19:23 21.02.2021
კათალიკოსი ლეონიდე ოქროპირიძე - როგორც ვერავითარი ძალა ვერ მოგლეჯს კავკასიონს, ისე ბოლშევიკები და სომეხ-ადერბეიჯანელები ვერას დააკლებენ საქართველოს ლაშქარს


კოტე ალიბეგაშვილი: 
100 წლის წინ 
კათალიკოსი ლეონიდე ოქროპირიძე
უკანასკნელი მოწოდება ქართველი ერისადმი, საქართველოს გასაბჭოებისას
სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარხის
მოწოდება
ძენო ქართლისაო! სრულიად საქართველოს ვაჟკაცნო და ქალნო!
მადლი და კურთხევა იესო ქრისტესი თქვენდა.
საუკუნოებში განწირულ საქართველოს საღმრთო განგებამ არგუნა ხვედრი, გახდეს სამარედ სკვითებისა, რომელთაც შემუსრეს და დასცეს რუსეთი და რომელნიც აზია-ევროპაში მხოლოდ ყველაფერს ანგრევდნენ და ანადგურებდნენ. თითქოს უკეთურნი უახლოვდებოდნენ ჩვენს დედა ქალაქს და დამშეულნი ელოდნენ თბილისში გემრიელი პურით და ღვინით გაძღომას, თბილისის განთქმულ აბანოებში დასუფთავებას, მაგრამ როგორც არასოდეს, მტკვარი პირს არ იბრუნებს უკუღმა, ისე ჩვენი ვერაგი მტერი, ვერ მიაღწევს ბოროტ განზრახვას, ღმერთი არ აღირსებს მას საქართველოს დაპყრობას, ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი ცეცხლად შეარგებს მას ჩვენი მამულის პურსა და ღვინოს, რომელსაც ქართველობა ვხმარობთ სეფისკვერად და ზედაშედ.
საყვარელნო, ფრონტის ზურგში მყოფნო! შევინარჩუნოთ სრული დარბაისლობა, გულის სიმშვიდე და ხასიათის სიმტკიცე. ნუ მივეცემით იმ საშიშარ და ცრუ ხმებს, რომლებსაც ავრცელებენ ხოლმე მხოლოდ ჩვენი მტრები, ხალხში შიშისა, სასოწარკვეთილებისა და არეულობის გამოსაწვევად.
ენდეთ ჩემს ჭაღარას, როგორც ვერავითარი ძალა ვერ მოგლეჯს თავის ძირიდან კავკასიონს, თუ არა მიწის ქვეშეთიდან ამოხეთქილი ძლიერება, ისე ვერავითარი ბოლშევიკები და სომეხ-ადერბეიჯანელები ვერას დააკლებენ სახელოვან კახელ-ქიზიყელისა თუშ-ფშავ-ხევსურ-მთიელებისა, უტეხი ქართლელებისა და ამაყ იმერ-ოდიშარ-აფხაზებისაგან შემდგარ საქართველოს ლაშქარს, თუ ფრონტის ზურგი მტკიცედ გვექნება დაცული.
ამას გთხოვთ, ჩემო სულიერნო ძენო და ასულნო, სამშობლოს სიყვარულით, ამაზე გევედრებით მთელი ჩემი არსებით, ამას მივაქცევ თქვენ მთავარ ყურადღებას, დანარჩენი ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და იქნება.
ღმერთმა აკურთხოს და ჩქარი ძლევა-მოსილებით შემოსოს ჩვენი ამაყი ლაშქარი!
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაიცვას და დაიფაროს თავისი დედობრივი კალთით მისი წილხდომილი საქართველო!
ქება, დიდება და მარადისობა ქართველ ერს!
სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარხი ლეონიდი.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge