02:25 23.02.2021
მატყუარებო! ირაკლი ბათიაშვილმა მაშინ ყველას მოწმინდა შერცხვენილი სინდისი! - მაია ბათიაშვილი

საქართველოში ეროვნული მოძრაობის ცნობილი სახეები და მათი ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელში თავდაპირველად პოსტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ამ განცხადებით იგი პასუხს სცემს იმ ადამიანებს, ვისაც ისე გამოჰყავთ, თითქოს ზვიად გამსახურდია 1989 წლის 9 აპრილის დარბევის ღამეს მომიტინგეებთან არ ყოფილა. კონკრეტულად ვის გულისხმობს გამსახურდია, უცნობია, თუმცა ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება და ვნებათაღელვა მოჰყვა. თუ ჩავყვებით ასამდე კომენტარს, ადვილი მისახვედრი იქნება ისიც, რომ ფეისბუკსაზოგადოების გაღიზიანება ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის წერილს მოჰყვა. ირინა ბათიაშვილის განცხადებით, 9 აპრილის ღამეს ერთადერთი ლიდერი, ვინც ხალხი არ მიატოვა, იყო ირაკლი ბათიაშვილი. მძიმედ დაჭრილი იგი სხვებთან ერთად მოხვდა მორგში და ძლივს გადაურჩა სიკდილს. კონსტანტინე გამსახურდია წერს:

 

 

რაღაც გაუგებრობაა ეტყობა 9 აპრილთან დაკავშირებით: ისე გამოყავთ, თითქოს ზვიად გამსახურდია 1989 წლის 9 აპრილის დარბევის ღამეს მომიტინგეებთან არ ყოფილა. არათუ იყო, იგი მოიწამლა კიდეც, რამდენადაც შეისუნთქა მომწამვლავი ნივთიერება. ამიტომაც გამოვაქვეყნებ ნაწყვეტს ჩემი სტატიიდან ამ ღამეზე, რომელმაც დაიწყო ახალი ისტორიული ეპოქა. "პატრიარქის გამოსვლას, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დარბევის საფრთხის რეალურობაზე და მოშიმშილეებს მოუწოდა ქაშუეთის ტაძარში სალოცავად გადასვლისკენ, სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. ამის შემდეგ მომიტინგეეებმა გადაწყვიტეს, არ გასცლოდნენ იქაურობას და ბოლომდე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი. 9 აპრილის ღამეს დაუვიწყარია მერაბ კოსტავას საოცარი გზნებით, ექსპრესიითა და უზარმაზარი ზნეობრივი მუხტით გაჯერებული სიტყვები: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები, მაგრამ ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოსდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
როდესაც პატრიარქის გამოსვლა დასრულდა, ზვიად გამსახურდია იგონებდა, რომ მთავრობის სასახლის სვეტებთან მდგარი უშიშროების კომიტეტის ერთი მაღალჩინოსანი პირდაპირ მივიდა მასთან და შესთავაზა, დაუყოვნებლივ გამოსულიყო ხალხის წინაშე და მიტინგის დაშლისკენ მოეწოდებინა. ზვიად გამსახურდიას პასუხი ამაზე დააახლოებით ასეთი იყო: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ვერც ერთი ლიდერი ამ ადამიანებს ახლა ვერ დაშლის?! ისინი ბოლომდე დადგებიან, ხოლო ის, ვინც დაშლისკენ მოუწოდებს მათ, მოღალატედ და შტრეიკრეხერად იქნება გამოცხადებულიო?! ამაზე მაღალჩინოსანმა უპასუხა: თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მიტინგს ძალით მაინც დაშლიან, თქვენს სახლს ააფეთქებენ, თქვენს ოჯახს ფიზიკურად განადგურებენ, საბოლოოდ კი, თქვენც იგივე ბედი გელითო.
როდესაც დარბევა დაიწყო, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა თავიანთ ადგილებზე რჩებოდნენ, ანუ ტრიბუნაზე. რაღაც დროს, როდესაც ნიჩბებიანმა და მომწამვლავი ნივთიერებებით მოიერიშე ჯარისკაცებმა მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედნის დიდი ნაწილი დაიკავეს, ორივე ლიდერი ახალგაზრდებმა გამოარიდეს იქაურობას და ფილარმონიისკენ წაიყვანეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ დიდხანს არავინ იცოდა. მერაბ კოსტავა დააკავეს 9 აპრილს, დილით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც მან სცადა ჩაეტარებინა მცირე საინფორმაციო მიტინგი.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, იგი თავის სახლში აიყვანეს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და სამხედროებმა. მათ დაახლოებით დილის 8 საათზე პრაქტიკულად შემოამტვრიეს კოლხური კოშკის კარები. უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა უხეში ფორმით დააკავეს ზვიად გამსახურდია, მას აგინებდნენ და აფურთხებდნენ. შემდეგ რუს მედესანტეებს, რომლებსაც პოზიციები ჰქონდათ დაკავებული მისი სახლის ჭიშკართან, უთხრეს: „აი, ეს არის გამსახურდია, უმთავრესი მოღალატე, ხალხისა და სახელმწიფოს მტერი! გადაუარეთ მას!“ ჯარისკაცებმა ზვიად გამსახურდიას ცემა დაუწყეს. შემდეგ იგი ორთაჭალის იზოლატორში მოათავესეს. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გარდა, დააპატიმრეს გიორგი ჭანტურია და ირაკლი წერეთელი. დაპატიმრებულთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე."

 

 

გამსახურდიას იქვე პაუხობს ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე, მაია ბათიაშვილი და წერს:  

 

რამხელა სიცრუეს წერ, არ გრცხვენია, კოკო?! ამით განსხვავდებოდა მერაბი ზვიადისგან თუნდაც. ის არასდროს იტყოდა ასეთ ტყუილს! ვინ იყო მოწამლული?! ზვიადი? ერთი თმა არ ჩამოვარდნია მამაშენს იმიტომ, რომ დროზე წავიდა! რა არის ტყუილი ჩემი შვილის პოსტში. მამაშენმა არ მიატოვა ხალხი?! ბოლომდე დარჩა?! შეეჯახა ბათიაშვილივით ოკუპანტებს და აიჩეხა ირაკლისავით?! ზვიად გამსახურდია სახლში არ აღმოაჩინეს?! ამაზრზენია ეს შენი ტყუილი! ნამდვილად არ მოველოდი ასეთ ფარისევლობას შენგან. კოკო, ასეთი სამარცხვინო სიცრუით და ისტორიას ვერ გააყალბებ! ირაკლი ბათიაშვილმა, მთელ ეროვნულ მოძრაობას მოწმინდა მაშინ პირი და ამის აღიარება მოგიწევთ!! ახლა, კარგად შეხედეთ შენც და ყველა აქ მყოფმა ძარღვგაწყვეტილმა და სინდისგარეცხილმა - ეს ფოტოები 1989 წლის 9 აპრილს არის გადაღებული. პირველ ფოტოზე ირაკლი ბათიაშვილია აღბეჭდილი რუსთაველის გამზირზე გარდაცვლილებს შორის! ამით ყველაფერია ნათქვამი! რეანიმაციაში! ზვიადი იყო მოწამლული? რამხელა ტყუილია. თითიც კი არ ატკივებია და თმაც კი არ ჩამოვარდნია. მატყუარებო! ირაკლი ბათიაშვილმა მაშინ ყველას მოწმინდა შერცხვენილი სინდისი!!!!

 

 

მაია ბათიაშვილი აქვეყნებს ორ ფოტოს. ერთი 10 აპრილის დილით არის გადაღებული, მეორე კი - მოგვიანებით, როცა ირაკლი ბათიაშვილი საავადმყოფოს პალატაში გადაიყვანეს.

 

 

 

 





ავტორ(ებ)ი : geotimes.ge