დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - 25 თებერვალი, როგორც საბჭოური ცენზურის “ჩეპე” 25.02.2021 12:14

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

 

"საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, ამ მოვლენის მთელ ტრაგიზმს კოლაუ ნადირაძის მართლა ეპოქალური ლექსი “1921 წლის 25 თებერვალი“ გამოხატავს, რომელიც საქართველოს გასაბჭოების და იმ ტრაგიკული ისტორიის ყველაზე მძაფრი და ზუსტი გამოხატულებაა.


ლექსი კი იმითაც გახდა ცნობილი, რომ “ამერიკის ხმამ” გადმოსცა, საქართველოში გასული საუკუნის 80 -იანი წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზეობისას. და მახსოვს რა ეფექტი ჰქონდა ამ ლექსის სტრიქონებს-"თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით"


კოლაუ ნადირაძე, უკანასკნელი დიდი ცისფერყანწელი, თავისი ბუნებით ნამდვილი დისიდენტი და პატრიოტი, ცისფერყანწელთა ღირსეული წარმომადგენელი იყო. მისთვის მთავარი საფიცარი და ხატი საქართველო იყო ყოველთვის.
ამიტომაც იტყვის უკვე ასაკში შესული, რომ -„მე ვანაცვალე მხოლოდ სამშობლოს ჩემი ფიქრი და განცდა“.


მართალია, საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ქართველი პატრიოტების ნაწილი, კომუნისტური ტერორის მსხვერპლი გახდა, ნაწილი უცხოეთში წავიდა, მაგრამ ვინც ამ ჯგუფიდან საქართველოში დარჩა არ გამხდარან ე.წ წითელი ინწილიგენცია, უბრალოდ ან გარკვეულ თამაშში შევიდნენ ბოლშევიკებთან ან გვერდზე გადგნენ დროებით...ფიზიკური გადარჩენის და თავიანთი მისიის ბოლომდე შესასრულებლად.


კოლაუ ნადირაძემ, თავისი ოცნება მაინც აისრულა, 1990 წელს გარდაიცვალა და როგორც უკანასკნელი ცისფერყანწელი, დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებას მოესწრო...მანამდე კი 1969 წელს, ცნობილი პერესტროიკის გარიჟრაჟამდე დიდი ხნით ადრე სიმბოლურად 25 თებერვალს დაწერა ეს ლექსი-“1921 წლის 25 თებერვალი“, რომლითაც წლების შემდეგ 1985 წელს როდესაც ეს ლექსი დაიბეჭდა “პოეტის ათას სტრიქონში” საბჭოთა იმპერიას ერთი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური აგური გამოაცალა.


თავად უსაზღვროდ ყოფილა გახარებული, როცა ეს ლექსი გაიპარა– ხომ ჩავეცი კომუნისტებს ლახვარი ზურგშიო! – უთქვამს. ისიც ალბათ სიმბოლური იყო, რომ ლექსი იმ წიგნში დაიბეჭდა, რომელიც დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70 წლისთავს მიეძღვნა! კოლაუ როგორც თავად ამბობდა უბრალოდ ასაკმა გადაარჩინა(მაშინ უკვე 93 წლისა იყო).
კოლაუ ნადირაძის “25 თებერვალი, 1921 წ.” როგორც საბჭოური ცენზურის “ჩეპე”…


თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა და ისევ ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს
არ შეგიბრალეს კვლავ არ დაგინდეს,
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდ თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი.
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.


არა ოკუპაციას, არა სახეშეცვლილ რუსულ აგენტურას, არა ნეო ბოლშევიზმს!


გვახსოვდეს რაც მოხდა, საქართველო გიყვარდეთ!" - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ