დავით ზარდიაშვილის პოსტი:
დიახ, უდავოდ: არსებობს ფაქტი და არსებობს აღქმა ამ ფაქტისა. აღქმა გიორგი გახარიასი, რაც ამ მომენტში 200 000-მდე "ლაიქით" იზომება, გაბუქ-ფეისებულია: იგი დღეს ფეისბუქის „გიორგი ბრწყინვალეა“.
ამავდროულად, არის საქართველოს ისტორიის ფაქტი, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, სამარადჟამო სინამდვილეა - მეფე გიორგი ბრწყინვალე.
ორი გიორგი, ორივე ბრწყინვალე! მაგრამ მეფე გიორგის „ბრწყინვალე“ ისტორიამ შეარქვა, ხოლო გადამდგარი პრემიერ გიორგის სახე ფეისბუქში (სახეთა წიგნში) გაბრწყინდა. ის ბრწყინვალება მარადიულია. ეს - ამჟამიერი.
სამარადჟამოდ ბრწყინვალემ - ამბოხებულები ვითომ მოსალაპარაკებლად მოიპატიჯა და „მუხანათურად“ გაჟლიტა.
ფეისბუქ ბრწყინვალე - გადადგა და ამით, ამბოხებულებს სულ ცოტა, „კოჭი გაუგორა“, თუმცა საბოლოოდ ესეც გამოჩნდება - რა მიზნით და სინამდვილეში რა უდევს გულში. ფეისბუქ-ბრწყინვალის ქმედებაჯერ დასრულებული არ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ კეთილად დასრულდება.
ასევე: სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებულები მაშინაც და დღესაც - ნებისმიერ კონტექსში, გარდა ნაც-ჩაჯვურად გაუკუღმართებული აღქმისა - უდავოდ არიან ბოროტმოქმედნი. მეფე გიორგიმ ისინი უყოყმანოდ გაჟლიტა, რადგან გარდაუვალი სახელმწიფოებრივი აუცილებლობა იყო მათი ბოროტმოქმედების დაუყოვნებლივ აღკვეთისა. ბუნებრივია, სიცოცხლის მოსპობა, როგორც მეფე გიორგის მიერ მიღებული ზომა, დღევანდელი სამართლით ვერ განისჯება, რადგან ზომის „პროპორციულობა“ მაშინ და დღეს აიმდენად განსხვავებულია, რომ ერთმანეთს ვერ დაედრება.
დღეს - უკლებლივ ყველა ადამიანს, მათ შორის -ამბოხებულ ბოროტმოქმედსაც, უდავოდ, აქვს უფლებები. მათ შორის - ხელშეუვალი უფლებებიც.
მაგრამ, მიუხედავად ადამიანის საყოველთაო უფლებებისა, დღესაც და მომავალშიც, სახელმწიფოებრივად გარდაუვალი აუცილებლობაა ამბოხების ძირშივე და დაუყოვნებლივ, უყოყმანოდ აღკვეთა, რასაკვირველია, არა ამბოხებულთა კანონიერი უფლებების დაზიანების ხარჯზე.
უფლებების დაცვის პირობით, მაგრამ ურყევად: აბოხებულებთან მოლაპარაკებას ერთადერთი გამართლებული პოლიტიკური მიზანი აქვს: მათი ჯერ გაუვნებელყოფა, ხოლო საბოლოოდ - მათი პოლიტიკური განადგურება; ხოლო სამართლებრივი მიზანი დანაშაულის აღკვეთა და ბოროტმოქმედთა სამართალში მიცემაა მათთვის სამართლიანი მსჯავრის გამოსატანად. აბოხებულებთან სხვაგვარი მიზნებით „სეპარატისტული“ მოლაპარაკება, საბოლოო ჯამში - სახელმწიფოს კაპიტულაციაა. თუ გახარიას გადადგომა ამბოხების აღკვეთისკენ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯია, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე საეჭვოა, მაშინ ის, შესაძლოა, გამართლებულიცაა, ხოლო თუ არა - არც კი მინდა ვთქვა, რა არის მაშინ.
ჯიუტი ფაქტების არაადექვატური აღქმა სიშლეგის ნიშანია. რასაკვირველია, უეჭველი ფაქტი და მისი ჯანსაღი აღქმა იდენტურია. მაგალითად: ია- ყვავილია. გარეჯი - საქართველოა. საქართველო - სახელმწიფოა. მეფე გიორგი - ბრწყინვალეა. გადამდგარი პრემიერი გიორგი - ფეის-ბრწყინვალე. ამბოხებული მელია და მისი პოლიტიკური მეკავშირენი - ბოროტმოქმედი და მისი თანამზრახველნი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge