14:36 22.02.2021
წითელი დროშა თბილისის თავზე: 100 წლის წინ, წითელი არმია საქართველოში შეიჭრა

გერმანული გაზეთის „იუნგე ველტ“-ის («Junge Welt») 20 თებერვლის ნომერში (მე-15 გვერდზე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „წითელი დროშა თბილისის თავზე: 100 წლის წინ წითელი არმია საქართველოში შეიჭრა“, რომელშიც, საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 1918-21 წლების მოკლე ისტორიაა გადმოცემული - იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის პლუსებითა და მინუსებით (ავტორი - დავით ნოაკი, მანჰეიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.

 

შესავალი

1917 წლის ოქტომბერში რუსეთის იმპერიაში ბოლშევიკებმა მეფის ხელისუფლება დაამხეს. განაპირა მხარეებში, კერძოდ, კავკასიაში, საქართველოში სოციალ-დემოკრატები („მენშევიკები“) დომინირებდნენ. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის ფრონტი კავკასიაშიც არსებობდა. „ანტანტის“ შემადგენლობიდან საბჭოთა რუსეთის გასვლით ისარგებლა „ოთხთა კავშირის“ ბლოკის წევრმა ოსმალეთმა და კავკასიაში შეიჭრა. ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა - ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, სომეხმა დაშნაკებმა და აზერბაიჯანელმა მუსავატებმა ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადეს, რომელიც მალე დაიშალა ცალკეულ რესპუბლიკებად...

 

გერმანიის პროტექტორატი

1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დახმარების თხოვნით მიმართა გერმანიას, გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებაზე, წიაღისეულით სარგებლობაზე... სამაგიეროდ, გერმანია საქართველოში გზავნიდა 3 ათას ჯარისკაცს (ბავარიულ ქვედანაყოფებს), რომელტა მიზანს ბაქოს ნავთობის ექსპორტის დაცვაც წარმოადგენდა. მართალია, გერმანია დაეხმარა საქართველოს, მაგრამ ბერლინი იძულებული იყო ანგარიში გაეწია თავისი მოკავშირის - ოსმალეთის იმპერიის ინტერესებისათვის, რომელმაც დაიკავა აჭარა ბათუმითურთ. სამაგიეროდ, გერმანიამ მხარი დაუჭირა საქართველოს აფხაზეთის შენარჩუნებაში.

საქართველოზე გერმანიის პროტექტორატი პირველ მსოფლიო ომში გერმანიის (და ოსმალეთის) დამარცხებით დასრულდა: გერმანელები და თურქები ინგლისელებმა შეცვალეს.

 

ბრიტანელები საქართველოში

1918 წლის ბოლოს დიდი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილები აჭარაში გადმოსხდნენ. ლონდონელი იმპერიული ქორები - საგარეო საქმეთა მინისტრის ჯორჯ კერზონისა და მისი ყოფილი კოლეგის ჰალფორდ მაკინჯერის სახით - გეგმავდნენ, რომ კავკასია სამუდამოდ ჩამოეშორებინათ რუსეთისაგან და ბათუმში ერთა ლიგის მანდატით „თავისუფალი პორტი“ („პორტო-ფრანკო“) შეექმნათ, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა, ამის წინააღმდეგ თვით ქართველებიც გამოვიდნენ. 1919-1920 წლებში საქართველოში რამდენიმე პრობოლშევიკური აჯანყება მოხდა, რომელიც მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო, მათ შორის 1920 წლის მაის-ივნისის აჯანყება ბოლშევიკი ოსების მონაწილეობით. 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე კავაკაიური ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დელეგაციებიც ჩავიდნენ, თუმცა მათ ანტანტის გამარჯვებული სახელმწიფოებისაგან დამოუკიდებლობის აღიარების რაიმე გარანტიები არ მიუღიათ.

 

საქართველო ბოლშევიკთა ალყაში: ორჯონიკიძის ფაქტორი

საბჭოთა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ ლენინს ძალიან სურდა ბაქოს ნავთობის გაკონტროლება, რაც კავკასიური ბოლშევიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ განახორციელა - წითელმა არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორია დაიკავა. კავკასიელ ბოლშევიკებს საქართველოს დაპყრობაც ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მოსკოვმა მათ ამის ნება არ დართო (დროებით მაინც), რის გამოც სერგო ორჯონიკიძე განაწყენდა.  კავკასიიდან წითელი არმიის ნაწილები ცენტრმა პოლონეთის ფრონტზე გადაისროლა.

 

1920 წლის ზაფხულში ბრიტანელები საქართველოდან (ბათუმიდან) გავიდნენ და ქართველებს ნავსადგური და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენზე კონტროლის უფლება გადასცეს. სხვათა შორის, ბაქო-ბათუმის მილსადენი იმ პერიოდისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელ მილსადენს წარმოადგენდა.

 

1920 წლის შემოდგომაზე ქემალისტური თურქეთი, რომელსაც არ სურდა სევრის ხელშეკრულების რეალიზება სომხეთის სასარგებლოდ, სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, აზერბაიჯანიდან წითელი არმიის ნაწილებმა სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს, სადაც საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

 

შეტევა საქართველოზე

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში (მოსკოვში) არ ჩქარობდნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას, სერგო ორჯონიკიძემ იმ მოტივით, რომ თბილისი ჩრდილო კავკასიელ აჯანყებულებს ეხმარება და ხელს უშლის სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების ტრანზიტსო, საქართველოზე შეტევის ბრძანება გასცა: 15 თებერვალს წითელმა არმიამ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ქართულმა ჯარმა მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგის შეტევას ვერ გაუძლო და ოთხი კვირის ბრძოლების შემდეგ იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა. თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა. საქართველოს ლიდერები ფრანგული სამხედრო ხომალდით პარიზში გაემგზავრნენ. იქ მათ ემიგრანტული მთავრობა ჩამოაყალიბეს, რომელიც 1950-იან წლებამდე არსებობდა.

 

არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, ქართველი სოციალ-დემოკრატები  ცდილობდნენ, რომ საქართველო სანიმუშო სოციალ-დემოკრატიულ ქვეყნად გადაექციათ - ძლიერი პროფესიული კავშირებით, თავისუფალი პრესით და სოციალური უზრუნველყოფის მტკიცე სტრუქტურებით. ფაქტიურად, ეს იყო სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პირველი მცდელობა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს სოციალ-დემოკრატიული ექსპერიმენტი თითქმის მხოლოდ ქართული მოსახლეობისათვის იყო განკუთვნილი - ქვეყნიდან გაიქცნენ სომხები, აზერბაიჯანელები და რუსები...

წყარო:

https://www.jungewelt.de/artikel/396920.geschichte-georgiens-rote-fahne-%C3%BCber-tiflis.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge