11:18 22.02.2021
პრემიერ-მინისტრის გადადგომამ ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი დაარღვია - უცხოური პრესა

აშშ-ის გაზეთ პოლიტიკო“-ს («Politico») ევროპულ გამოცემაში (იბეჭდება ბელგიაში, ბრიუსელში) გამოქვეყნებულია სტატია „რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ // პრემიერ-მინისტრის გადადგომამ ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი დაარღვია“, რომელშიც განხილულია ბოლო დროს მომხდარი ქართული პოლიტიკური მოვლენები - კერძოდ, საუბარია სიტუაციაზე, რომელიც წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას (ოპოზიციონერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით) და იმ სიტუაციაზე, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ განვითარდება (ავტორი - ენდრიუ ნორტი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ეძიეთ... რუსეთი!“

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ფაქტიურად 2019 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკანორ მელიამ და მისმა თანამზრახველებმა, აპროტესტებდნენ რა საქართველოს პარლამენტში [ოკუპანტი] რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ყოფნას, საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე შტურმის განხორციელება სცადეს. პოლიციამ ხისტი რეაგირება მოახდინა, შტურმის მცდელობა აღკვეთა, მაგრამ იმავდროულად რამდენიმე ოპოზიციონერი დაშავდა. ნიკანორ მელია დააკავეს და მას ბრალად ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციების წაქეზება წაუყენეს. მოგვიანებით იგი გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ საკონტროლო „ბრასლეტი“ მოიხსნა და  უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. საბოლოო ჯამში ნიკა მელიას მოსამართლემ დაპატიმრების ვერდიქტი გამოუტანა.

 

მთელი ამ პოლიტიკური დრამის ფონს საქართველო-რუსეთის რთული და ღრმად წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს.

 

1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, დასავლეთმა კავკასიური სახელმწიფო ენთუზიაზმით მიიღო და ის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების „რჩეული ქვეყანა“ გახდა (სხვათა შორის, თბილისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიმართული ქუჩა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის სახელს ატარებს, 2005 წლის მაისში საქართველოში მის ვიზიტთან დაკავშირებით). მაგრამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან მომხდარმა ხანმოკლე ომმა, რომლის შედეგად მოსკოვმა ქვეყნის ორი პროვინციის ოკუპირება განახორციელა, საქართველოს პროდასავლურ ამბიციებზე ძლიერი ნეგატიური გავლენა მოახდინა და მისი იმედები ნატოში გაწევრიანების თაობაზე გააცრუა. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში 2012 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, რის შედეგადაც დამარცხებული, მაგრამ მტკიცე პროდასავლურად განწყობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები ოპოზიციაში გადავიდნენ.

 

მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ საქართველომ პროდასავლური კურსიდან გადაუხვიაო და ისინი ამის გამო ბრალს სდებდნენ მილიარდერ-ოლიგარქს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელს ბიძინა ივანიშვილს და ამტკიცებდნენ, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს და პრორუსულ პოლიტიკურ თამაშებს ეწევაო.

 

ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, მართალია, საჯაროდ დასავლეთისთვის ზურგი არ უქცევია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მკვეთრი ანტირუსული რიტორიკა მნიშვნელოვნად შერბილდა და ქვეყანაში პრორუსუსლი პარტიები მომძლავრდნენ. ამ დღეებში ოპოზიციურმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, აღნიშნეს, რომ კვირის დრამა საქართველოს საბჭოური ოკუპაციის 100 წლისთავის დღეებში მიმდინარეობს: „ჭეშმარიტად სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეებს ემთხვევა“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

 

რა იქნება შემდეგ?

 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელმა მხარემ მოიგო გიორგი გახარიას გადადგომით - ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ და რამდენად გაჭიანურდება ჩიხური სიტუაცია.

 

მმართველმა პარტიამ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა - „ქართული ოცნების“ ერთგული მომხრე, რომელსაც გიორგი გახარიას მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. ეს მოხდა სულ რაღაც ორიოდე საათში გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილს და საერთოდ, მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატურებს მხარს დაუჭერს და თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და ახალი არჩევნები დაინიშნება. როგორც ნიკანორ მელიამ განაცხადა, სწორედ ვადამდელი არჩევნებია საუკეთესო გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან.

 

თითქმის ათი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, მაგრამ რამდენადაც იგი ამჟამად უკრაინაშია განდევნილი და დღემდე, განცხადებების გარდა, არავითარ პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამს საქართველოში დაბრუნებისათვის (ალექსი ნავალნისაგან განსხვავებით, რომელმაც თქვა - რუსეთში ვბრუნდებიო და სიტყვა შეასრულა კიდეც), საზოგადოების ნაწილი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ნიკა მელიას, როგორც ოპოზიციის საუკეთესო იმედს.

 

ნიკა მელია, თავისი სპორტული (რეგბისტული) აღნაგობით და გადაპარსული თავით, ოპოზიციის მიტინგების დროს შეუმცდარ ორიენტირად ითვლება, თუმცა მისი გამოსვლები ძალზე აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს: მას ნიკა მელია „საქართველოს ნათლიმამას“ უწოდებს და ბრალს სდებს კრემლის ინტერესების გატარებაში.

 

ზოგიერთებმა ამ პოლიტიკურ კრიზისის ნათელი მხარეც დაინახეს: მათი აზრით, გიორგი გახარიას გადადგომამ ის განხეთქილება გამოააშკარავა, რომელიც ქვეყნის მმართველ გუნდშია და რომელიც ხელისუფლებას ძირს უთხრის.

 

რას ნიშნავს ეს დასავლეთისთვის?

 

როგორც კი გიორგი გახარიას გადადგომაზე ინფორმაცია გავრცელდა, ევროპელი ელჩები პარლამენტისა და „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ოფისისაკენ გაემართნენ, თუმცა მათი რეაქცია ჯერჯერობით მკვეთრად არ გამოვლენილა.

 

შეიძლება ითქვას, რომ თავისი აზრი ყველაზე გულწრფელად ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თომას ჰენრიკ ილვესმა გამოხატა, როცა ტვიტერში დაწერა: „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის, რაც საქართველოში ხდება - ქვეყანაში, რომელსაც 23 წლის განმავლობაში წინ ვწევდი, ვეხმარებოდი, ვიცავდი და მხარს ვუჭერდი...“.

 

საქართველოს, რომელიც წლების მანძილზე „დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურად“ არის ცნობილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში და რომელსაც მიზნად აქვს დასახული  ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება 2024 წლისათვის, დემოკრატიის მსოფლიო რეიტინგში უკან იხევს: განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობა, რომელიც ნიკა მელიას საქმეშიც ჩანს.

 

ოპოზიცია თვლის, რომ კრიზისი, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომით არის პროვოცირებული, დასავლეთისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა გახდეს - უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელიც მის ერთგულ მოკავშირეს წარმოადგენს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც საქართველოს მეგობრად ითვლება, მიანიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით უფრო ხისტ და მკაცრ პოლიტიკას განახორციელებს, ვიდრე ამას მისი წინამორბედი აკეთებდა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი საქართველოსათვის დახმარებას იმ სანუკვარი მიზნის მიღწევაში, რასაც „ნატოში გაწევრიანება“ ჰქვია“.

 

წყარო: https://www.politico.eu/article/what-you-need-to-know-georgia-political-crisis-giorgi-gakharia/What you need to know about Georgia’s political crisis

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge