13:48 27.02.2021
ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად მუშაობს ვაშინგტონში, ვიდრე ხელისუფლება - გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ლინკოლნ მიტჩელის განცხადებას ეხმაურება:


"ლინკოლნ მიტჩელი - მე რომ ქართველი ვიყო, შემაშფოთებდა ის გარემოება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, თითქმის 20 წელია ცდილობენ ვაშინგტონში გავლენა მოახდინონ შეხედულებებზე და ვაშინგტონში ამას უფრო მეტად აკეთებენ, ვიდრე სხვა დასავლეთ ევროპულ დედაქალაქში. როცა ხედავ კონგრესმენს, რომელიც საუბრობს საქართველოზე და იმეორებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, შეცდომა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ამის უკან აუცილებლად ფული ან რომელიმე ლობისტი დგას, რომელმაც ეს მოაწყო, თუმცა იქნებოდა უფრო ზუსტი, გვეფიქრა, რომ ამ კონგრესმენის აზრები საქართველოზე ფორმირებულია მაგალითად იმ არაერთ ადამიანთან, მაგალითად ქართველთან საუბრის შედეგად, რომლებიც ახლოს არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქართველი რომ ვყოფილიყავი შევშფოთდებოდი იმაზე, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად. კიდევ ერთი რამ, რაზეც შეკითხვა მიჩნდება, არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო მეტს საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში.


გარკვეულ წილად ვეთანხმები ბატონი მიტჩელის ამ მოსაზრებას, იმ ასპექტში, რომ ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად მუშაობს ვაშინგტონში, ვიდრე ხელისუფლება.


ცხადია ზოგიერთი კონგრესმენის შეხედულებები ფორმირებულია იმ "ქართველებთან" ურთიერთობით, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ და ბუნებრივია საქართველო წარმოჩინდება,  როგორც ავტოკრატიისკენ მიმავალი ქვეყანა.


მხოლოდ ეს ფრაზაც კი ადასტურებს ნაციონალური მოძრაობის "საქმიანობის" მთავარ მიმართულებას - იფიქრონ არა ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელ თემებზე, არამედ რევანშით, ძალადობრივი რევანშით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის მზად არიან დადგან სისხლიანი სპექტაკლები და ჩვენს პარტნიორებს ეს დაანახონ როგორც ხელისუფლების ძალადობა.


არადა რეალობა კი ის არის, რომ საქართველოში ქვეყნის განვითარების მიმართულებას ირჩევს ხალხი. ქართველი ხალხი და არა ნაცების ნარატივით მოსაუბრე კონგრესმენი, რომელსაც ნაცებისგან თანხამიღებული ლობისტური კომპანია აძლევს იმ ტექსტს, რაც რევანშისტებს სურთ,"- წერს ის.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge