დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გამოვდივარ საქართველოში ვაქცინის შემოტანის ინიციატივით - გიორგი ჩალაძე 25.02.2021 17:31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ფაიზერის ვაქცინის შემოტანის თარიღმა მარტის ბოლოსკენ გააიწია. ასევე, მარტში მოხდება "ასტრაზენეკას" რამდენიმე ასეული ათასი დოზის შემოტანა. როგორც  საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე  გახდა  ცნობილი, "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ევროკავშირის დაკვეთები ვერ შეასრულეს.


"ფაიზერი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი დღეს და მას უნდა, რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც, პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომლითაც, კოვაქსიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში, 4 მათ შორის იყო ევროპული და გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ, ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით ფაიზერთან მიმართებაში"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ფაიზერის  29 250 დოზა უნდა მიეღო, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ  გაბუნიას განცხადებით,  დამატებითი მოთხოვნების გამო მოწოდება გადავადდა. 


"მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ-ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით  ფაიზერისგან", – განმარტა გაბუნიამ. მისივე თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს  ასტრაზენეკასთანაც და დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 
რატომ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა და  როგორ აისახება ეს ეპიდ-ვითარებაზე, მაშინ, როცა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ეს პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია.

 

ამ საკითხზე, „ჯორჯიან თაიმსთან" გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, - გიორგი ჩალაძემ ისაუბრა.  მისი განცხადებით, ვაქცინის დაგვიანება მთავრობის მხრიდან,  არაკომპეტენტურობის შედეგია:

 

"ამას ჰქვია უნიათობა, მეტი არაფერი. ეს არის არაპროფესიონალიზმი და ადამიანების ტყუილებით გაბერვა. მათ უბრალო, კომპეტენცია არ ჰყოფნით. ყველამ თქვა დადასტურებულად, რომ ფაიზერი ჩამოვიდოდა, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ასე არ იყო. მათ, უბრალოდ, კითხვარი მიიღეს, რომელიც, სტანდარტული დოკუმენტია. ამ ადამიანებს კომპეტენცია არ ეყოთ კითხვარის აზრს მიმხვდარიყვნენ, რადგან კითხვარში  80 გრადუსიანი მაცივრების მზაობა-არმზაობა ეწერა, მათ ჩათვალეს, რომ ფაიზერს აძლევდნენ. ეს იყო წინასწარი ცრუ დასკვნა, რომელიც, პილიტიკურად გამოიყენეს. ყველაზე ცუდი რაც არის, ისინი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზაციას ახდენენ. ჯანმრთელობაში პოლიტიკა არ შეიძლება რომ იყოს, განსაკუთრებით ვაქცინაციაზე. მათ ვერ შეძლეს და ბარემ სხვამაც არ გააკეთოს, - "ავი ძაღლის" პრინციპით მოქმედებენ."

 

გიორგი ჩალაძემ,  „ჯორჯიან  თაიმსთან“ ექსკლუზიურად, საკუთარ შეთავაზებაზეც ისაუბრა. ის ხელისუფლებას შემდეგ ინიციატივას სთავაზობს: 


"ეს არ არის არავითარი კომერციული ინტერესი, მით უმეტეს, - პოლიტიკური. მთავარია, ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდეს. კონტრაქტსაც სიამოვნებით დავუთმობ, ოღონდ, ეს ვინმეს სახელით მოხდეს.  


დღეს დადასტურებული  წინასწარი  მოლაპარაკება  და თანხმობა ჩემს კომპანიას ასეთი აქვს - ოქსფორდის ასტრაზენეკას ვაქცინის ერთი მილიონი დოზის შეძენა  და კიდევ ერთი მილიონი სარეზერვო რაოდენობა. თუ ენდომებათ, ერთიანად შეგვიძლია ვიყიდოთ, თუ უნდათ, ნაწილ-ნაწილ. ჯამში, ორ მილიონ დოზაზეა საუბარი, რომელიც, ჩვენს ქვეყანას სრულიად  ეყოფა. კომფორტულად თანამშრომლობენ იმ პირობებსა და ვადებში, როგორც ჩვენ ვეტყვით.  

 

აქვე, თქვენი მეშვეობით,  სახელმწიფოს ვთავაზობ, გამოყოს წარმომადგენელი, ჩემს წარმომადგენლებთან ერთად  ჩავიდეს მწარმოებელთან  და   სანამ ტვირთი ჩამოვა, ადგილზე შეამოწმოს, რომ ყოველგვარი სპეკულირება გამოირიცხოს. სრულ გამჭვირვალობაზე და ანგარიშ ვალდებულებაზე მზად ვარ. მე პარტნიორობასა და კოორდინაციას ვთავაზობ, ისინი პოლიტიკურ, ანგაჟირებულ თამაშებს. აქ ფულზე არაა საუბარი, მხოლოდ მორალურ ბენეფიტებზე. არ მინდა, რომ კომერციალიზაცია მოხდეს, ან ერთმა პირმა ნახოს მორალური მოგება. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს მოგებული."


როგორც  გიორგი ჩალაძემ „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, მის შეთავაზებას არც განიხილავენ და არც მათი პროექტი ჩანს. ამასობაში, კი ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი იზრდება:

 

"სამინისტროში  ყოველდღე ვრეკავთ და გვეუბნებიან, რომ პროექტი არის მზად. როგორც „ცისფერ მთებშია“, - შევქმნით საკითხის შემსწავლელ  კომისიასო, - ამ შემთხვევაშიც ასეა”.

 


მიუხედავად ერთთვიანი ლოდინისა, საქართველოში ვაქცინა  ამ დრომდე არ არსებობს.  ფაიზერისა და ასტრაზენეკას მიღების მოლოდინში კი, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინის გარეშე გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ