიტუაციას ჩააცხრობს, არამედ “ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის პროცესს დააჩქარებს. ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. ის იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა შს მინისტრის პოსტს. პრემიერობის კანდიდატად მეორედ დასახელებამდე, ღარიბაშვილი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მანამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო. პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ აღადგენდა წესრიგს. “მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების კარი არ დახურულა და მმართველი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა”, - განაგრძობს გამოცემა.
“რაც შეეხება მოლაპარაკებას, ამისთვის მზადყოფნა სულ არის, მოლაპარაკებების კარი არ დახურულა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ოპოზიციისთვის გახარიას გადადგომა იმდენად დიდი მნიშვნელობის საკითხია, რომ ამის გამო გამოხატავენ მზადყოფნას მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის, ამ ნაბიჯს მივესალმები, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს... რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ პოზიციისა და ოპოზიციის კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა, რომ რეალურად ჰქონდა გაყალბებას ადგილი. არასაკმარისია არსებული მოცემულობა, რომ ასე უბრალოდ გადავწყვიტოთ არჩევნები. ასეთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა ისევ რჩება წითელ ხაზს მიღმა. მართალია, შედარებით კლებადი ოპტიმიზმით ახლაც მაქვს მოლოდინი, რომ მიიღწევა ისეთი კონსენსუსი, რომლითაც ოპოზიციური პარტიის მეტ წარმომადგენელს შეეძლება, გამოიყენოს პოლიტიკური ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის”, - განაცხადა სერგეენკომ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც მისი პრემიერობა უკვე ნანახი აქვთ. ამიტომ ცვლილება გარდაუვალია და “ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლა კიდევ უფრო დაჩქარდება”, - დასძენს გამოცემა.
“მეორედ მოსვლების ტრადიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში. ჯერ თავის თავზე გაიარა ეს ყველაფერი, ახლა ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაა მთავრობაში, ამით არაფერი იცვლება. კარგად გვახსოვს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რა გააკეთა? არც არაფერი. პრემიერის კანდიდატებზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ვინ იქნება, უნდა ფიქრობდეს ახალ არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა შეიცვალოს და დავუბრუნდეთ განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი. “ლელოში“ თვლიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურით “ქართულ ოცნებაში” საღი აზრი ამოწურულია. “ასეთი აგრესიული ადამიანის დანიშვნა არის ცალსახა სიგნალი, რომ „ქართულ ოცნებაში“ რადიკალურ ფრთას უფრო უსმენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პარტიაში საღი აზრის რესურსი სრულად არის ამოწურული”, - აცხადებს საბა ბუაძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას და მის უშუალო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს და ეს არის გუნდის ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ის ვერ ხედავს, რომ ახლა ივანიშვილს საჯარო პოლიტიკასთან რამე კავშირი ჰქონდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან თავისი თავი პრინციპული პოზიციებით, სახელმწიფო აზროვნებით არა ერთხელ გამოავლინა. მას სახელმწიფო მმართველობის ალბათ ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ეს სწორი და ზუსტი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდი ის იყო, რომ “ნაციონალები” ძალიან გაწბილებულები დარჩნენ. ძალიან გაოცდნენ და გამწარდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი სწორ და ზუსტ არჩევანს აკეთებს. მე ამ პროცესებს ასე ვხედავ. აქ შეიძლება წულუკიანის და კალაძის კანდიდატურებიც ყოფილიყო, მაგრამ ოპტიმალური და ღირსეული კადრი შეარჩიეს, რომელიც პარტიის დამფუძნებელია. ამიტომაც იყო, რომ “ნაციოანლებს” თითქოს ცივი წყალი გადაესხათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება თავად მისთვისაც კი სიუპრიზი იყო. ამით გამოჩნდა, რომ ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან არსადაც წასულა და ღარიბაშვილი მისი პირადი არჩევანია. ფიქრობს, რომ ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგანაც მას გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავების ბრძანება არ შეუსრულა. ფიქრობს, რომ ივანიშვილმა დარეკა და პირდაპირი დირექტივა გასცა, ვინ უნდა დაესახელებინათ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“ბიძინა ივანიშვილს მგონია, ოპოზიცია სათანადოდ ვერ აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ის ადამიანებს როგორც შემსრულებლებს ისე უყურებს. კარგად იცის, რომ ახლა “ნაციონალები“ წამოყელყელავდნენ და ამ სიტუაციას ყველაზე მეტად ღარიბაშვილი მოერგება. არსებულ მდგომარეობას ღარიბაშვილზე კარგად თავს ვერავინ გაართმევს. იცის, რომ ამ ადამიანს რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. წადიო ეტყვის, წავა და მოდიო ეტყვის, მოვა. ამიტომაც მისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შექმნილ ვითარებაში ასეთი ადამიანი იყოს სათავეში. გახარიამ მას ნიკა მელიას დაკავების ბრძანება არ შეუსრულა. ჟარგონულად რომ ითქვას, 20 ივნისის “შეწერების” შემდეგ, მან მელიას დაკავების ამბავს რაც მოჰყვებოდა, კარგად განსაზღვრა. გახარიამ იაზროვნა სახლმწიფოებრივად, რასაც მისი გადადგომა მოჰყვა. ამიტომაც არ გამოვრიცახვ, რომ ღარიბაშვილი ახლა დროებით მელიას დასაკავებლად და ოპოზიციის ჭკუაზე მოსაყვანად სჭირდება. როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, მას შეცვლის. ოპოზიციას ვურჩევ, რომ ივანიშვილთან ფრთხილად იყვნენ და შელეწვა-შეჯახებას თავი დაანებონ. ასეთ სიტუაციაში ივანიშვილი ძალაზე მიდის, მას კი ყველა ძალოვანი მინისტრი ემორჩილება. ამ ყველაფრით კი ქვეყანა დაზიანდება. ამიტომაც სჯობს დაწყნარდნენ და ცოტა აზრით მიუდგენენ შექმნილ სიტუაციას, - წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დიდი ზიანი მიდგება“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
ავტორ(ებ)ი : "რეზონანსი“