23:03 24.02.2021
ის, რაც ახლა ქართულ რაგბიში ხდება, არა მხოლოდ უსამართლობაა, დიდი უნამუსობაც არის - ჯაბა ხუბუა
ჯაბა ხუბუას პოსტი:
ის, რაც ახლა ქართულ რაგბში ხდება, არა მხოლოდ უსამართლობაა, დიდი უნამუსობაც არის.
აი, ნახეთ: რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სახელოვანი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი წლების განმავლობაში, ევროპის ერთა თასის 5-გზის ჩემპიონი, 3 მსოფლიო თასის მონაწილე ირაკლი აბუსერიძე.
და აი, ასეთ კაცს, რომელმაც ორგანული შეგრძნების დონეზე იცის, რა უჭირს და რა სჭირდება ჩვენს რაგბის; კაცს, რომელსაც კარგად იცნობენ მსოფლიო რაგბის სამყაროში და პატივს სცემენ; კაცს, რომლის თუნდაც პირადი კონტაქტები საერთაშორისო რაგბის მნიშვნელოვან ფიგურებთან უთუოდ იქნება ქართული რაგბის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი, ხელების გადაგრეხვით, პოლიტიკური და ვითომ სამართლებრივი ფინტების გამოყენებით ართმევენ მოგებულ არჩევნებს და რაგბის კავშირის პრეზიდენტობას.
ვინც ამას აკეთებს, ვინც ცდილობს, ქართული რაგბის ოჯახი გახლიჩოს და რაგბთან ირიბ კავშირშიც კი არასოდეს მყოფი პერსონები დასვას რაგბის სათავეში, არამხოლოდ ქართული რაგბის, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნეა. კარგი იქნება, ამ ურთულესი დროისა და მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხში როგორმე ჩაიხედოს და არ დაუშვას უსამართლობა არამხოლოდ ირაკლი აბუსერიძის, არამედ სრულიად ქართული რაგბის მიმართ.
რაგბი არის მორაგბეების და ქართველი ხალხის! რაგბი პოლიტიკური მაფიოზებისა და ჯიბესქელი საქმოსნების საპარპაშო არ არის!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge