დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საბოლოო მიზანი არის ეროვნული იდეა, ამ მიზნამდე მისვლის გზა არის სტრატეგია - ამირან სალუქვაძე 25.02.2021 20:51

ამირან სალუქვაძის ბლოგი:

ეროვნული იდეის შესახებ.
ხშირად ვსაუბრობთ, რომ საქართველომ ფუნქცია დაკარგა, ეროვნული იდეა არ გაგვაჩნია და ა.შ. რა ფუნქცია დავკარგეთ, როგორ დავკარგეთ, ანუ რამ/ვინ დაგვაკარგვინა და რა შედეგი მივიღეთ, იდეალურადაა ახსნილი "დათა თუთაშხიაში". მე მხოლოდ შევეცდები გლეხურად ავხსნა, როგორ მესმის ეროვნული იდეა. ხშირად შემხვედრია მიზნების, ამოცანების, ფუნქციების ერთმანეთში აღრევა და არასწორი გადმოცემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ და განვმარტოთ ეს ცნებები, რადგან ერთმანეთში არ აგვერიოს რისი მიღწევა გვსურს იმასთან, თუ რითი უნდა მივაღწიოთ. მიზანი არის ის, თუ რისი მიღწევა გვსურს, ანუ საბოლოო შედეგი. მიზანი მიიღწევა გარკვეული ამოცანების გადაჭრით. ამოცანები გადაიჭრება სხვადასხვა ფუნქციების შესრულებით. ფუნქციები კი ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით. ეროვნული იდეა მარტივად ყალიბდება და მნიშვნელოვან ღირებულებებს ეყრდნობა.
მთავარი ღირებულებებია:
თავისუფლება,
ტერიტორიული მთლიანობა,
ეროვნული იდენტობის (რთული ცნებაა. აქვე მოვიაზრებ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს) შენარჩუნება.
ნაციონალური იდეა კი ამ ღირებულებებს ეყრდნობა, მის ირგვლივ ყალიბდება.
ნაციონალური იდეა არის ნაციის არსებობის აზრი, თუ რისთვის ვართ, რისთვის ვმოღვაწეობთ, რისთვის ვბრძოლობთ.
ჩემი აზრით იმ სამი რამისთვის ვარსებობთ და ესაა ჩემთვის საქართველოს ეროვნული იდეა.
რა გზებით, რა ამოცანების, რა ფუნქციების შესრულებით მივაღწევთ ამ იდეის განხორციელებას, ეს სხვა საქმეა.
თუმცა, ვერაფერს მივაღწევთ, თუ ამ იდეას არ ჩამოვაყალიბებთ და არ გავაგებინებთ საზოგადოებას, არ ჩავუნერგავთ ბავშვებს, ახალგაზრდებს.
შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციაა ის ოფიციალური საბუთი, რომელიც შეიცავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს და ცხოვრების წესებს ამ ფასეულობების თანახმად.
ოღონდ:
1. კონსტიტუცია ცხოვრების, მოქალაქეთა თანაცხოვრების წესია, და არა დასახული მიზნის მიღწევის სტრატეგია.
2. ის ღირებულებები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და რომლებიც კონსტიტუციაშია, სწორად გვესმის?
ორთავე პუნქტის მაგალითებს განვიხილავ:
1. ჩვენი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაგრამ გვაქვს დეოკუპაციის და ამ რეგიონების ჩვენს იურისდიქციაში დაბრუნების სტრატეგია და ეროვნული თანხმობა ამ სტრატეგიასთან მიმართებაში? ვინმეს ჰგონია სხვაგვარად რაიმეს მივაღწევთ?
2. ღირებულებები. ყველას ერთნაირად გვესმის რა არის თავისუფლება? ერის, ქვეყნის და ცალკეული ადამიანის თავისუფლება გვერევა ერთმანეთში და ვერ გაგვიგია რომელი უფრო მაღლა უნდა იდგეს.
ძალიან ბევრს ვერ გაუგია ზღვარი თავისუფლებასა და გარყვნილობას შორის. ამ ღირებულებებს ოჯახთან ერთად სასწავლო დაწესებულებებში უნდა ასწავლიდნენ. ჩვენთან განათლების მინისტრები მოდიან, საკადრო ცვლილებებს ახორციელებენ, რეფორმებს ატარებენ, პასუხს არაფერზე აგებენ.
რატომ? სხვაობას ვერ ვხვდებით განათლებასა და ცოდნას, განათლების სისტემასა და ცოდნის მიცემის სისტემას შორის.
ადრე დავწერე და გავიმეორებ: დიპლომი არ ნიშნავს განათლებას, ცოდნა არ ნიშნავს ინტელექტს.
განათლება არის ცოდნა+აღზრდა, ინტელექტი არის ცოდნა+აზროვნება.
ხომ ვხედავთ, რომ მუდმივად ებრძვიან სახელმწიფოს, ერის ფუნდამენტალურ ღირებულებებს და საინფორმაციო სივრცეში მეტი დრო ეთმობა ზუსტად ამ ღირებულებების არასწორ ინტერპრეტაციას, პროპაგანდას ვუწევთ ისეთ თვისებებს (ვერ დავარქმევ ღირებულებებს), რომლებსაც უფსკრულისკენ მივყავართ.
ყველა, ვინც ამას აკეთებს, თავის ვიწრო ინტერესებს ემსახურება და კარგად ათვითცნობიერებს, რასაც აკეთებს.
არსებობენ უბრალო "დურაკები" და ინიციატივიანები. მეორე კატეგორიის ხალხი საშიშია თანამდებობებზე. მხოლოდ ნგრევა მოაქვთ.
მაგრამ, განსაკუთრებით საშიშნი არიან მავნე-ჭკვიანები, როცა ტალანტს, ჭკუას, კრეატიულობას სახელმწიფოს, ხალხის წინააღმდეგ იყენებენ.
ხომ ვხედავთ ყოველ დღე, როცა:
-ნარკოპოლიტიკას კი არ ვაყალიბებთ, პროპაგანდას ვუწევთ?
--სავალდებულო სამსახურის დახვეწაზე კი არ ვმუშაობთ, მის წინააღმდეგ ვილაშქრებთ და ვნერგავთ აზრს, რომ სახელმწიფოს, ერის, საზოგადოების წინაშე ვალდებულება არ უნდა გვქონდეს?
-როცა ფსევდო თავისუფლებას, ფსევდო ღირებულებებს ვნერგავთ და პროპაგანდას ვუწევთ?
თავისუფლება ისაა, როცა გარე დიქტატისგან თავისუფლდები და არა ის, როცა საზოგადოებაში მიღებულ ეთიკურ ნორმებს უგულებელჰყოფ და საკუთარი ცხოვრების წესს სხვებს ახვევ თავზე.
ფუნქციებს რაც შეეხება, რაზეც ნაწარმოებშია საუბარი. ამ მეოთხედი საუკუნის მანძილზე შევეცადეთ რაღაც ფუნქვიები გვეპოვა ენერგო პროექტების, ტრანზიტული ქვეყნის სახით. ოღონდ ვერ გაგვიაზრებია რისთვის გვჭირდება ეს ფუნქციები, რა მიზანს ემსახურება.
მთავარი პრობლემა, როგორც აღვნიშნე, ღირებულებათა აღრევაში, მათ არასწორ გაგებაშია და, სანამ ამას არ გავიაზრებთ, წრეზე ვიტრიალებთ, უკეთეს შემთხვევაში.
ამიტომ, უნდა გავერკვიოთ რა გვსურს, საითკენ მივდივართ, როგორ საზოგადოებას და სახელმწიფოს ვაშენებთ, ანუ რა მიზანი გვაქვს.
აქვე კიდევ რამდენიმე ცნება უნდა დავაზუსტოთ:
- სამშობლო. სამშობლო მხოლოდ ის არაა „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“... შეიძლება თვითმფრინავში დაიბადო და ავსტრალიაში გაიზარდო. სამშობლო შენი წინაპრების ყივილია, მათი საფლავებია, საუკუნეების მანძილზე სისხლით მორწყული მთა-მდელოა...
- ქვეყანა. ქვეყანა ამ მთა-მდელოზე მობინადრე შენი თანამემამულეებია, შენი ოჯახის წევრებია, შვილებია, დედმამისშვილებია, ნათესავებია, მეგობრებია, მეზობლებია, ნაცნობებია, უცნობებია, შენი თანამებრძოლებია...
შესაძლოა სხვაგან ცხოვრობდე და ის ქვეყანაც გიყვარდეს. ზოგი ამბობს ორი სამშობლო მაქვსო. რთული წარმოსადგენია ორი სამშობლო. ერთი თაობა არაა საკმარისი, რომ სხვა ქვეყანა შენს სამშობლოდ აღიქვა. თან ამას სჭირდება, რომ შენს ფუძეს მოსწყდე და მასთან კავშირი გაწყვიტო. და მაინც, სამშობლო სამშობლოა.
- სახელმწიფო. სახელმწიფო ამ შენს ქვეყანაში, ამ მთა-მდელოზე, ამ ხალხის მიერ დაწესებული ცხოვრების წესებია. კლასიკური განმარტებით სახელმწიფო ორგანიზაციაა, თავისი სუვერენული უფლებებით, მართვის და აღსრულების მექანიზმებით და ა.შ.
როცა გავერკვევით რა გვსურს, რას ვაშენებთ, ანუ მიზანს ჩამოვაყალიბებთ, შემდეგ უნდა გავწეროთ რა ამოცანები, რა ფუნქვიები, რა ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, რათა მიზნამდე მივიდეთ და გზად ხიფათებს თავი ავარიდოთ.
საბოლოო მიზანი არის ეროვნული იდეა. ამ მიზნამდე მისვლის გზა არის სტრატეგია.
(ნაჩქარევად ჩამოვყარე, დილაადრიან. არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი სწორად ჩამოვაყალიბე. მაგრამ ამ ყველაფერზე რომ უნდა ვიფიქროთ, ვიმუშაოთ, გრძელვადიანი მიზნები და მათი განხორციელების გზები უნდა დავსახოთ, დარწმუნებული ვარ)ც

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ