დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

გიორგი გახარიას აქვს იმის რესურსი, რომ მესამე პოლიტიკური ძალა შექმნას - რამაზ საყვარელიძე 24.02.2021 17:00

ქართულ პოლიტიკაში,  ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი  და მოულოდნელი ფაქტი მოხდა. გიორგი გახარიას გადადგომა, ირაკლი ღარიბაშვილის   პრემიერ-მინისტრად დაბრუნება, ნიკა მელიას დაპატიმრება, - ეს ის აქტუალური საკითხებია, რომლებმაც,  საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

 

ექსპერტმა, ჩვენთან საუბარში, გიორგი გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება შეაფასა:

 

„ჯერ არ ვიცით, სად წავიდა გახარია, ან სად მიდის. ჩემი აზრით, თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდება, მაშინ პარტია უნდა გააკეთოს. ასეთი  პერსპექტივა განსხვავებულ შეფასებას  იმსახურებს. სანამ გიორგი გახარია არ განაცხადებს, საითკენ აქვს გეზი აღებული, შეფასება ძნელია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, მეეჭვებოდა, რომ  მეორედ  პრემიერ-მინისტრობას არ დათანხმდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ძველ კაბინეტში შესვლა ადამიანებს არ უყვართ ხოლმე. მაგრამ, რადგან  დათანხმდა, უკვე საინტერესო ფაქტია, რადგან, ეს "ქართული ოცნების" რეალობაში გარკვეულ სიახლეებს შეიტანს და  ვფიქრობ, ეს პარტია უფრო ქმედითი გახდება“, - აღნიშნა მან.

 

 

საყვარელიძის აზრით, ნიკა მელიას დაკავება, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

 

„ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ ეს არ იყო მარტო ნიკა მელიას თემა. ცოტა ხნის წინ,  სააკაშვილი  საქართველოს მოსახლეობას საბოტაჟისკენ მოუწოდებდა. ნიკა მელია კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის ილუსტრაცია იყო. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ მელია ხელშეუხებელია, მაშინ სააკაშვილის მოწოდების ქვეშ საფუძველი კეთდებოდა, რომ აი თქვენც ხელშეუხებელი იქნებით, როგორც ნიკა მელია. ეს კი მთელი სახელმწიფოს დანგრევას გამოიწვევდა. მოსახლეობა კანონის უგულებელყოფას დაიწყებდა.

 

ნიკა მელიას თემა მოცემულ სიტუაციაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. დაუმორჩილებლობის თუნდაც ერთი ფაქტი, ძალიან მარტივად შეიძლება პოლიტიკური  ბრძოლის ინსტრუმენტი გახდეს. მისი დაკავება თუნდაც ამიტომ იყო აუცილებელი.  ოღონდ, როგორც კი მომწიფდა გადაწყვეტილება, რომ მელია შეიძლება დააკავონ, უცხოელებთან მუშაობა და მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება იყო საჭირო.

 

როგორც დღევანდელი რეაქციებით ვხედავთ, უცხოელებისთვის  მელიას დაკავება არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება და ეს, რა თქმა უნდა, კრიტიკას იმსახურებს.

 

ამ ნაბიჯის პოლიტიკური მხარისთვის  საჭირო იყო ისეთივე მომზადება, როგორც მოემზადნენ სამართალდამცავები მისი აყვანისთვის. ფილიგრამულად ჩაატარეს და ასეთივე ფილიგრამულობა იყო საჭირო საერთაშორისო ასპარეზზე ამ ნაბიჯის გადადგმამდე“, - აცხადებს საყვარელიძე.

 

„ჯორჯიან თაიმსის“კითხვაზე, - უნდა ველოდოთ თუ არა ქართულ პოლიტიკაში ე.წ "მესამე ძალის" გამოჩენას, - ექსპერტმა განაცხადა:

 

„თუ გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა და პარტია შექმნა, მას ექნება იმის რესურსი, რომ მესამე ძალა გახდეს. მესამე ძალა კი, ის ძალა იქნება, რომელიც, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი, თანამშრომელი პარტიების პოლიტიკურ რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა დაწევს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ