21:32 22.02.2021
ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოხვედით, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას - ლევან იოსელიანი

 

 

ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოხვედით, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას ,- ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე .

 

როგორც იოსელიანმა განაცხადა, კონფრონტაციას და ზიზღის გზა ირაკლი ღარიბაშვილს „დავით გარეჯამდე არ მიიყვანს“.

 

„თქვენ, ხშირად გიყვართ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსენება. ხან ახსენებთ ილია ჭავჭავაძეს, ხან ნიკო ნიკოლაძეს. სინამდვილეში, ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოხვედით და გამოდიხართ, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას.

 

როდესაც თქვენი წინამორბედი გადადგა და 200 ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, ამაზე მაინც დაფიქრდით, რატომ ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი. მისი ფოტო 20 ივნისსაც იდო და არავის არ დაულაიქებია „ფეისბუქზე“. იქნებ იმიტომ მოხდა, რომ დაინახეს, ამ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი კონფრონტაციისკენ, იქნებ, ეს დააფასეს საბოლოო ჯამში.

 

იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, საბოლოოდ, ამას არ გააკეთებთ. საბოლოოდ, თავს დააღწევთ კონფრონტაციას და ზიზღის გზას. ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, ეს გზა, ბატონო ირაკლი, დავით გარეჯამდე არ მიგიყვანთ“, -აცხადებს იოსელიანი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge