დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რა შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ წლიანმა მუშაობამ თავდაცვის სფეროში 22.02.2021 17:49

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი,  2019 წლის სექტემბრიდან თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ვაზიანისა და სენაკის სამხედრო ბაზების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზებზე სპორტული დარბაზების მოწყობა, ახალქალაქში საწყისი სამხედრო მომზადების ცენტრის მშენებლობა, - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც, მის სახელს უკავშირდება. ასევე, სწორედ ღარიბაშვილის  ამ თანამდებობაზე ყოფნისას, საერთო საჯარისო  ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ყაზარმები, ლაზარეთი, სასადილო, სასტუმრო, რეკრეაციული ზონა და სხვა.

 

თავდაცვის  ყოფილი მინისტრის  მიერ, უწყებაში გატარებული რეფორმები და განხორციელებული პროექტები „ჯორჯიან თაიმსთან“, ანალიტიკოსმა და სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ შეაფასა:

 

„ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, რამდენიმე მიმართულებით, საკმაოდ მსხვილი პროექტები დაიწყო. პირველი, ეს იყო მთელი თავდაცვის ძალებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რადგან,  წლების განმვალობაში სხვადასხვა ბაზებზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურს განსხვავებულ პირობებში გადიოდნენ. ზოგგან, ძველი სტანდარტების საბჭოთა პერიოდის ყაზარმები იყო, ნაწილი კი, ევრორემონტის პირობებში მსახურობდა. ბაზებზე არამხოლოდ საცხოვრებელი ფართებია, ანუ ყაზარმები, არამედ, სხვა დანარჩენი  ინფრასტრუქტურაც: ავტოტექნიკის პარკი, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი, ღია თუ დახურული სივრცეები, დასასვენებელი ადგილები და ა.შ.  ყველა სამხედრო ბაზაზე აქტიურად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები  და ამ ეტაპზე, ფაქტობრივად ყველა დასრულებულია“, - აცხადებს სალუქვაძე.

 

ექსპერტი სამხედრო პირებისთვის თანასწორი პირობების შექმნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს:

 

„ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რადგან, სამხედრო ბაზებზე უთანასწორო ყოფითი პირობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოფხვრილიყო.  ჩემი მონაცემებით, მთავარი პროექტები თითქმის დასრულებულია. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე, არის ანაზღაურება და სოციალური პაკეტები. თავდაცვის ხელმძღვანელობას შეიძლება მეტი სურვილის ჰქონდეს, მაგრამ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რისი შესაძლებლობაც იყო, ანაზღაურების გარკვეული მატებაც მოხდა.

 

ასევე, აღვნიშნავდი დაზღვევის ძალიან კარგ პაკეტებს, რომლებიც, თავდაცვის ძალების ყველა კატეგორიის თანამშრომლისთვის იქნა გაფორმებული და ამით ისინი და მათი ოჯახები სარგებლობენ. ყველაზე მთავარი მიმართულება ჩემთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, ეს არის შეიარაღების და ტექნიკის განახლება. საბოლოო ჯამში, ერთი წლისთვის საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა“, - დასძენს სალუქვაძე.

 

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი წელიწადზე ოდნავ მეტხანს იყო თავდაცვის მინისტრი და მან, პირველივე დღეებიდან ამ მიმართულებებზე მუშაობა დაიწყო.

 

„როცა თანამდებობაზე დაინიშნა, მასთან შეხვედრა  მქონდა, რაც,   საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ჯარში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით  ჩემი შეფასებები გავაცანი. ბევრი რამ რაც მოვახსენე, ბევრი მიმართულებით მუშაობა დაიწყო“, -აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

ექსპერტმა, ჩვენთან საუბარში თავდაცვის ახალი მინისტრობის კანდიდატის, - ჯუანშერ ბურჭულაძის შესახებაც ისაუბრა და მისი მუშაობის შანსების ეფექტურობას ხაზი გაუსვა:

 

„მომავალი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, მისი მოადგილის რანგში მუშაობდა. მას გარკეული გამოცდილება უკვე აქვს და კარგად იცის, თუ რა პრობლემებია თავდაცვის სამინისტროში. მას და მის საქმიანობას  პირადად არ ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე რაც არის ამ სფეროში გაკეთებული, ეს ნამდვილად არაა საკმარისი. ძალიან ბევრი ამოცანა დგას თავდაცვის ძალების წინაშე.  ამ ამოცანების განახლება ყოველწლიურად უნდა მოხდეს და ამისათვის მეტი ინტენსივობა და მუშაობაა საჭირო. დავაკვირდებით,  საექსპერტო შეფასებებით და რჩევებით გარედან ყოველთვის დავეხმარებით და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პირობებში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ახლად დამტკიცებული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება,“ - განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ამირან სალუქვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ