22:46 24.02.2021
ეს არის პოლიტიკური დემარში - პავილიონისის საქართველოში ვიზიტი ლიეტუვის სეიმმა განიხილა

ლიეტუვაში სეიმის ხელმძღვანელობის სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სხდომაზე პავილიონისის ვიზიტსა და განცხადებებზე გაკეთდა კომენტარები ვიცე-სპიკერების მხრიდან. ისინი შეთანხმდნენ, რომ პავილიონისმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ თავისი ანგარიში წერილობით ან სიტყვიერად მაინც უნდა წარადგინოს, რათა გაირკვეს, რეალურად რა მოხდა საქართველოში და რა მიზანი ჰქონდა პავილიონისის განცხადებებს, რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

სეიმის საბჭომ სწორედ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგი მანტას პავილიონისი იმ განცხადებების განმარტებისთვის, რომელიც მან საქართველოში ვიზიტისას გააკეთა, ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაებარებინათ.

პავილიონის განცხადებებზე ისაუბრა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც. მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს, საკუთარ განცხადებებში დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. მისი აზრით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა“, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ. არაერთი სტატია თუ სატელევიზიო ეთერი მიეძღვნა პავილიონისის იმ განცხადებებს, რომელიც მან საქართველოში ვიზიტისას გააკეთა - თემას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრიც აუდრიუს ბუტკევიჩიუსი. მისი თქმით, პავილიონისიც ისე იქცევა, როგორც იქცეოდნენ რუსები, რომლებსაც გარკვეულ ტერიტორიაზე მისულებს ეგონათ, რომ უფლება აქვთ ადგილობრივ მცხოვრებლებს ასწავლონ.

„საქართველოში რომ გამგზავრებულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ამაზე შეიძლებოდა არ გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ როდესაც ამას სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს, ეს არის პოლიტიკური დემარში. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ და შევაფასებთ მუქარას, რომ გამოყენებული იქნებოდა მისი გავლენა ნატოსა და ევროკავშირში“, - ასეთია ის შეფასება, რომელსაც ლიეტუვის მედია აქტიურად აშუქებს ბოლო დღეების განმავლობაში.

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამის შემდეგ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის ლიეტუვის სეიმში დაიბარეს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge