დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ორივე მხარე ერთი გემის მგზავრები ვართ, რომლის გაყოფას თუ ვეცდებით, საერთოდ ჩავძირავთ გემს - ვასილ მაღლაფერიძე 01.03.2021 01:36

ვასილ მაღლაფერიძის პოსტი:

თუ დავაკვირდებით, საქართველოში ბოლო დღეებში არსებითად იმაზე ვკამათობთ, ყოველთვის უნდა დავემორჩილოთ კანონს, თუ სხვადასხვა საბაბით და პირადი გადაწყვეტილებით, შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ ხოლმე და კანონის დაცვაზე უარი ვთქვათ. კამათში ძირითადად პოლიტიკაში დასაქმებული ადამიანები მონაწილეობენ, თუმცა, ამ კამათის შედეგი თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ფონზე მიდის ეს კამათი. რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, საქართველო მხოლოდ პოლიტიკურად კი არ არის გაყოფილი ( ამას ეშველებოდა), არამედ გაყოფილია კულტურულად, მსოფლმხედველობრივად, ეთნოფსიქოლოგიურად და საერთოდ ყველანაირად. განვსხვავდებით წარსულისა და მომავლის აღქმით, ცხოვრების წესით, ღირებულებებით, შეხედულებებით, გემოვნებით და თითქმის არაფერი გვაერთიანებს - არაფერი ერთმანეთის სიძულვილის გარდა.
კი, თითქოს ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ცალკე აღებული სიტყვების მნიშვნელობაც გვესმის, მაგრამ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული წინადადებებიდან შინაარსი და აზრი ვერ გამოგვაქვს - რაც ერთ მხარეს სიკეთედ მიაჩნია, მეორესთვის ბოროტებაა და - პირიქით. ერთი მხარის ცხოვრების წესი და მსოფლაღქმა გამორიცხავს მეორისას და ამის შედეგია, რომ ერთმანეთს მტრად და საფრთხედ აღვიქვამთ და ერთმანეთის საქართველოში ცხოვრებას ტრაგედიად მივიჩნევთ. არც ერთმანეთის შეცვლა და გადასხვაფერება გამოგვივა - ქართველების ახალ ადამიანებად ძალდატანებით გადაკეთების ექსპერიმენტი ერთხელ უკვე ჩავარდა და არც მომავალში გამოვა მაგ საქმიდან რამე.
ასეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში - სახეზე გვაქვს სიღრმისეული მსოფლმხედველობრივი კონფლიქტი და ურთიერთმიუღებლობა, ამიტომ ფუჭად დარჩება ერთიანობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა და სენტიმენტალური მოწოდებები ქართველების ერთად ყოფნის შესახებ. სრულიად ნათელია, რომ არც ერთ მხარეს არ გვინდა მეორესთან გაერთიანება ან ინტეგრირება და ასეთი მცდელობები მხოლოდ აგრესიას იწვევს. უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ერთმანეთის არ გვესმის და ვერც უახლოეს მომავალში გავუგებთ - ასეთია მოცემულობა. თუმცა, ასევე მოცემულობაა ისიც, რომ ორივე მხარე ერთი გემის მგზავრები ვართ, რომლის გადახერხვას და გაყოფას თუ ვეცდებით, საერთოდ ჩავძირავთ გემს. ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, სხვა გზა არ გვაქვს, თანაარსებობის ისეთი ფორმა უნდა ვიპოვოთ, რომელიც გემს არ დააზიანებს.
რა შეიძლება იყოს ეს ფორმა?! საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოქალაქეებს ფაქტობრივად გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება აქვთ, დაშვებულია ნებისმიერი ვერბალური შეურაცხყოფა საჯაროდ, სოციალური ქსელებით და მედიით. ასევე სრული თავისუფლებით სარგებლობს მედია და ყველა მხარეს შეუზღუდავად შეუძლია ნებისმიერი აზრის მიტანა საზოგადოებამდე. ანუ ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი იდეების თვითგამოხატვის სივრცე. ასეთი იდეების გამოხატვის ადგილი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტიც, მაგრამ პარტიების ერთმა ნაწილმა ამაზე უარი განაცხადა და ესეც მოცემულობაა.
ასე რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დაწერილი (ასეთია კონსტიტუცია!) და დაუწერელი ეროვნული შეთანხმების მთავარ თემას წარმოადგენს კანონისადმი მორჩილება. მხოლოდ კანონის ფარგლებში დარჩენა წარმოადგენს (მით უმეტეს, ესოდან პოლარიზებულ საზოგადოებაში!) მხარეთა მშვიდობიანი თანაარსებობის ერთადერთ ფორმას და ეს გამომდინარეობს ნებისმიერი მოქალაქის თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან. ვინაიდან, კანონისადმი დაუმორჩილებლობის პრეცედენტები გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და დანარჩენი მოქალაქეებიც და ჯგუფებიც ასევე კანონის გვერდის ავლით მოინდომებენ საკუთარი პოლიტიკური და სოციალური იდეების რეალიზებას და, როგორც ხდება ხოლმე, მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორებასაც. ასე რომ, განსაკუთრებული გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება დღეს შედის როგორც ცალკეული მოქალაქეების, ისე პოლიტიკური ჯგუფების და მთელი საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებში. ალბათ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ცალკეულ "ცხელ თავებს" ვუსმენთ ხოლმე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ