დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საქართველოს დამოუკიდებლობა იოლად არ დაუთმია – ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო წინააღმდეგობა და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა 25.02.2021 21:51

1921 წლის 25 თებერვალი: როგორ გვატყუებს ბოლშევიკების დეზინფორმაცია 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა და განადგურება მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებული, საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათ წელს გაგრძელდა. საქართველოს დამოუკიდებლობა მარტივად არ დაუთმია – ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო წინააღმდეგობა და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა. თუმცა, თებერვლის შემდეგ, ქართული ჯარი მარტის შუა რიცხვებამდეც კი იბრძოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისის დატოვების შემდეგ, ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა, მას კაპიტულაცია მაშინვე არ გამოუცხადებია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი რესპუბლიკის მესვეურებმა “წითელ” მტერთან გაჩაღებული ბრძოლის დროს მაინც შეძლეს და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის სანიმუშო სახელმწიფო დოკუმენტად შეიძლება, ჩაითვალოს.
საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაშიც და ახლაც, კრემლის დეზინფორმაციული მანქანა ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ქართველები სიხარულით შეხვდნენ ბოლშევიკებს, თითქოს, ჩაგრული მუშათა კლასი „მენშევიკური“ მთავრობის წინააღმდეგ თავად აჯანყდა და რუსულ წითელ არმიას დასახმარებლად უხმო; თითქოს და, ქართულ მიწას გლეხები, მუშები, მეწარმეები თუ სხვა „უბრალო“ მოქალაქეები არ იცავდნენ, თითქოს, საქართველო უბრძოლველად დანებდა და მხოლოდ ყმაწვილი იუნკრების ამარა იყო დარჩენილი. თუმცა, ეს ცინიკური და ბოროტი მითები ისტორიულ სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება და მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის გასამართლებლად არის მოგონილი. გავიხსენოთ თუნდაც ის რამდენიმე ფაქტი, რომელიც საპირისპიროზე მეტყველებს:
1) ბოლშევიკების წინააღმდეგ 1921 წელს რეგულარული ჯარის, სახალხო გვარდიის თუ სხვა დანაყოფების შემადგენლობაში 10 ათასამდე ადამიანი იბრძოდა. 2) საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობა გასაოცრად მრავალფეროვანი იყო, მასში შედიოდნენ სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალ-რევოლუციონერები, სოციალ-დემოკრატები და დეპუტატებიც კი „დაშნაკცუთიუნიდან“და მრავალი სხვა. 3) საქართველოს სახალხო გვარდიაც და ჯარიც, ფაქტობრივად, სწორად მშრომელთა და მუშათა კლასის წარმომადგენლებისგან შედგებოდა; სახალხო გვარდიის სარდალი, გმირი ვალიკო ჯუღელი 1916-17 წლებში რუსეთში სოციალისტებისა და ბოლშევიკების მხარდამხარ იბრძოდა მუშათა კლასის გასანთავისუფლებლად, იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი;
რაც შეეხება მითს, რომელიც ქართველების მარტივ დამარცხებას, ჩაბარებასა და მხოლოდ რამდენიმე იუნკერის თავდადებას ეხება. გავიხსენოთ, რომ 1921 წლის 18 თებერვალს იაღლუჯასთან ქართველმა მეომრებმა საბრძოლო წარმატება მოიპოვეს. მათ მტერი ქოროღლის ციხის, კუმისისა და ვაშლოვანის იქეთ განდევნეს. 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ რუსების უპირატესობა აშკარა იყო, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა – ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ. 19 თებერვალს თბილისში რუსული არმიის ქვემეხების ხმა ისმოდა. თუმცა, ქართული არტილერიის დამსახურებით, 2-3 დღეში ჩვენი მებრძოლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და 1500 ადამიანი დაატყვევეს. 20 თებერვალს კოჯორთან მე-11 წითელი არმიის დანაყოფები ისევ დამარცხდნენ, მათ ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.
მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც ქართული გენერალური შტაბის ცნობა, რომელიც civil.ge-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ის ასახავს თავდადებულ საერთო ბრძოლას, ბოლშევიკებისთვის გაწეული წინააღმდეგობის მასშტაბსაც და მთელი საქართველოს ჩართულობასაც ამ უთანასწორო ომში: „თბილისის პოზიციებზე დამარცხებული მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე რაზმმა გუშინ საღამოს აიღო სოფელი კუმისი და წალასყური. სოფელ კუმისთან ღამის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ მტრის 8 ტყვიისმფრქვეველი, 3 ოფიცერი და 53 წითელარმიელი. სოფელ წალასყურთან მტერს წავართვით სასროლ მასალათა ყუთი ყუმბარებითა და ვაზნებით. გზა და გზა ჩვენი ჯარი ხედავს აშკარა ნიშნებს მტრის სრული არევ დარევისა და დიდი ზარალისას. კახეთში ადგილობრივმა გლეხებმა დაიწყეს სასტიკი პარტიზანული მოქმედება ბოლშევიკების ცხენოსანი რაზმის წინააღმდეგ. მტერმა დარიალშიაც სცადა ჩვენს მოწინავე პოზიციებთან მოახლოება, მაგრამ უკუგდებულ იქმნა.“
ასეთივე უამრავი ფაქტი, ისტორიული ცნობა და სხვადასხვა გარემოება არსებობს. თუმცა, როგორც ვხედავთ, 100 წლის წინაც ის ბოლშევიკები, რომლებსაც უბრალოდ ეროვნება არ გააჩნდათ, იყენებდნენ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ყველაზე ქმედით იარაღს-მასების ცნობიერებაში სასურველი იდეოლოგიის ჩანერგვის ტექნიკას, ბოროტების სიკეთედ მონათვლისა და „ჩაგრულების“ განთავისუფლებისთვის მორგებულ ცრუ მანტიას. ფაქტია, რუსეთის საბჭოთა იმპერიის ბელადები შესაშურად ფლობდნენ მასებზე ზემოქმედების ტექნიკას; იმ იმპერიის მემკვიდრეები დღესაც აგრძელებენ ამ „ხელოვნების“ ოსტატურად გამოყენებას. დღესაც ხომ კრემლს კვლავ თავი მოაქვს „განმანთავისუფლებელისა“ და „მშვიდობისმყოფელის“ პოზიციით, როცა მოგონილი საბაბით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, როცა ყირიმის ოკუპაციას ახდენს და იქ თავისთვის სასარგებლო რეფერენდუმს ატარებს, როცა უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონების ოკუპაციას ახდენს და რუსი ეროვნების მოსახლეობის დაცვას საბაბად იყენებს.
რამდენი 70 ან 100 წელიც უნდა გავიდეს, რაოდენ თავბრუდამხვევიც უნდა აღმოჩნდეს ბოლშევიკური მითები, ქართველების მეხსიერებაში არასოდეს უნდა წაიშალოს ისტორიული მეხსიერება იმის შესახებ, თუ ვინ წაგვართვა დამოუკიდებლობა; იმის შესახებ, რომ 1921 წელს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსეთი თავს დაესხა, რომ საქართველოს არა თითო-ოროლა, არამედ ათასობით მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი, გივი ღამბაშიძე, ვალიკო ჯუღელი, გიორგი კვინიტაძე და სხვა ასეთი გმირები ჰყავდა; რომ ზუსტად ამ გმირების ცოცხალ ემოციას წარმოადგენს პოეტის სიტყვები- წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ