15:47 01.03.2021
პოლიტიკური კრიზისის იმიტაცია - ოპტიკური ილუზია, როგორც "ბაბლის" პრობლემა

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის იმიტაციას ქმნის დაახლოებით 50-დან 70-დე პოლიტიკურად აქტიური პერსონა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან რამდენიმე პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში და განუწყვეტლივ ცირკულირებენ 4-5 ტელევიზიის ეთერში - სტუდიიდან სტუდიაში, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება” საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


"შესაბამისად, "პოლიტიკური კრიზისი" ხმაურიანად ცოცხლობს მხოლოდ ამ ტელევიზიების ეკრანებზე და არანაირი შეხება არ აქვს ხალხთან - უკანასკნელი საპროტესტო მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა.


ხალხი ცხოვრობს საკუთარი პრობლემებით, რომლებზეც პასუხს თხოვს ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" მიერ ამ პრობლემების მოგვარების ხარისხის გათვალისწინებით უყალიბდება აზრი ხელისუფლებაზე (ბრაზობს ან კმაყოფილია).


ხალხმა, ასევე, იცის, რომ ოპოზიცია იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და ვინაიდან ასეთი ოპოზიციით "ოცნების" ჩანაცვლების შემთხვევაში (მითუმეტეს მიტინგურ-რევოლუციური გზით), საკუთარი (ნამდვილი) პრობლემების მოგვარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს, ერთ ჯოულ ენერგიასაც არ ხარჯავს ასეთი ცვლილებისათვის.
სულ ეს არის ქართული პოლიტიკის ნამდვილი და არა იმიტაციური ანატომია!

 

რაც შეეხება კრიზისის იმიტაციას და მის გამოძახილს:


მართალია, პოლიტიკური კრიზისი არ სცდება ამ მედიებით ორგანიზებულ მცირერიცხოვან "ბაბლს", მაგრამ სწორედ ეს ბაბლი დროდადრო ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ, რის შედეგადაც ვიღებთ არარსებული "პოლიტიკური კრიზისის" ოპტიკურ ილუზიას და ამ ილუზიის საერთაშორისო რეზონანს ანუ "დროებით გაფართოებული ბაბლის ეფექტს".


"ბაბლი" ყოველთვის სკდება, ასეთია მისი ბუნება, რადგან ის ვერავის ატყუებს საკუთარი თავის გარდა. გასკდება თუ არა მორიგი "ბაბლი", კრიზისის თაობაზე შექმნილი ოპტიკური ილუზიის საერთაშორისო ეფექტიც მომენტალურად დასრულდება", - წერს ლაშა ნაცვლიშვილი. 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge