5000 პოლიციელი ერთ ადამიანს აკავებდა, რაც, უკვე პოლიტიკური დევნაა - გია ხუხაშვილი

დღეს, დილით "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სპეცრაზმის მეშვეობით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სპეცოპერაციის დროს, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ენმ-ის ოფისში  მელიას  დასაცავად პოლიტიკოსები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.

 

„ეს არის რეჟიმის დასასრული. რეჟიმები ზუსტად ასე სრულდებიან, როგორც არასდროს, ვარ ძლიერად, მაგრად, მჯერა, რომ ამ კადრებს როცა ნახავენ ჩვენი შვილები, ამ კადრებს ნახავს ჩემი შვილი, იამაყებს საკუთარი მამით. ამიტომ, გავრილოვი, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე ვერ გაგვასამართლებენ. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა გაგვაერთიანა, ასე ვიქნებით იქამდე, ვიდრე ეს რეჟიმი არ დაენარცხება ძირს,“- განაცხადა ნიკა მელიამ დაკავების წინ.

 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების ფაქტი „ჯორჯიან თაიმსთან“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა შეაფასა:

 

"ყველაფერი სერიოზული დრამის გარეშე დამთავრდა. არ გვყავს დაშავებულები. ოპოზიციაც  საკმაოდ პასუხისმგებლიანად მოიქცა  და აქტიური წინააღმდეგობა, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. ეს არის კარგი.

 

რაც შეეხება ამ მოვლენის გრძელვადიან შედეგებს, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იქნება.  მმართველმა გუნდმა ისეთი ორიენტაცია აიღო , რისი ადგილიც, დეკლარირებულ განვითარების ვექტორთან  შეუთავსებელია. საქმე ნიკა მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრებაში კი არ არის, იმაშია, რომ მელიას ჯერ არაფერი არ აქვს მისჯილი ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, რომ წინასწარი პატიმრობის გამო, 5000 პოლიციელი ერთ ადამიანს აკავებდა, რაც პრინციპში, უკვე ფორმდება როგორც პოლიტიკური დევნა. მელიაზე განაჩენი უკვე გამოტანილი რომ იყოს და ამ საქმეზე ბრალდებულად იყოს ცნობილი, ამ შემთხვევაში, რაღაც ლოგიკა იქნებოდა. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამ თემის მართლმსაჯულების ინტერესების განხორციელებად გასაღება."

 

გია ხუხაშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების მსგავსად მოქმედებს:

 

"სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება. იგივე პოლიციელები, რომლებიც წინა რეჟიმის დროს იყვნენ, იგივე მეთოდები. გამოდის, რომ დღევანდელი ხელისუფალი იმ რეჟიმს კი არ ებრძოდა, უბრალოდ, მისთვის წართმევა უნდოდა და ზუსტად იგივე გზას დაადგა,"- აღნიშნა ექსპერტმა.

 

როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობა დღეს, 3 საათზე საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები  და  როგორ აისახება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ფაქტი ქვეყნის იმიჯზე, - ამის შესახებ ხუხაშვილმა განაცხადა:

 

"პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მოლაპარაკებების სივრცე დაიხურა, დამთავრდა. ადრე იმიტაცია იყო. მაშინაც დიდი მოლაპარაკებები არ მიდიოდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ორივე მხარე კონსტრუქციულობანას თამაშობდა. ეს ფანჯარა დაიხურა და ახლა ტოტალური კონფრონტაცია დაიწყო, ერთი მხრივ, აბსოლუტურად სტერილურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამაც, პროცესს შეუქცევადი ხასიათი მისცა, ამის შემოტრიალება უკვე შეუძლებელია.

საერთაშორისო თანამეგობრობისგან ძალიან მძიმე რეაქცია იქნება და ეს მძიმე რეაქცია  დღითიდღე უფრო დამძიმდება."

 

ექსპერტმა "ჯორჯიან თაიმსს" ასევე განუცხადა, რომ ნიკა მელიას ამ ფორმით დაკავებით ხელისუფლება უფრო  დაზიანდა და ეს ფაქტი მისი "სისუსტის დემონსტრირებად" შეაფასა:

 

"იყოყლოჩინა და "მაგარბიჭობანა" ითამაშა. თურმე, ფიზიკურად შეუძლია ვიღაცას მოერიოს. ამისი დემონსტრირება მოახდინა. ნებისმიერი ხელისუფალი, რომლის ხელშიც მთელი ძალოვანი სისტემაა, ნებისმიერს მოერევა. როგორც ჩანს, სისუსტის გამოვლინების იმდენად ეშინიათ, რომ ყველაფერზე მიდიან. რეალურად, პოლიტიკურად ეს პარტია, დასავლეთის თვალში წაგებულია. ეს სისუსტის დაფარვის მიზნით იყო გაკეთებული და პირიქით, სისუსტის დემონსტრირებაა,"-  აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

ნიკა მელიას დაკავებას შეფასებები უკვე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა:

 

"ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით", - დაწერა ადამ კინზინგერმა.

 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავება მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც შეაფასეს:

 

"სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა რომ ემუქრებოდა პატიმრობა, შესაბამისად მან განგებ აირჩია პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაცია.

 

დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცვამა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე "- განაცხდა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრები  საპროტესტო აქციისთვის უკვე ემზადებიან.სასამართლო კი ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. საქმე 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხება.

 

ცნობისათვის, ნიკა მელიას საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

 

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები