17:39 22.02.2021
ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს - გიორგი ცუცქირიძე

თანამედროვე მეტად ცვალებად და ახალი გამოწვევების მქონე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, როგორც არასდროს, ისეთი დატვირთვა ენიჭება. გარდა ამისა, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არანაკლებ აქტუალურია ისეთი ეროვნული იდეა რომელიც ერთი მხრივ, გზის ორიენტირებს დასახავს და მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობას ამ იდეის ირგვლივ შეკრავს და გააერთიანებს. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე აქცენტების გადატანა“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, საბანკო - საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

 

მისი თქმით, თავის დროზე ყველა წარმატებული ქვეყანა, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თანამდროვე გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი თუ სკანდინავიის ქვეყნები, სწორედ ამ ორი სახელმწიფოებრივი მიმართულების ირგვლივ შეიკრა და განვითარდა.

 

"ჩვენ რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული იდეის გარეშე აღმოვჩნდით, დღემდე ბევრი წავაგეთ, ტერიტორიების ნაწილის დროებითი დაკარგვაც ამ ფაქტორის გამოძახილი იყო და არა მხოლოდ რუსული ოკუპაციის. ზოგადად, დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება არ და ვერ იქცევა ეროვნულ იდეად არა იმიტომ, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით არ უნდა ვითარდებოდეს, არამედ იმიტომაც, რომ საერთო მიზანს და ამოცანებს ვერ აკონკრეტებს და ვერც ერს შეკრავს ბოლომდე. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს და ერთგვარ ახალ ენერგიას და სტიმულს მისცემს მომავლის შესაქმნელად. ეროვნული იდეის გარეშე ვერც ეკონომიკა მიიღებს ახალ დინამიზმს, ვერც სიღარიბე დაიძლევა და ვერც ჩვენ ვიქცევით თანამედროვე ერად. თორემ, დამოუკიდებელიც ვართ, ადამიანთა უფლებებიც დაცულია და სიტყვის თავისუფლებაც, მაგრამ გვაქვს გათითოკაცებული და ეგოისტური საზოგადოება, სადაც ყველა თავისთვის იბრძვის და ნაკლებად საერთო საქმისათვის. სადაც ხშირად სახელმწიფო უცხო განყენებულ მცნებად და მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მიღების საშუალებად არის ქცეული. ჩვენ გვჭირდება ისეთი ახალი იდეა, რომელიც ცალ-ცალკე და ყველას ერთად, ერთ სახელმწიფოებრივ ამოცანად გვაქცევს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ცეკვა ხორუმი. მასში, იკითხება როგორც ეროვნული სული, ისე ქართველი კაცის დამოკიდებულება საკუთარ მიწასთან, მოყვასთან, სიკვდილ-სიცოცხლესთან, ეს არის ძიების, ბრძოლისა და გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდის სიმფონიაც. ახალი ეროვნული იდეის კონცეფციაც ერთიანი საქართველოს საერთო განვითარების კონტექსტში უნდა იყოს აგებული“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge