00:31 21.02.2021
100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია

კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს, – საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

 

„100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა.

 

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. მჯერა, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს! #გვეამაყება #კონსტიტუცია100“, – წერს თალაკვაძე „ფეისბუქში“.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge