13:17 22.02.2021
შეუძლებელია სახელმწიფო სწორად მართო ღმერთისა და ბიბლიის გარეშე - ჯორჯ ვაშინგტონის გამონათქვამები

1732 წლის 22 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა. ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში გაზრდილი ვაშინგტონი თავისი ნახევარძმის პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში, მუშაობდა, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო.

 

ოფიცერმა ჯორჯ ვაშინგტონმა ყურადღება პირველად ფრანგებისა და ინდიელების ომში (1754-1763 ) მიიქცია. გარკვეული დროის შემდეგ მან დატოვა პოსტი, რათა ექორწინა მართა დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე, მდიდარ, ორ შვილიან ქვრივზე. იგი აირჩიეს მოქალაქეთა პალატაში და ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე მისი ლიდერი გახდა, ასევე, ესწრებოდა კონტინენტალური კონგრესის ორივე მოწვევას. ამერიკის რევოლუციის დროს (1775-83) ვაშინგტონი დანიშნულ იქნა კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.

 

ჯორჯ ვაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იქნა მიღებული, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად  აირჩიეს. მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს დაარსებული იქნა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები,  რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა და 1799 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ჯორჯ ვაშინგტონის გამონათქვამებს:

 

1. დაიცავით კეთილსინდისიერება და სამართლიანობა ყველა ერის მიმართ. დაამყარეთ მშვიდობა და ჰარმონია ყველასთან;

2. ლიდერობა მოწოდებაა და არა თანამდებობა;

3. პოლიტიკოსი უნდა უსმენდეს მასებს, მაგრამ მათი ბაგეებით არ უნდა საუბრობდეს;

4.ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის;

5. მე ისევე მჭირდება ის ადამიანები, რომლებიც ჩემ მაგივრად იფიქრებენ, როგორც ადამიანები, რომლებიც ჩემს ბრძანებას შეასრულებენ;

6. დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. რასაც წარმოვადგენ, დედაჩემს ვუმადლი. ჩემს წარმატებას ცხოვრებაში ვუმადლი იმ მორალურ, გონებრივ და ფიზიკურ აღზრდას, რომელიც დედაჩემმა მომცა;

7. შეუძლებელია სახელმწიფო სწორად მართო ღმერთისა და ბიბლიის გარეშე.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge